საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
„გამოვლინდა 508 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 259 შემთხვევა, თბილისში – 111 , იმერეთში – 91, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25 , გურიაში – 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა – მთიანეთში – 5-5, შიდა ქართლსა და კახეთში 2-2“, – განაცხადა ენდელაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 62 პაციენტი.
მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს ბოლო 24 საათში გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული პაციენტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია:
„არის 4 გარდაცვლილი. მათ შორის 2 არის აჭარაში – 70 წლის კაცი და 65 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალი თერჯოლაში გარდაცვლილი და ერთი თბილისში. როგორც ვიცი, „ამტელში“ გადაყვანილი იყო საუნივერსიტეტო კლინიკიდან. 83 წლის გახლდათ თბილისიდან“
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში 99 ახალი შემთხვევა იყო.
დედაქალაქში ინფიცირების შემთხვევები ყოველ დღე მზარდი ხდება, რასაც “ალიას” რესპოდენტები კარგა ხნის წინ პროგნოზირებდნენ.
კომენტარები