ლანჩხუთში ალტ-ინფოს ოფისი 12 მარტს გაიხსნა და მას ადგილობრივი მკვიდრი გია გოთუა ხელმძღვანელობს. გოთუა შპს იბერია 7-ს ფლობს, რომელსაც სახელმწიფო ტენდერებში მილიონობით ლარის შესყიდვა უფიქსირდება – კერძოდ, 2011 წლიდან დღემდე 10,937,000 ლარის ტენდერი და 403,779 ლარის გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული. გოთუამ პარტიის ოფისი მისი კომპანიის ოფისში განათავსა. გახსნის დღიდან ამ ოფისში აქტივობა არ ფიქსირდება. გია გოთუა წარსულში ლანჩხუთის გამგებელიც იყო. 90-იან წლებში ის ჯაბა იოსელიანის მომხრეებმა რაიონის ხელმძღვანელად დანიშნეს.
აღსანიშნავია რომ მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში, მისმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ორ ტენდერში. 2022 წლის 1 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სოფელ ნიჩბისში წყლის სისტემის მოწესრიგებას შეეხებოდა, გოთუას შპს იბერია 7-მა გაიმარჯვა და მასთან 72,000 ლარის ოდენობის ხელშეკრულება გაფორმდა.
აგრეთვე მისმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციალიტეტის მიერ 2022 წლის 24 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ქალაქის კონკრეტულ მონაკვეთზე კანალიზაციის მოწესრიგებას შეეხებოდა. ამ ტენდერში გოთუას კომპანიამ აგრეთვე გაიმარჯვა და მასთან 72,000 ლარის ოდენობის ხელშეკრულება გაფორმდა.
საბოლოო ჯამში ალტ-ინფოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ გია გოთუას კომპანიამ 144,000 ლარის შესყიდვა მიიღო სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან. მანამდე 2011-2022 წლებში მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 11,340,000 ლარი აქვს მიღებული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით. აღსანიშნავია რომ მოგებული 77 ტენდერიდან, 44-ში, მისმა კომპანიამ ან უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.
ხოლო ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვებით, გია გოთუას კომპანიამ 403,779 ლარი მიიღო.
იმის გათვალისწინებით რომ ქართულ რეალობაში პრაქტიკულად არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ან ცენტრალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები სახელმწიფო ტენდერებში მილიონობით ლარის ტენდერს იგებენ, მით უმეტეს მორგებული პირობებით, ზემოთ აღნიშნული შემთხვევა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია პრორუსული პარტიის საქმიანობა და ის სულაც არ არის ოპონენტ პოლიტიკურ პარტიად აღქმული.
წყარო:
-
https://tendermonitor.ge/ge/organization/30239?page=32 – მოგებული ტენდერები
-
233733582 – შპს ივერია 7
-
https://gurianews.com/alt-inphos-ophisis-maluli-gakhsna-lanchkhuthshi-da-akhalgazrdebis-protesti/ – ინტერვიუ
-
https://tenders.procurement.gov.ge/ – ტენდერები
https://www.facebook.com/gia.gotua.1 – გოთუას ფბ
კომენტარები