გაერთიანებული ოპოზიციის სხდომის დასრულების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ალტერნატიული პარლამენტის შექმნა დაანონსა. როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ალტერნატიული პარლამენტი ხელისუფლების ოპოზიციისთვის გადაბარების პროცესს დააჩქარებს.
ნათელაშვილი პირველი არ არის, ვინც ალტერნატიული, ე.წ. სახალხო სტრუქტურების შექმნა დაანონსა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას და ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც სწორედ ალტერნატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და სახალხო დაუმორჩილელობაზეა საუბარი. ჩანაწერის მიხედვით, თემურ ალასანიას სცენარი ასეთია:
თემურ ალასანია: – პირველი – არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას, მეორე – სრული სამოქალაქო დამოურჩილებლობა, სრული ნაციონალური მასშტაბით სამოქალაქო დამოურჩილებლობა, მესამე – არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა, არავითარი… ანუ საერთოდ უნდა გაწყდეს ურთიერთობა ხალხს, და პოლიტიკურ სპექტრს შორის. მეოთხე –
გუბაზ სანიკიძე: – აბა რა
თემურ ალასანია: – ბოდიში… მეოთხე – დროებითი მთავრობის შექმნა. სასწრაფოდ, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს, რომ, ნაციონალური გადარჩენის, ეროვნული გადარჩენის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ხალხის წინაშე თავის თავზე და მსოფლიოს წინაშე და იღებს ძალაუფლებას თავის ხელში და მეხუთე – მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ ვთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე, ისევე, როგორც რეგიონში მშვიდობაზე, ისევე როგორც შენარჩუნებას, ასე შემდეგ. ვსო, That’s it.
რას გულისხმობს სახალხო პარლამენტის შექმნა და თუ იყო ამ თემასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე მსჯელობა? – ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს მიმართა.
„ბატონმა შალვამ, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეა გააჟღერა. მას ამ იდეაზე არავინ დათანხმებულა და არც ამ საკითხზე უმსჯელია არავის. რასაც თქვენ მეკითხებით, უბრალოდ, იდეაა, მეტი არაფერი. ბატონმა შალვამ საკუთარი აზრი გამოთქვა და ყველაფერი ამით მორჩა. ჩვენ ხომ პარლამენტში არ ვართ, ჩვენც ხომ ხალხი ვართ და რაღაცა ჩვენც უნდა გავაკეთოთო. ისევ გიმეორებთ, ამ თემაზე სერიოზული საუბარი არ შემდგარა. მეც არ ვიცი, რას ითვალისწინებს სახალხო პარლამენტის იდეა“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს სამოქმოდო გეგმასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ალტერნატიული პარლამენტის შექმნასთან დაკავშირებით, განაცხადა:
“ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია. ეს საპროტესტო აქციები თუ ალტერნატიული სახალხო პარლამენტები დააჩქარებს ხელისუფლების გადაბარების პროცესს. ეს იქნება საკონსულტაციო-სტრუქტურული ინსტიტუტი, რომლიც საკუთარ ხმას გააგონებს ქვეყანას, მსოფლიოს თანამეგობრობას და დააჩქარებს ხელისუფლების დასამარებას“
წყარო პრაიმტაიმი
კომენტარები