თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედის და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, 6 თვის განმავლობაში ჩატარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების თაობაზე.
„ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტი, რომელზეც დღეს გვინდა გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, არის თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედის და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა. თქვენ იცით, რომ ამ პროექტის კონცეფციის შექმნაზე, ტენდერის საფუძველზე იმუშავა ესტონურმა კომპანიამ, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ასეთი ობიექტების განვითარების დიდი გამოცდილება აქვს. ეს არის კომპანია „კოკო“. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები.
ეს პროექტი არის ჩემი წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც გაალამაზებს ქალაქს და იქნება ძალიან საინტერესო ობიექტი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვის.
მიზეზი, რის გამოც აქამდე ეს პროექტი ვერ დაიძრა, არის პანდემია. იცით, რომ პანდემიის გამო მთელ რიგ პროექტებზე უარის თქმა მოგვიწია და ეკონომიკური აქტივობების შემცირების გამო შემცირდა ასეთი ადგილების და ობიექტების მიმართ ინტერესი, თუმცა, რამდენიმე კომპანიასთან ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, შეჯერდა პირობები და დღეს მინდა გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რადგან ეს ქონება ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროზე დაქვემდებარებულ იურიდიულ პირს.
პირველ ეტაპზე, 6 თვის განმავლობაში ჩატარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევის შედეგად წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების თაობაზე“, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები