ბელორუსის მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ტერაქტის მცდელობაზე სიკვდილით დასჯის შემოღების კანონს ხელი მოაწერა.
კანონი ხელმოწერიდან 10 დღის შემდეგ ამოქმედდება. ტერაქტის ჩადენის მცდელობაში დადანაშაულები პირები სასჯელის სახით, შესაძლოა, დახვრიტონ. ახალ კანონში აღნიშნულია, რომ დანაშაულისთვის მომზადება სიკვდილით დასჯას არ ექვემდებარება.
აქამდე, ბელარუსში სიკვდილით დასჯა ტერაქტის ჩადენის შემთხვევაში არსებობდა.
ლუკაშენკოს ხელმოწერამდე, კანონპროექტმა გამოიარა ბელარუსის პარლამენტის ორივე პალატა. პარლამენტმა სიკვდილის მისჯის კანონის გაფართოებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც აქტივისტებმა ბელარუსში სარკინიგზო ხაზების დაზიანება სცადეს, რათა რუსეთს უკრაინაში ძალების ბელარუსიდან გადაყვანა გართულებოდა.
“დესტრუქციული ძალები აგრძელებენ ტერორისტულ და ექსტრემისტულ აქტივობას ბელარუსში სიტუაციის დაძაბვით, საშინაო სტაბილურობისა და კონფლიქტების პროვოცირებით… იღებდენ ზომებს სარკინიგზო კუთვნილებისა და რკინიგზის, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მწყობრიდან გამოსაყვანად. ტერორისტების ქმედებებს გამართლება ვერ ექნება”. – ამბობდა ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ვლადიმირ ანდრეიჩენკო გასულ თვეში.
კომენტარები