მიუხედავად იმისა, რომ იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას კანონი განსაზღვრავს, ადამიანები შეცდომებს უშვებენ, რაც ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება. ეს რამდენიმე დღის წინ, გუდაურში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დროსაც ცხადი გახდა. პირმა, რომელსაც აქვს იარაღი, მასთან მოპყრობა უნდა იცოდეს.
„დღევანდელი კანონის ფარგლებში, თავდასხმის დროს საკუთარი იარაღი რომ გამოიყენო, თუ ვერ დაადასტურებ, რომ თავს იცავდი, შესაძლოა, მხსვერპლი იყო და გამტყუნდე“, – ამბობს ნეტო ბენდელიანმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.
ნეტო ბენდელიანი, საინიციატოვო ჯგუფის, „სპორტული სროლა“ – დამფუძნებელი:
– საქართველოში სასროლი სპორტი ერთ-ერთი წარმატებულია. მსროლელებს არაერთხელ უსახელებიათ სამშობლო ოლიმპიადებსა თუ სხვა საერთაშორისო ტურნირებზე (სალუქვაძე, ჟღენტი, იმნაიშვილი) იარაღის შესახებ კანონის დახვეწასა და განვითარებაზე ზრუნავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათ წარადგინეს პრეზენტაცია საკანონმდებლო ცვლილებებზე, იარაღის შესახებ. ჩანს, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი მკაფიო დამოკიდებულება იარაღის კანონის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
იარაღის ტარების დიდი ტრადიცია არსებობს საქართველოში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, დავკარგეთ იარაღის მოხმარების კულტურა… თითქოს იარაღი სამხედრო პირის ან ძალოვანი უწყების თანამშრომლის კუთვნილებად მიიჩნევა. არა და, თავისუფალ ადამიანს უნდა შეეძლოს თავის დაცვა, მაგრამ ეს იკრძალებოდა 70 წლის განმავლობაში, კომუნისტური წყობის დროს. მას მერე შემოგვრჩა ძველი კანონები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ ერგება დღევანდელ რეალობას.
ზუსტი, ტაქტიკური და პრაქტიკული სროლა, ეს იარაღის მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი სპორტია. თუმცა, მაქსმენები (სამოქალაქო სპორტული მსროლელები) ამბობენ, რომ კანონმდებლობაში არის ბევრი ხარვეზი და უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანი საერთოდ აბსურდულია. პისტოლეტის ყიდვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი იურიდიული ტესტის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ ის ვერ ამოწმებს ამ იარაღს ტირში, რადგან გადატანა ეკრძალება. აქედან გამომდინარე, შენახვის წესების არცოდნის გამო, ბევრი უბედური შემთხვევა დაფიქსირებულა. თუ ვაძლევთ მოქალაქეს იარაღს, მას იარაღის შესწავლისა და გამოყენების უფლებაც უნდა მივცეთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. არიან ისეთები, ვინც ერთობა და ისვრის, მაგრამ არ არის მონადირე. მათ მონადირის კანონი ზღუდავს. დღევანდელი კანონმდებლობით აკრძალულია ასევე ე.წ. მაყუჩების გამოყენება და არ არის განმარტება, რატომ. მით უმეტეს, მაყუჩი არ ცვლის ტყვიის ბალისტიკას და ევროპაში უმაყუჩოდ ნადირობა აკრძალულია. საქართველოში სასროლეთი არ გაგვაჩნია, რადგან დადგენილების თანახმად, უნდა აშენდეს 5-მეტრიანი ქვის ღობე, რაც რეკომენდებული არ არის პირველ რიგში უსაფრთხოების ღონისძიებებიდან გამომდინარე – გვერდითა კედლიდან ტყვიის ასხლეტვის მაღალი ალბათობის გამო, ჯობია იქ საერთოდ კედელი არ იყოს. გარდა ამისა, თუ სასროლეთში შაშხანისათვის სასროლო მანძილი საშუალოდ 600-700 მეტრი იქნება, დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად, სასროლეთის გარშემო უნდა აშენდეს 1.500 მეტრის სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის ღობე, რისი მოწყობაც ნებისმიერი ინვესტორის პირობებშიც კი წარმოუდგენელია.
რელოურინგი არის ვაზნის გადატენვა (სასროლად გამზადება), თუნდაც ნადირობისთვის. მთელ მსოფლიოში ეს დაშვებულია და ჩვეულებრივ პროცედურად ითვლება. ჩვენათან ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ჩანაწერები არის დარჩენილი კანონში, რომელიც განმარტავს, რომ საბრძოლო მასალის დამზადება ისჯება და ხრახნულიანი იარაღის ტყვიაც საბრძოლო მასალად არის განხილული. პრობლემებია იარაღის აქსესუარებთან დაკავშირებითაც. ადრე იარაღის აქსესუარების შეძენა შესაძლებელი იყო, თუნდაც გამოწერის სხვადასხვა საშუალებებით. ამ ეტაპზე საქართველოში აკრძალულია, – იარაღის აქსესუარები ვერ შემოდის ასევე საბაჟოზე. იარაღის სახელურის, ოპტიკის, სამიზნეს შეძენა კანონით შეუძლებელია, მაგრამ ამ ყველაფერზე არ არის ოფიციალური განმარტება, თუ რატომ იზღუდება.
საქართველოში იარაღის ტარების ლეგალიზება ბევრს ისე ესმის, თითქოს მივიღებთ კანონს და მეორე დღესვე ყველას შეეძლება იარღის ტარება… საამისოდ მთელი რიგი პროცედურები უნდა გატარდეს. იარაღის ქონა და შემდეგში ტარების უფლება უნდა მოხდეს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმებით. დღევანდელი კანონის გათვალისწინებით, თავდასხმის დროს საკუთარი იარაღი რომ გამოიყენო, თუ ვერ დაადასტურებ, რომ თავს იცავდი, შესაძლოა მხსვერპლი იყო და გამტყუნდე.
ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც იტყვის, რომ ისედაც უამრავი მკვლელობა ხდება და კანონის ლიბერალიზაცია კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. კრიმინალს თუ სჭირდება, ყოველთვის იშოვის შავ ბაზარზე იარაღს. ამერიკის იმ შტატებში, სადაც იარაღის ტარება არის ლეგალური, ნაკლები მკვლელობა ხდება, ვიდრე ნიუ-იორკში, სადაც მკაცრი წესებია. პისტოლეტი თავდაცვის საშუალება უნდა იყოს და არა- მკვლელობის. შესაძლებელია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ კანონმორჩილ მოქალაქეს ექნება თავდაცვისთვის იარაღის ტარების უფლება, განსაზღვრული პერიოდით (1 – 2 წლით). ოღონდ მხედველობაში უნდა მიიღონ მოქალაქის პროფესია და მიმდინარე საქმიანობა, ცოდნა და გამოცდილება, წარსულში ჩადენილი ან შესაძლო კავშირი რაიმე სახის დანაშაულთან. რამდენად კარგი გადასახადის გადამხდელია, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. ამით სახელმწიფოს შეუძლია, დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
სახელწიფო და მოქალაქეები უნდა შევთნხმდეთ, რომ იყოს მეტი მცოდნე მსროლელი მოქალაქე. იარაღი არის ცოდნა, დისციპლინა, კულტურა… წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ იარაღის მფლობელსა და მოყვარულს.
პრაიმტაიმი
კომენტარები