ლევან ჯავახიშვილი, ალია
ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი.
– ბიძინა ივანიშვილმა გაიმეტა გახარია, მასთან შეთანხმებით, ირაკლი კობახიძემ და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა გალანძღეს კი არა, მიწასთან გაასწორეს. ამ ეტაპზე, რამდენის სროლაც შეიძლებოდა, იმდენი ტალახი ესროლეს. გახარია ამ ყველაფრის საპასუხოდ რატომ არ იღებს ხმას? საპირისპირო ფაქტებს და არგუმენტებს რატომ არ სდებს და არ ასაჯაროებს, თუნდაც თანაპარტიელების პირით? და რაც მთავარია, რატომ არ ამხელს იმ ყოფილ თანაგუნდელებს, ვინც ამ ბრალდებებს უყენებს?
– ვფიქრობ, სწორედ იქცევა გახარია. მას სჭირდება გარკვეული დრო, რომ მოძლიერდეს. ყოფილ თანაგუნდელებთან სერიოზულ დაპირისპირებაში შესვლა, ამ ეტაპზე არ არგებს. ტაქტიკურადაც სწორია, რომ ასე იქცევა. იმ ამომრჩეველს, რომელიც „ქართული ოცნების“ სამობილიზაციო რესურსია, მოსწონს გახარიას ეს თავშეკავება და ისიც, ტალახს რომ არ ისვრის საპასუხოდ. ამომრჩევლის ამ სეგმენტზე მუშაობს გახარია და პოტენციურად, ამ ხალხის ნაწილი, შესაძლოა, მისი ამომრჩეველი გახდეს. ცხადია, ამ ფაქტორს ითვალისწინებს გახარია და შორს იხედება. ასევე, მისი რესურსები, თუნდაც პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ბევრად ნაკლებია, ვიდრე ხელისუფლებისა. კი, მას გააჩნია კოზირები, მაგრამ ხელისუფლებას უფრო მეტი კოზირი აქვს. კარგი მოთამაშე კოზირებს არ გამოიყენებს ბრძოლის პირველ ეტაპზე, დასაწყისშივე. შემოინახავს და როდესაც ამ კოზირების გამოყენების დრო დადგება, მაშინ გამოიყენებს, ბოლოს, წინასაარჩევნო პერიოდისას. დღეს ეს კოზირები რომ გამოიყენოს გახარიამ, ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მხილება, მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამომზეურებაც რომ დაიწყოს, არჩევნებამდე ეს ბევრს დაავიწყდება. ვფიქრობ, გახარიას აქვს წონადი არგუმენტები და ფაქტები, მაგრამ მათ ჯერ არ იყენებს.
– გამოდის, რომ ამ ეტაპზე გახარიასთვის დუმილი ოქროა?
– ოქროსი რა მოგახსენოთ, მაგრამ სწორი ტაქტიკაა, სწორია, რომ მისი კომპრომეტირების მცდელობას იგივეთი არ პასუხობს.
– კი, მართალია, კოზირებს ბოლოსთვის ინახავენ, მაგრამ გახარია რომ დაიწყებს ამ კოზირების გამოყენებას, მივა ბიძინა ივანიშვილამდე? გაბედავს მის კრიტიკას და მხილებას?
– გახარიას ეს რომ არ უნდა დღეს, ცხადია. დღეს კი უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ჩვენ თუ წავედით მულტიპარტიული დემოკრატიისკენ, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ გახარიას არ უნდოდეს ბიძინა ივანიშვილთან დამაკავშირებელი ყველა ხიდის ჩატეხვა. შესაძლოა, მას კიდევ აქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტნიორობა შესთავაზოს. ჩვენ ახალ პარლამენტში კოალიციებს უნდა ველოდოთ. შესაბამისად, გახარიასა და „ქართული ოცნების“ კოალიცია არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ გახარიამ თვითონ ჩატეხა ხიდი, მაშინ მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან აგრესია მოიმატებს და კოალიციის შესაძლებლობაც გამოირიცხება. თვითონ მოთამაშეებს არ მგონია, ამ მხრივ ჩამოყალიბებული სტრატეგია ჰქონდეთ და შესაბამისად, ზუსტი დიაგნოზის დასმა გამიჭირდება.
