ახალი წლის დადგომამდე სამი დღით ადრე, სოფელ შამგონაში მომხდარ გაუგონარ ტრაგედიაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შემზარავი ტრაგედია სამეგრელოს სოფელში 2019 წლის 28 დეკემბერს მოხდა. სამი შვილის დედა, 32 წლის ეკა მიქავა, მეზობლის ეზოში მდებარე ნაგებობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მომხდარიდან მალევე დანაშაულის ურთიერთსაპირისპირო ვერსიები გავრცელდა: გარდაცვლილის ძმა და მამა სუიციდს გამორიცხავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ჯერ სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი მეზობლის ბოსელში ჩამოკიდა. ხოლო მეზობლები, თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავდნენ. მათი ნაამბობით, ეკა მიქავა ყვირილით თხოვდა დახმარებას მეზობლებს, ერთმა ურჩია ერთ-ერთ სახლში შეეფარებინა თავი და ბოლოს სწორედ იმ ეზოსკენ მიმავალი ნახეს ახალგაზრდა ქალი მეზობლებმა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს გარდაცვლილის მეუღლე – ბაკურ სორდია, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 31 დეკემბერს პატიმრობა შეუფარდა.საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი” სწავლობს, რომლის ადვოკატიც, ელისო რუხაძე ცოტა ხნის წინ პირველად გაეცნო საქმის მასალებს. “იმ ღამეს ბაკურ სორდია მთვრალი მივიდა სახლში. საქმის მასალების მიხედვით, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ძალიან ცუდი და აგრესიული სიმთვრალე. ამას არ უარყოფს თავად ბრალდებულიც. ძალადობას უკავშირებს უმუშევრობას და უსახსრობას, ვინაიდან იყო გაღიზიანებული.ტრაგედიის დღეს კონკრეტულ ადგილას სთხოვდა ცოლს წაყოლას, თუმცა იმდენად უგონოდ მთვრალი იყო, ქალმა უარი უთხრა. შემდეგ ფულს სთხოვდა. ესეც რომ ვერ მიიღო, გადავიდა ფიზიკურ ძალადობაზე. სიტუაციის განეიტრალების მიზნით მათ შორის ჩადგა ბრალდებულის დედა, რომელიც სცემა ბრალდებულმა და დივანზე დააგდო. მამაკაცს დედის მიმართ ძალადობისთვისაც აქვს წაყენებული ბრალი.ამის შემდეგ, ეკა მიქავა გამოესარჩლა დედამთილს. თუმცა, მას შემდეგ რაც მეუღლე გაიქცა სახლიდან და შველას თხოვდა მეზობლებს, სორდია მიუბრუნდა დედას, რომელსაც ხელში წლინახევრის შვილიშვილი ეჭირა და ისევ სცემა ის. ამ დროს ქალს ბავშვი ხელიდან გაუვარდა და ძირს დავარდა” – უყვება AMBEBI.GE-ს უფლებადამცველი. ჩამომხრჩვალი ეკა მიქავა მეზობელმა ზაზა ბოხუამ იპოვა საკუთარ ბოსელში. ბოხუა და მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც გარდაცვლილი თოკიდან ჩამოხსნეს, აცხადებენ, რომ გვამს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს საქმეში არსებული ფოტომასალა და გვამის დათვალიერების ოქმი. დოკუმენტების მიხედვით, გარდაცვლილის თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, მთელ ტანზე სისხლნაჟღენთები და დალურჯებები აღენიშნება, მკლავზე კი დაკბენილია. Ambebi.ge |


კომენტარები