10 შვილის მამა, შალვა ტაბატაძე:
“თანხით და პროდუქტით გვეხმარებიან ხოლმე ნაცნობებიც და უცნობებიც, მაგრამ ერთი შემთხვევა განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
საღამო იყო, მობილურ ტელეფონზე უცხო ნომრით დამირეკეს. მამაკაცი იყო, ხმადაბლა იკითხა:
-შალვა ბრძანდებით?
-დიახ, გისმენთ.
-თქვენი ნომერი მომცეს, მინდა მცირედით დავეხმარო თქვენს ოჯახს, სად ცხოვრობთ?
– უი, დიდი მადლობა, რატომ წუხდებით?…
-არა, რა შეწუხებაა, ახლა მარჯანიშვილის მეტროსთან ვარ, სად მოვიდე?
-ნაძალადევის მეტროსთან ამოდით და მარჯვნივ გამოყევით გზას, გულრიფშის ქუჩაზე ვცხოვრობთ.
-კარგი. წამოვალ ახლავე.
გავთიშე ტელეფონი დაახლოებით 10წუთში დამირეკა:
– მოვყვები მანჯგალაძის ქუჩას, მალე მოვალ.
უფრო ზუსტად ვასწავლე, რომ არ ეწვალა ჩვენამდე მოსვლაზე. მეც გამოვიცვალე, უმცროსი შვილი ხელში ავიყვანე და სახლიდან გავედი, ვიფიქრე-ქუჩის ბოლოში დაველოდები, არ გაწვალდეს-მეთქი.
ცოტა ხანში ისევ დამირეკა, ბინდდებოდა უკვე, ადამიანის ლანდები ჩანდნენ აქა-იქ. მეც ვიდექი და იმ მხარეს ვიყურებოდი, საიდანაც უნდა მოსულიყო.
-აი, ლიკანის ქუჩასთან ვდგავარ, და მოვდივარ ზემოთკენ.
-კი, კი, სწორად მოდიხართ, ვუთხარი და ცოტა ხანში დავინახე საშუალო ტანის მამაკაცი გვიახლოვდებოდა და თან ტელეფონზე საუბრობდა.
მივედი, მე ვარ-მეთქი_ ვუთხარი და ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. ცელოფნის პატარა პარკი გამომიწოდა, აი ეს მცირედი წამოვუღე ბავშვებსო, კანფეტი ეყარა შიგნით. რაღაცნაირად, უსიცოცხლოდ, საუბრობდა, სახეზეც არ მომეწონა, გადაღლილი იყო თითქოს.
ფული ჩამიკუჭა ხელში-მშვიდობაში მოიხმარეთო- და დავიბენი, ვკითხე: ,,ვინ გითხრათ მეთქი ჩემს ოჯახზე?
– მამა გიორგიმ.
-რომელმა მამა გიორგიმ, ბევრს ვიცნობ მამა გიორგის.
-საბურთალოზე რომ მსახურობსო_ გაიხსენა უფრო დაწვრილებით.
-უი, ჩემი ჯგუფელია, აკადემიაში ვსწავლობდით ერთად-მეთქი.
სახლში დასხდომა შევთავაზე, მაგრამ იუარა, დამემშვიდობა და გატრიალდა. უხერხულად ვგრძნობდი თავს, არ ვეშვებოდი:
– რა გქვიათ, ის მაინც მითხარით, ლოცვებში მოგიხსენებთ-მეთქი.
ამის თქმა იყო და გაშეშდა, ნელა მოტრიალდა და კიდევ ერთხელ დაფიქრდა რაღაცაზე, ისედაც კარგა გვარიანად დაფიქრებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
-კარგი, რაღანდ მასეა, ახლადშესვენებული ბექა მოიხსენეთ, გთხოვთ. _ეს თქვა, გატრიალდა და წავიდა. ახლა მე გავქვავდი, ვეღარაფერი ვუთხარი და მხოლოდ თვალი გავაყოლე მის მხრებში მოხრილ ზურგს. სიბნელეს შეერია მალევე, მეც მოვტრიალდი და სახლისკენ გავყევი გზას, თან ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ნომერი ავკრიფე:
-დამლოცეთ, მამა გიორგი.
– დაგლოცოს ღმერთმა.
მოვუყევი ყველაფერი რაც მოხდა და მანაც სევდანარევი ხმით შემატყობინა:
– მაგისი შვილი, ბექა, ავტოავარიაში მოხვდა, კომაში იყო და გარკვეული დროის შემდეგ გარდაიცვალა.
საშინლად დავძიმდი, გული მეტკინა და წამებში გავიაზრე წელშიმოხრილი და გაუბედურებული მამის ტკივილი, რომელსაც ურჩიეს, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა გარდაცვლილი შვილის სულისთვის და მანაც არ დააყოვნა, გაახარა უცნობი ადამიანები, მათ გულებში უკვდავება მიანიჭა ბექას სახელს აქვე, იქ კი-მარადისობაში, იქაც შეეწევა ეს მოწყალება, რადგან ,,ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ ისინი შეწყალებულნი იქნებიან”.
კომენტარები