– ვრცელდება ხმები, რომ კახა კალაძე დაპირისპირებულია ირაკლი კობახიძის გუნდთან და შესაძლოა, კალაძე გახარიასთან წავიდეს. რამდენად დამაჯერებელია ეს ვერსია?
– ეს ნაკლებად სავარაუდოა, ბევრი მიზეზის გამო. თუმცა, თეორიულად, ეს ტანდემი რომ შედგეს, გახარია–კალაძე, ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება. დღეის მდგომარეობით, პოლიტიკური ტაქტიკის, პოლიტიკური ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო ტანდემი შეიძლება შედგეს, რომელმაც შეეძლება „ოქროს გასაღები“ დაიჭიროს ხელში მომავალი ხელისუფლების ფორმირებისას. ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ კალაძე ამ ნაბიჯის გადადგმას გაბედავს.
– ბატონო გია, გიორგი გახარიამ, „ტვ–პირველზე“, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში, თქვენც გახსენათ, რომ თქვენ გაუწიეთ რეკომენდაცია პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და ამის შემდეგ დაინიშნა ბიზნეს-ომბუდსმენად. ამაზე ადრე „ალიაში“ გაქვთ მოყოლილი და გავახსენოთ მკითხველს, რა და როგორ იყო?
– გიორგი გახარიას მამა მოვიდა და მომიტანა მისი სივი, ის არ იყო საქართველოში. მერე გიორგი გახარია ჩამოვიდა საქართველოში, შევხვდი და გავიცანი. თავად გიორგი გახარიას ინტერვიუში ეს არ უთქვამს, მაგრამ გეტყვით, რა იყო სინამდვილეში. შევხვდი და გვქონდა გასაუბრება. იმ პერიოდში საკადრო შიმშილს განვიცდიდით, გვქონდა ბიზნეს–ომბუდსმენის პოსტზე ვაკანსია და ვეძებდით ადამიანს, რომელიც დააკმაყოფილებდა ორ მთავარ კრიტერიუმს – უნდა სცოდნოდა ბიზნესი და რაც პრობლემატურია საქართველოში, არ უნდა ყოფილიყო რომელიმე ბიზნეს–დაჯგუფების წარმომადგენელი. საქართველოში იცით, როგორც ხდება – ბიზნესი ვისაც ესმის, რომელიმე დაჯგუფებაშია. თუ ბიზნესომბუდსმენი რომელიმე ბიზნესდაჯგუფების წარმომადგენელი იქნებოდა, მისდამი ნდობა სხვა სხვა ჯგუფების მხრიდან იქნებოდა ნაკლები. ანუ, ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის დაცვა იქნებოდა ძნელი. გიორგი გახარია არავის იცნობდა საქართველოში, არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ბიზნეს–დაჯგუფებას და ეს გახდა, ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც მე ჩავთვალე, რომ ის იქნებოდა კარგი კანდიდატი. შევახვედრე მერე პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, შევახვედრე და დავნიშნეთ. აი, ასე მოხდა ყველაფერი.
– ბიზნეს–ომბუდსმენის თანამდებობა თქვენ შესთავაზთ თუ ბიძინა ივანიშვილმა?
– თქვენ ხომ იცით, ჩემი მაშინდელი სტატუსი?
– კი, ბატონო, პრემიერ–მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი ბრძანდებოდით.
– კი, რა თქმა უნდა… მე თავს უფლებას არ მივცემ და იმას არ ვიტყვი, რომ მე დავნიშნე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ჩემს აზრს, უმეტეს შემთხვევაში, ითვალისწინებდა, რბილად რომ ვთქვათ.
– გამოდის, თქვენი მოყვანილია გიორგი გახარია ხელისუფლებაში.
– თუმცა, მიმაჩნდა, რომ ის იყო ბიზნეს–ომბუდსმენად კარგი კანდიდატი. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ შემდგომ მის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს უკვე მისი პირადი დამსახურებაა, პირადი ურთიერთობების შედეგია. არ ვთვლი, რომ გიორგი გახარიას ჩემთან რაიმე ვალდებულებები აქვს.
კომენტარები