თბილისიდან რუსთავში და პირიქით ავტობუსები ივლის. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ რუსთავიდან ჩამოდის ყოველდღიურად დედაქალაქში მოქალაქეთა ყველაზე დიდი ნაკადი – 30 ათასამდე ადამიანი, რაც თბილისში მოძრავ საავტომობილო ნაკადებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
„აღნიშნული პროცესი ქალაქს ზედმეტი საავტომობილო ნაკადის შემოსვლას აარიდებს და ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, შემუშავდეს და ამოქმედდეს ავტობუსის რეგულარული მარშრუტი რუსთავსა და თბილისს შორის. მინდა, ჩემს მოადგილეს, მაია ბითაძეს და თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს დავავალო, ზუსტი მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესი დაიწყონ“, – განაცხადა მერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მერია 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს ელოდება, რომლებსაც ივნისიდან-ოქტომბრამდე პერიოდში, რამდენიმე ეტაპად მიიღებს. ასევე, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე. დამატებით, 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად, დაფინანსების წყაროები მოძიებულია და ტენდერის გამოსაცხადებლად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.
კომენტარები