პანდემიის პირობებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სერვისების ნაწილის ფუნქციონირებაც შეწყდა, ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები უკვე მოიხსნა, სხვადასხვა ტიპის სერვისი თბილისის მუნიციპალიტეტშიც ეტაპობრივად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული სერვისების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სერვისების მიწოდება მყისიერად შეზღუდა. დაიხურა მოქალაქეთა მომსახურების 10 სერვისცენტრი და ფუნქციონირებას მხოლოდ მერიის ცენტრალურ ოფისში არსებული სივრცე განაგრძობს. შეწყვეტილი იყო საჯარო სხდომები, კონკურსები, გასაუბრებები და ა.შ. პირველი ივნისიდან, ყველა სერვისი ეტაპობრივად, იმავე ფორმატს დაუბრუნდება, რაც გასულ წელს გვქონდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კერძოდ, აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.
„რაც შეეხება მოქალაქეთა მომსახურებას, 11-ვე სერვისცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, პარასკევს, 29 მაისის დილიდან განაახლებს. მომსახურების მიღების დროს, სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება და გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. პარალელურად, მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდნენ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. მართალია, კორონავირუსი ჯერ კიდევ არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ვიმედოვნებ, რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ყველა ერთად, მალე მოვახერხებთ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს, პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია და მოლი, ასევე ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდება.
კომენტარები