ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ვერავინ მეტყვის, ვერ დამიმტკიცებს და დამისაბუთებს, რომ როდესმე ვინმესთან აგრესიულად მივედი და ჩემგან რაიმე აგრესია იყო პროვოცირებული.
ყველაფერი, ყვირილი და ამბები დიაკვნების საკითხით დაიწყო. რა ვთხოვე მე მათ? თავიანთი მოვალეობის შესრულება. დიაკვანი არის იმისთვის, რომ ეკლესიაში იმსახუროს. ეკლესიაში მსახურება, პირველ რიგში, არის ეპისკოპოსთან მსახურება. თუ ვინმეს ამ საკითხზე არ აქვს ინფორმაცია, გეტყვით, რომ მოციქულთა საქმეში პირდაპირ წერია, როგორ მოხდა დიაკვნების გამორჩევა. ისინი გამოარჩიეს იმისთვის, რომ მათ შეემსუბუქებინათ მოციქულების საქმიანობა. დღევანდელ დღეს, მოციქულების მოვალეობას ასრულებენ ეპისკოპოსები. ასე გვასწავლის ეკლესიის სწავლება. მღდელმთავარმა უნდა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე.
როცა მოვედი, არცერთი დიაკვანი არ დამხვდა, არადა, აღმოჩნდა, რომ 5 დიაკვანი ყოფილა.
ერთმა მითხრა, რომ ავად ვარო და რაღაც პირობებს მიყენებდა. აქედან გამომდინარე, მათ მიმართ, ვინც კატეგორიულად უარს ამბობდა, მომიწია, რომ ხანგრძლივი შეგონების შემდეგ, მსახურების შეჩერება გამომეყენებინა. სხვა გზა არ დამიტოვეს.
ვიცოდი, რომ იყო ერთი ჯგუფი, რომელსაც განზრახული ჰქონდა კითხვების დასმა და შევეცადე, ამ კითხვებზე პასუხების გაცემას. გვინდოდა ეს სამღვდელოების შეკრებაზე მომხდარიყო და ამაზე უკეთესი ტრიბუნა, სად იქნებოდა, როდესაც ადამიანს შიდა საკითხები გაქვს გასარკვევი. კითხვები გაქვს და პასუხები გინდა. დავიწყეთ ეს კრება, ვისაუბრეთ, კითხვები დასვეს, არ უნდოდათ, პასუხები მოესმინათ. დაიწყო ყვირილი, წივილი, კივილი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არავითარი შიდა დაპირისპირება, ჩხუბის სახით არ ყოფილა. იყო სიტყვიერი შეკამათებები ერთმანეთის მიმართ. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, დამემშვიდებინა ყველა და მშვიდ ვითარებაში ყოფილიყო ეს ურთიერთობა, რამდენადაც შევძელი, მოვახერხე. შემდეგ როგორღაც, სიგნალი მიეცათ, შიგნიდან, გარედან და შემდეგ ერთობლივი შემოტევა წამოვიდა.
ტერიტორიაზე, რომელზეც შემოსვლა არ შეიძლებოდა, აივანზე, რომელიც საჯარო სივრცე არ არის, შემოიჭრა ამ ხალხის ნაწილი. ისინი იმ ადამიანების მიერ იყვნენ მოყვანილი, რომლებიც კრებაზე ჩხუბობდნენ. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა. ფანჯრების მტვრევა დაიწყეს, მათ კრების დარბაზის კარი გააღეს, რასაც ცნობილი ინციდენტი მოჰყვა. მედიის წარმომადგენლები აივნიდან გადაცვივდნენ. შემდეგ ეს უნდოდათ ჩემთვის დაებრალებინათ, რომ ჩემი ლოცვა-კურთხევით, იქ ვინმე დაზიანდა; რომ მე ვუთხარი, დაეტაკეთ იმ კარს და გადაყარეთ ისინი და ასე შემდეგ…
ზოგიერთმა ტელევიზიამ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა… ზოგმა – შეგნებულად, ზოგმა – შეუგნებლად. ყველა საინფორმაციო გადაცემაში, რომელიც 8 მარტს იყო, „ტვ პირველის“, „მთავრი არხისა“ და სხვა ტელევიზიების ეთერში, ჩანს მიკერძოება.
წუთების მიხედვით შემიძლია დაგანახოთ, როდის არ იცოდნენ, ჯერ რა ეთქვათ, შემდეგ გადაცემებში რაღაც კადრები ქრებოდა, ერთმანეთს ედებოდა განსხვავებული ხმა და კადრები, საბოლოო ჯამში, ამ მანიპულაციებით, საშინელ მონსტრად და დამნაშავედ გამოვყავდი. ჩემი მონსტრად გამოყვანის ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდა. ვირტუალური რეალობა არაა რეალობა, რომელსაც შენ ქმნი. როცა ჩვენ რაიმე კადრს ვდებთ, ამას ვდებთ დაუმონტაჟებლად…”
შეგახსენებთ, 8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს, ეპარქიის რეზიდენციის აივანი ჩაინგრა, რის შედეგედაც, დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, მათ შორის „ფორმულას“, POSTV-ის, „ტვ პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები.
კომენტარები