არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ციხის მონიტორინგის კადრების გასაჯაროება უხეშად არღვევს კანონს და საერთაშორისო ვალდებულებებს. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.
“იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი გადაწყვეტს, პატიმარს გაესაუბროს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნული კადრების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია და უხეშად არღვევს ზემოთ მითითებულ პრინციპებს”, — ნათქვამია საერთო განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მიერ დღეს, პარლამენტში მონიტორინგის კადრების გასაჯაროებით ორი კანონი დაირღვა:
- “ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც საქართველომ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით აიღო და რომელიც მოცემულია გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის მე-20 მუხლში, სწორედ თავისუფლებააღკვეთილი პირისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის შეხვედრის კონფიდენციურობას შეეხება. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, პრევენციის ეროვნული მექანიზმი უზრუნველყონ “მოწმეების გარეშე, პირადად ან თარჯიმნის დახმარებით, თავისუფლებააღკვეთილ პირებთან, ასევე ნებისმიერ იმ პირებთან კერძო საუბრის გამართვის შესაძლებლობით, რომლებსაც შეუძლიათ პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება”.
- “საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” მე-19 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, “საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია”.
იუსტიციის მინისტრმა პასუხად თქვა, რომ ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში თავად არ დადის და ანგარიშს ამზადებს ისეთ თანამშრომლებზე დაყრდნობით, რომლებიც “ვითომ მონიტორინგს” ატარებენ.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუარესებაზე არა მხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც ალაპარაკდა.
“ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან ინტეგრირების შემდგომ, აღნიშნული უწყება საჯარო ინფორმაციას, უმეტეს შემთხვევაში, აღარ გასცემს, რის თაობაზეც პასუხისმგებლობა ასევე იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს ეკისრება”, — წერია განცხადებაში.
საერთო განცხადებას ხელს აწერენ:
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია”;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).
კომენტარები