რას წერდა „ალია“ 12 წლის წინ
«ალია ჰოლდინგი», 2009 წლის აპრილი, ავტორი ნანა არჩვაძე
2009 წლის 5 აპრილს, ღამით, საბურთალოზე, საკუთარ სახლთან კულტურის სამინისტროს კულტურულ ღინისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი, სასტიკად სცემეს. ის რამდენიმე დღე რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მკურნალობდა. დღეს დათო ექსკლუზიურად უმხელს «ალიას» იმ ღამის დეტალებს და საკუთარ ვერსიებს.
– დათო, შენი ამბით ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა, ახლა როგორ ხარ?
– თვის ბოლომდე უნდა ვიწვე, ტვინის შერყევა მაქვს, თავზე 7 ნაკერი დამადეს. თან, მე ხომ დიაბეტიკი ვარ და ერთ ადგილზე ნაკერზე პრობლემა შეიქმნა, ამის ეშინიათ, თუ რამეა, ეს ნაკერი ისევ უნდა გამიხსნან. კიდევ მარჯვენა ფეხი მაქვს ნაღრძობი, გადაკერილი მაქვს, ამ ფეხით რომ მათრიეს…
– გამოდის, რომ მაგრად გაგწირეს… მაინც, რისი ეჭვი გაქვს, ეს რატომ მოხდა?
– არ ვიცი, ხომ იცი, ცხოვრებაში ცუდი არავისთვის გამიკეთებია, მე ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვერ ვხვდები, რა მოხდა?! შოკში ვარ! კონკრეტულის არაფრის თქმა არ შემიძლია… ღამის 12 საათი იყო. ჩემი «ინფინიტი» «გარაჟში» დავაყენე და გარეთ გამოსვლას ვაპირებდი, უცებ ერთი ტიპი შემოვარდა, – გაჩერდი, ხმა არ ამოიღოო! ალბათ, – მიშველეთ-მეთქი, – რომ არ დამეყვირა. ამ დროს მეორეც დავინახე, – რა გინდათ-მეთქი? და რაღაცის დარტყმა დამიწყო, უკვე სისხლი მომდიოდა და უცებ პირიც გამიშრა, ვეღარც ვლაპარაკობდი, შაქარმა ხომ ნერვიულობაზე ასე იცის. უკან, «გარაჟში» შეთრევას ცდილობდნენ, ეტყობა, იქ უფრო კარგად უნდოდათ ცემა, არ ვიცი, მაგრამ «გარაჟში» ვერ შემათრიეს, სპორტული პიჟამა მეცვა და უცბად ჩავიხსენი, კაპიუშონი ხელში შერჩათ და გამოქცევა მოვახერხე… უკან მივბრუნდი, რამ მიმაბრუნა, არ ვიცი? ალბათ, ინსტინქტურად ვმოქმედებდი, შოკში ვიყავი და ასე ნაცემი მაინც მივედი «გარაჟთან» და იქ «მაკაროვის» «აბოიმა» დამხვდა, თავში რომ მირტყამდნენ იარაღს, ეტყობა, ეს გამოუვარდათ.
– არც არაფერი წაუღიათ, ანუ დაყაჩაღება არ იყო?
– არა, შეიძლება, ვერ მოასწრეს. არ ვიცი, ბურუსში ვარ, რა უნდოდათ, ვერ მივხვდი; ან რომ ეთქვათ, მანქანა მომეცი ან ფული, ტელეფონი, არაფერი ასეთი, ხმას არ იღებდნენ და უბრალოდ, ასე თავში მირტყამდნენ გამეტებით. შეიძლება, არც იმას ელოდნენ, იარაღი რომ მომადეს, ხელიდან გავუსხლტებოდი, ეს წამებში მოხდა.
– დათო, 5 აპრილს, ლამის, შენზე თავდასხმით დაიწყო ეს ცემა-ტყეპა და ასეთი ფაქტები დღემდე გრძელდება, როგორ ფიქრობ, შეიძლება, ეს რამე კავშირში იყოს?
– ფაქტია, რომ ეს ცემები, მართლაც, ჩემით დაიწყო… მე ყველა ასეთ ფაქტს ვგმობ. არ შეიძლება ასე. თუ ადამიანთან ანგარიშის გასწორება გინდა, კაცურად მიდი, დაელაპარაკე, ასეთი რამე ყოვლად მიუღებელია.
– დამეთანხმები, დამთხვევების დაჯერება ხშირად ძალიან რთულია, ხომ არ ფიქრობ, რომ შენზე თავდასხმა რამე პოლიტიკური მოტივით მოხდა?
