ავღანეთის არმიის სულ მცირე 15 სამხედრო ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმებს ორ პროვინციაში, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ძალადობა გახშირებულია, 20-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად ორ მხარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკება კი შეჩერებული.
დასავლეთის პროვინციის, ფარას გუბერნატორი, ტაჯ მოჰამად ჯაჰიდი აცხადებს, რომ 2 მაისს სულ მცირე შვიდი ჯარისკაცი დახოცეს თავდასხმის დროს. გავრცელებული ცნობებით, ექსტრემისტებმა ერთ-ერთ სოფელში საგუშაგო სადურზე მოაწყვეს აფეთქება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელიც ამბობს, რომ საგუშაგოდან იარაღი წაიღო.
ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ჰერატში თალიბანის 100-ზე მეტმა სამხედრომ მოაწყო შეტევა, რომელიც დაიწყო ორი დანაღმული მანქანის აფეთქებით, – იუწყებიან ოფიციალური პირები. გავრცელებული ცნობებით, შეტაკებებს შეეწირა უსაფრთხოების ძალების რვა წევრი, დაიჭრა ოთხი.
ძალადობის ამ ბოლო შემთხვევების ფონია აშშ-ის არმიის მიერ 1 მაისს ოფიციალურად დაწყებული, ავღანეთიდან გასვლის პროცესი.
2 მაისს ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ექსტრემისტი დაიხოცა და 50-ზე მეტი დაიჭრა ბოლო ორი დღის განმავლობაში – თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია იმის შესახებ, მიადგა თუ არა მსხვერპლი სამთავრობო ძალებს.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები