ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება.
გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს. შესაბამისად, რიგი მედიასაშუალებების მიერ, მისი დაკავშირება მეტროს რამდენიმე მემანქანის ინფიცირების ფაქტთან, დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს, რომელთანაც მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თბილისის მეტრო არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გამართულად იმუშავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება.
რაც შეეხება 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს, აღნიშნული პერიოდიდან თბილისის მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და კუს ტბის საბაგირო მუშაობას შეაჩერებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შემსუბუქდება, რომლის დროსაც თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. 3 იანვრიდან 16 იანვრამდე, ორივე სახის ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება კვლავ შეჩერდება. 16 იანვრიდან 31 იანვრამდე კი, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები შაბათ-კვირის გამოკლებით, მუშაობას განაახლებენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”
ბატონო, კახა, გავიგეთ, რომ მეტრო გაჩერდა, მაგრამ მეტროს მემანქანეები გზაში თუ არიან, თუ უკვე გამოვიდნენ ბელორუსიდან, დავხვდებით, გვითხარით… ველოსიპედებით დავხვდებით, როგორც პრემიერმა გვირჩია… კიდევ ერთი განცხადებაც და ლუკაშენკო ჩამოვა, უთქვამს, არც მეტრო გამიჩერებია, არც ავტობუსი და აქცია აქციაზეა ჩვენთან, მაგრამ თუ მაინც ჩვენ გჭირდებით, მემანქანეებთან ერთად მეც ჩამოვალო…
ჩამოვიდნენ, ბატონო ეგ მემანქანეები, დაე, დაისვენებენ ცოტას, თორემ, ლუკაშენკომ ერთი დღეც არ დაასვენა…
ბატონო კახა, ის ანეგდოტი გაგვახსენდა: “მაიტა, ნასოსი”… მაინც ჩამოიყვანეთ, ეგ მემანქანეები, ისე ნუ იზამთ, გავიღვიძოთ და თბილისის მეტრო დაგვხვდეს ბელორუსში გადატანილი და ჩამოიყვანეთ, ბატონო, მაინც ჩამოიყვანეთ…
კომენტარები