“ივანიშვილი, ჯერჯერობით, ამ ყველაფერს ღიმილით უყურებს”
ამას წინათ, ერთმა დეპუტატმა თქვა, ჟურნალისტები ხმაურს რომ ტეხთ, არიქა, დეპუტატები კორუფციაში არიან ჩართულები, სკამები არ ეთმობათ, რეალურად ასე არ არის და ჩვენ ქვეყნის ბედი გვაღელვებსო. ამაზე მარტივად გეტყვით – ნებისმიერი მოქმედი მაჟორიტარი მზად არის, დეპუტატობის სანაცვლოდ მინიმუმ მილიონი ლარი გადაიხადოს. დეპუტატების წლიური ხელფასი დაახლოებით 60 ათასი ლარია, ანუ ოთხ წელიწადში ისინი მეოთხედ მილიონსაც ვერ იღებენ, ანუ იღებენ იმაზე ოთხჯერ ნაკლებს, ვიდრე მზად არიან ერთჯერადად გადაიხადონ და როგორ დავიჯერო, ფულს ქვეყნის სიყვარულში იხდიან და არ აქვთ იმის იმედი, რომ იმ მილიონს მინიმუმ (ვიმეორებ, მინიმუმ) ორმაგად ამოიღებენ? არა ბატონებო, სწორედ რომ მილიონებისთვის გსურთ ეგ ადგილები და არ გინდათ ახლა საუბარი პატრიოტიზმსა და ქვეყნის სიყვარულზე. ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება, ოპოზიციაც მშვენივრად ყიდის გამსვლელ ადგილებს და ფასი იქაც მინიმუმ მილიონია. ჰო, პარტიულ ყულაბებში ოფიციალურად შესული 3-4 მილიონი და რეალურად დახარჯული ათეულობით მილიონი კიდევ ცალკე არითმეტიკაა.
გასული კვირის მთავარი პოლიტიკური თემა გიგი უგულავას დაკავება იყო. კაცს რამდენიმე ათეულ მილიონს ედავებიან და მოხდილი წლების გამოკლებით, ახლა სამი წელი მისცეს. აბა დაფიქრდით, რამდენი ადამიანი დაჯდება თუნდაც მილიონად რამდენიმე წლით ციხეში? რამდენი და ნახევარი საქართველო და აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რამდენი მისცეს უგულავას, არამედ იმაზე, რომ ეს გაფლანგული ფული თუ არსებობს, ე.ი. სადღაც წაიღო და არ გინდათ, რომ მოატანინოთ? თუ არადა, წელიწადი მინიმუმ 10 მილიონი გამოუდის მაგ კაცს და მიეცით მაგის მეათედი ნემისმიერ მოკვდავს, ჩაჯდება ციხეში და მოქსოვს წინდებს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტივით. პრეზიდენტყოფილი კი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და დიდი ალბათობით, ისიც ლელოს დადებას შეეცდება. ასევე უდიდესი ალბათობით, იმავე ლოლოს დადებას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც შეეცდება და ეს ლელო რაღაცნაირად ყოფილების თავშესაფარს ემსგავსება – ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი ბანკირი… საინტერესო გუნდი იკრიბება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი ფინანსური რესურსების მიუხედავად, აუცილებლად ფართო სპექტრით მოხვდება პარლამენტში.
სამაგიეროდ, პარლამენტში აუცილებლად მოხვდება „ქართული ოცნება“, საკითხავი მხოლოდ ის არის, რა ოდენობის მანდატს მიიღებს მმართველი გუნდი. ბიძინა ივანიშვილის დათვლითა და გავლით, მანდატების რაოდენობა ასზე ნაკლები არ უნდა იყოს და ეს ერთადერთ შემთხვევაში არ მოდება – თუ კონსტიტუცია შეიცვლება და ჩაიწერება, რომ არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. 73/77-ზე, ანუ რაც ახლა არის, იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 70 მანდატს მაჟორიტარულ ოლქებში სწორედ „ოცნება“ მოიგებს, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ 50%-იან ბარიერს გადალახავს და პროპორციული სისტემიდან კიდევ 38 მანდატს დაიმატებს და შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობასაც გამოკრას ხელი. 50/100-ზე კი ისევ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ამ გათვლით, მმართველი გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს, რომ 50-ვე გამსხვილებული ოლქი მოიგოს, რაც ისევ იმას ნიშნავს, პარტია რომ 50%-ს გადალახავს და პროპორციულიდან კიდევ 50 მანდატს დაიმატებს. ეს ასი მანდატი კი მოქმედ ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს, ანუ გამორიცხოს კოალიციური მთავრობის შექმნა. თავის მხრივ, მოვლენების ასე განვითარება იმის საწინდარიც გახდება, რომ 2021 წლის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ისევ „ქართული ოცნება“ მოიგებს და 2024 წლამდე მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას.