– ნანა, მე არ მინდა, ტყუილად ვინმე დავადანაშაულო… მაგრამ ერთს ვიტყვი, ამას ასე არ დავტოვებ. მე მოვითხოვ, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული, იმიტომ, რომ მე არ ვარ დარწმუნებული, ხვალ რომ ქუჩაში გავიდე, ანალოგიური არ დამემართოს. ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ ასეთი ფაქტები ხდება. არ ვიცი, რა უნდოდათ? რისთვის მცემეს?..
– შეიძლება, დაგაშინეს, საჩვენებელი გამოსვლა იყო…
– ვერ ვიტყვი. არ მინდა, გამოძიებას წინ გავუსწრო, იმედი მაქვს, მაგრამ თუ ეს ფაქტი არ იქნება გამოძიებული, მერე დასკვნებს გამოვიტან და განცხადებასაც პირადად შენთან გავაკეთებ, რაც ფარდას ახდის ყველაფერს. მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ მოვლენებს არ მინდა წინ გავუსწრო… «ალიაში» ღიად გეუბნები, ამ საქმეს მიწამდე ჩავყვები და აუცილებლად გამოვიძიებ, იმიტომ, რომ «მაკაროვის» აბოიმაზე არ არსებობს, თითების ანაბეჭდები არ ყოფილიყო, ეს კარგი სამხილია. ეს მოხდა 5-ში, დღეს უკვე 19-ია, რაღაც დიდი დრო გავიდა… შეიძლება, ისეთი ცოდვა მაქვს ამ ქვეყანაში ჩადენილი, ისეთი დანაშაული მაქვს, რომელიც არ ვიცი, ამიტომ მაინტერესებს გამოძიებული იყოს ეს ფაქტი, რომ გავარკვიო, რატომ?! გამომძიებელი მეკითხება, – ვინმესთან რამე პრობლემა გქონიაო? ვიხსენებ, ვინმეს რამე ხომ არ ვაწყენინე-მეთქი და არაფერი ასეთი არ მახსენდება, არ მქონია კონფლიქტი. მეზობლებიც დაკითხეს, ვერავინ ვერაფერს ამბობს. სხვათა შორის, მეზობლებმა მითხრეს, იმ ფაქტამდე ოთხი დღით ადრე ორი ადამიანი დადიოდა და კითხულობდნენ, – ოქიტაშვილის «გარაჟი» სად არისო?
– იქნებ, მართლა «ინფინიტით» მოიხიბლნენ?
– კაი, რა… ჩვეულებრივი მანქანაა, როგორიც ყველას ჰყავს, «საქართველოს ბანკიდან» კრედიტით მაქვს გამოყვანილი… ნანა, იცი, როგორი უბედნიერესი ადამიანი ვარ? არ იცით, რამდენი უცხო ადამიანი გამომეხმაურა და მომიკითხა. დღეს ერთმა ქალბატონმა პასკაც კი მომიტანა, ყველას მადლობელი ვარ. ისე, მოსკოვიდანაც დამირეკეს. 16 აპრილს ალა პუგაჩოვას დაბადების დღეზე ვიყავით მე და ნატო დუმბაძე დაპატიჟებული. მართალია, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო წასვლას ისედაც არ ვაპირებდი, თან ამას ცემის ფაქტიც დაემატა. პუგაჩოვამ ჩემი ამბავი რომ გაიგო, თავის პროდიუსერს, მარინა მალიგინას, ჩემთან დაარეკინა, თუ საჭირო იქნება, სამკურნალოდ მოსკოვში ჩამოვიდესო. იგივე შემომთავაზა ლაიმა ვაიკულემ და სოსო პავლიაშვილმაც. მოკლედ, ამ ამბით ბევრი შეწუხდა და ყველას მადლობელი ვარ…
იცი, რა მინდა გითხრა? არა, რა, არ შეიძლება ყოველდღე ვიღაც გაილახოს და ვიღაცას თავში ურტყა. თუ ადამიანს თავისი აზრი აქვს და რაღაცას გამოხატავს, ამის გულისთვის, მგონი, ადამიანი არ უნდა იცემოს. დაუცველად არავინ არ უნდა იგრძნოს თავი. მინდა, ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო – ლაღიძეს, მანჯავიძეს და სხვებს. ზურას ვეხუმრებოდი, – მოდი, ერთი დიდი პალატა გავხსნათ და ყველა ერთად დავწვეთ-მეთქი.
– საერთოდ, რას ფიქრობ საქართველოში არსებულ საპროტესტო აქციებზე?
– ერთ რამეს ვიტყვი, როდესაც საქართველოში ასეთი სიტუაციაა, აქ არ შეიძლება დაყოფა, ყველა უნდა გაერთიანდეს და უნდა თქვან, რომ ძალადობა დასაგმობია, არ შეიძლება ასეთი რაღაცების კეთება. ეს უფრო ცუდ რაღაცებს მოიტანს, ხალხში უფრო დიდ აგრესიას გამოიწვევს.
კომენტარები