„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება თბილისში მომხდარი სკანდალური ფაქტი, რომლითაც შესაძლოა მალე გამოძიება დაინტერესდეს.
ჯერჯერობით ეს ამბავი სამართალდამცველებისთვისაც უცნობია, ვინაიდან დაზარალებულები საჩივრის შეტანისგან თავს იკავებენ, თუმცა „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ საქმეში არაერთი არასრუწლოვანი გოგონა ფიგურირებს.
წყარო გვიყვება, რომ თბილისის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს სახლში ამეცადინებდა. რამდენიმე დღის წინ კი, მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ მასწავლებლის სახლის საპირფარეშოში ტელეფონის კამერით უთვალთვალებდნენ.
ტელეფონის ჩანაწერების ნახვისას აღმოჩნდა, რომ თვალთვალს პედაგოგის ქმარი ახორციელებდა, რომელიც საპირფარეშოში ტელეფონის ფარულად დადების მომენტში კამერაზე თავადაც არის აღბეჭდილი.
წყარო გვიყვება, რომ პედაგოგმა ბავშვების მშობლებს მოუბოდიშა და სთხოვა, ფაქტი არ გაეხმაურებინათ.
მართლაც, ამ დროისთვის პოლიციისთვის არცერთ დაზარალებულს არ მიუმართავს, სავარაუდო ეჭვმიტანილი, 60 წლამდე მამაკაცი კი სახლიდან წასულია.
„პრაიმტაიმი“ არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე საქმის ფიგურანტების ვინაობას და სავარაუდო დანაშაულის ადგილმდებარეობას არ ასახელებს, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ დამატებითი ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს მივაწოდოთ.
კომენტარები