„ამერიკიდან დაბრუნებულმა არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენების დანაბარები კი ჩამოიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა. თალაკვაძე შტატებში ერთადერთი მიზნით იყო წასული – მას უნდა გაერკვია, ხომ არ არსებობდა იმის საფრთხე, რომ ამერიკელები სერიოზულად ჩაერეოდნენ ქართულ შიდა ამბებში და მოვლენებს განავითარებდნენ ისე, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. თალაკვაძემ უკვე უთხრა ივანიშვილს, რომ ამის ნიშნები არ არის და მართალია, შტატებში შეშფოთებულები არიან, მაგრამ ზომიერად და ქირურგიულ ჩარევას არ აპირებენ. დიდწილად, ეს იმით არის განპირობებული, რომ ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს ძალა, რომელსაც ხალხის მასა მხარს დაუჭერს და საჭიროების შემთხვევაში, ბოლომდე გვერდში დაუდგება“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დრო გაწელოს და მოლაპარაკებები ან 50/100-ისკენ წაიყვანოს, ან დატოვოს ისე, როგორც არის. უმრავლესობაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ პარლამენტი ვადებში ვერ ჩაეტევა, რადგან 50/100-ზე რომც მიიღონ კანონი, ამას სამი მოსმენით სჭირდება კენჭისყრა და რაც მთავარია, სამივე შემთხვევაში, საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო. ამას გარდა, დაზუსტებული ინფორმაციით შეგვიძლია გითხრათ, რომ გუნდის შიგნით არიან დეპუტატები, რომლებსაც არანაირად არ ეპიტნავებათ ამ სისტემაზე გადასვლა და ისევ არსებული კანონის დატოვება სურთ. ვისაც ჰგონია, რომ ეს დეპუტატები ივანიშვილს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, გაიხსენეთ ის პროცესი, რომელიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უძღოდა წინ და მიხვდებით, რომ მორიგი სპექტაკლისა თუ რეალობის გათამაშება, მმართველ გუნდს არ გაუჭირდება. მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა 1 მარტისთვის ხელისუფლებას საქართველოს მასშტაბით ყველა შტაბი ექნება დაკომპლექტებული და არჩევნები ერთ კვირაშიც რომ ჩატარდეს, მზად იქნება. ეს იმ პირობებში, როცა ოპოზიციამ ისიც კი არ იცის, როგორ მივა არჩევნებამდე, დააყენებენ თუ არა საერთო კანდიდატს და ზოგადად, რამდენად რეალურია ის, რომ ეს ერთი კანდიდატი დაეჯახოს მმართველი გუნდის წარმომადგენელს? ხომ ცხადზე ცხადია, რომ ცალკე იქნება „პატრიოტთა ალიანსი“, აუცილებლად იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები და აუცილებლად არარეალურ კვოტას მოითხოვს ლეიბორისტული პარტია. შალვა ნათელაშვილმა გასაგებად თქვა, რომ გაერთიანებისა და საერთო კანდიდატის შემთხვევაში, მას მინიმუმ 10 ოლქი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებულ 31 პარტიას, პრაქტიკულად 2 ოლქიც არ რჩება და ეს იმ პირობებში, როცა საკუთარი ამბიცია ექნება ნაციონალურ მოძრაობას.
„მოქმედი დეპუტატების უმრავლესობა შეთანხმებულია იმაზე, რომ ბოლომდე ამ სისტემით მივიდნენ. ასეთ შემთხვევაში, გუნდს გარანტირებული ასი ადგილი და ამას გარდა, ძველი პრივილეგიები ექნება. ამიტომაც არის, უმრავლესობის შეხვედრებზე ისინი ხმამაღლა რომ ამბობენ, რომ კონკრეტულ დროს წინააღმდეგ წავლენ და მათ ვერავინ ვერაფერს ეუბნება, რადგან გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ ეს იდეალური გამოსავალი სწორედ ეს არის. ივანიშვილი ჯერჯერობით ამ ყველაფერს ღიმილით უყურებს, მაგრამ ისე ჩანს, არც ის არის წინააღმდეგი, რომ არსებული სისტემა დარჩეს. მითუმეტეს ახლა, როცა თალაკვაძემ ამერიკიდან კარგი პასუხი ჩამოიტანა და რამდენიც არ უნდა იძახოს ოპოზიციამ, რომ ამერიკა აღშფოთებულია, მათაც კარგად იციან, საჭირო დროს, ხალხის რაოდენობას ვერ გამოიყვანენ და ამომრჩევლის მხარდაჭერა უბრალოდ არ ექნებათ“, – ასეთია „ოცნების“ ორი ლიდერის მოსაზრება და ისე ჩანს, 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.
ანი დვალიშვილი
ალია №6
კომენტარები