ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
-ახლახან, 13 ივლისს, თეა წულუკიანმა ინტერვიუ მისცა “საზოგადოებრივ არხს“, სადაც პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ დასავლეთმა ხელების გადაგრეხით გვაიძულა, დათმობებზე წავსულიყავითო. იქვე დაამატა, ჩვენი პარტიისთვის ეს დათმობები წამგებიანიაო, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე განაცხადა ეს. მოდი, ლოგიკურად მივყვეთ, ან–ს რომ იტყვის, ბან–ი ჩვენ დავუმატოთ. ე.ი. რა თქვა წულუკიანმა. შარლ მიშელთან დადებული შეთანხმება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოაო. თუ ის ხელშეკრულება საქართველოს ინტერესების, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საწინააღმდეგოა წულუკიანის აზრით, მაშინ გამოდის, რომ თავად წულუკიანის ფასეულობები და ღირებულებები ვერ ჯდება ლიბერალური დემოკრატიის სტანდარტებში. კი, სიტყვა გაექცა წულუკიანს, გაცხარდა ცოტა და მერე ბოდიშიც მოუხადა წამყვანს, გავცხარდიო. თეა წულუკიანი ჩემი სტუდენტი იყო, ჭკვიანი გოგო იყო, დაკვირვებული და აუჩქარებელი. არ უნდა ეთქვა ეს თეა წულუკიანს. გამოდის, რომ შარლ მიშელმა ხელები გადაუგრიხა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ ეს ხელშეკრულება დაედოთ. გამოდის, რომ მიშელის ხელშეკრულება „ქართული ოცნების“ ინტერესების საწინააღმდეგოა. მაშ, ვის ინტერესებშია? ე.ი. რაც „ქართული ოცნების“ ინტერესების საწინააღმდეგოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესების საწინააღმდეგოც არის? თუ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ტენდენციის საწინააღმდეგოა ჩვენი დემოკრატიული განვითარება? ამიტომ, დღეს ჩვენი საგარეო კურსი არ არის ჩამოყალიბებული, თეორიულად და პრაქტიკულად დადასტურებული. კლიშედ იქცა, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ, დასავლური ღირებულებების ერთგულნი ვართ და ამას ყოველდღე იმეორებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. თუ დასავლეთისკენ მიდიხარ, რატომ არ შეაჩერე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა? რატომ დაარღვიე შარლ მიშელის შეთანხმება? სამართლიანი სასამართლო თუ არ გექნება და რეფორმები თუ არ გაატარე ამ სფეროში, რამდენიც გინდა იძახე, რომ დასავლეთისკენ მიდიხარ. კი არ მიდიხარ, ამით შორდები დასავლეთს. მარტო სასამართლო არა, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში, კანონმდებლობაში, ახლახან არჩატარებული პრაიდისა და სხვა საკითხებში, „ქართული ოცნება“ ბევრ ანტიდასავლურს აკეთებს. ჯერჯერობით, ამერიკას ჩვენთვის არ მოუცლია, პირდაპირ ვთქვათ. დღეს ბაიდენის მთავარი საზრუნავია, როგორმე ევროპა ამოიყენოს გვერდით. ევროპა და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპა ამტკიცებს, რომ ჩვენი მთავარი მტერი რუსეთიაო. ბაიდენისთვის მთავარი მტერია ჩინეთი. აი, აქ არის მთავარი წინააღმდეგობა ევროპასა და ამერიკას შორის. ეს არის ბაიდენის საფიქრებელი, რომ მთავარ მოწინააღმდეგედ ევროპამაც აღიქვას ჩინეთი და არა რუსეთი. თუ ჩვენ გვინდა ამერიკის, დასავლეთის კეთილგანწყობა შევინარჩუნოთ, უნდა დავაჯეროთ, რომ იმ ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების ერთგულები ვართ. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ეს კიდევ უფრო საეჭვო გახადა. 5 ივლისის მოვლენებს ვგულისხმობ. ქართული საზოგადოება, ქვეყანა არ არის მზად იმისთვის, რომ რუსთაველზე ამ ლგბტ–ებმა ფერადი დროშებით და მარშით ჩაიარონ. ჩვენთვის ეს ჯერ ნაადრევია. აქ გადის წყალგამყოფი ჩვენსა და დასავლეთს შორის. ვერც დასავლეთი გაგვიგებს ამ საკითხში ვერასოდეს და არც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაა მზად, გაუგოს დასავლეთს ამ საკითხში.
კომენტარები