The Economist-ის კვლევითი ცენტრის პროგნოზი მარტში გაუარესების შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში უცვლელია. ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის [60-70%] COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 2023 წლამდე ვერ შეძლებს.
იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას 2022 წლის ბოლოსთვის მოახერხებდა, თუმცა მარტში პროგნოზი გაუარესდა და მოლოდინმა 2023 წლამდე გადაიწია. აპრილის მდგომარეობა კი უცვლელია, საქართველოს პროგნოზი არ გაუმჯობესებულა და ამჟამად ის ბოლო, ყველაზე ცუდ კატეგორიაში იმყოფება.
ექსპერტების განმარტებით, იანვარში ოთხი სახელმწიფოს პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო შეფასებული და განახლებული მონაცემებით, მათი მოლოდინი გაუარესდა. ამ სახელმწიფოთა შორის იყო: საქართველო, ვანუატუ, ტაივანი და სომხეთი.
ახალი მონაცემებით, 2023 წლამდე გაუარესდა ბელარუსის პროგნოზიც.
აღსანიშნავია, რომ აპრილში რამდენიმე აქტორის პროგნოზი გაუმჯობესდა, კერძოდ, ბჰუტანის, არუბას, მაკაოს, კიურასაოს, ურუგვაის, მალდივისა და ბერმუდის კუნძულების.
ექსპერტების განმარტებით, პროგნოზის გაუმჯობესება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებითაა გამოწვეული და აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრა, მაღალი ალბათობით, 2021 წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.
კვლევითი ცენტრის ვარაუდით, განვითარებული სახელმწიფოების უმეტესობა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აცრას 2022 წლის შუა რიცხვებისთვის შეძლებს, თუმცა განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მსგავს შედეგს, საუკეთესო შემთხვევაში, 2023 წლამდე ვერ მიაღწევს.
წყარო – ტაბულა
კომენტარები