უამრავი ადამიანი წერს ბოლო დღეების მანძილზე, რომ ხელისუფლება უკვე ღიად ებრძვის ინფექციურ საავადმყოფოს. რატომ არ უყვარს არც ერთ ხელისუფლებას თენგიზ ცერცვაძე, საოცრად გულწრფელი ადამიანი და მაღალი დონის პროფესიონალი? თუ არ უყვარდა, რატომ აქებდა? თუ არ უყვარს, როგორ ჩააბარა კლინიკური ჯგუფი?
ვისთვის უნდა ჩაებარებია სხვისთვის? – ჩინოვნიკი გამყრელიძისთვის, თუ ჩინოვნიკი იმნაძესთვის?
პრემიერი თავისი ფეხით მივიდა ინფექციურ კლინიკაში და მადლობა უთხრა ექიმებს, თავისი თვალით იხილა შენობა, რომელშიც წყალი ჩადის წვიმისას, შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა და მაინც, კორონავირუსის პირველი დარტყმაც თავის თავზე გადაიტანა და ბოლო დარტყმის მოსაგერიებლადაც ისევ დასჭირდებათ. მომდევნო ქულები ხელისუფლებამ, 2 მარტს დაიწერა, როდესაც ის ცრუ იმედებით გაახარეს და შენობა დაათვალიერებინეს, რომელიც მალე მისი კლინიკის საკუთრება უნდა გამხდარიყო.
2 მარტს თენგიზ ცერცვაძე წერდა:
“მივიღეთ კატეგორიული გარანტია პრემიერ გახარიასგან, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს პრობლემას, რომ რამდენიმე თვეში გადმოგვცემენ შენობას, საუბარია დიღომში მდებარე “სამედიცინო ინოვაციების ცენტრზე”, 11 სართულიანია და ძალიან კარგი შენობაა”
6 თვე გავა მალე ამ დაპირების გაცემიდან – რას ნიშნავს რამდენიმე თვე – რამდენიმე წელს? მაინც რამდენი თვეა – რამდენიმე თვე, პრემიერო?
საკუთარი თვალით ნახეთ, ქვეყნის პირველ კლინიკაში როგორ ჩადიოდა წყალი, როგორ არ ჰქონდა დამიწება შენობას, როგორ არ ჰქონდა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართი არა აქვთ წლებია და ვინ იცის, ოთუსბირად შეძენილი ტექნიკა, უკვე ვარგისია, თუ არა – ეს ყველაფერი ნახეთ, ნახეთ, რომ მიუხედავად ამ პირობებისა, ისინი ისე მუშაობენ, რომ არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლიათ დენის დარტყმით, არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლიათ ჟანგბადის არ მიწოდების გამო, მათ კლინიკაში, მიუხედავად ასეთი დიდი საფრთხისა, არც ერთხელ არ მომხდარა, შიდა გავრცელება რომელიმე ინფექციის და თუ წარმოგიდგენიათ, ეს როგორ უნდა მოახერხო ვენტილაციისა და გამწმენდი ნაგებობების არქონის შემთხვევაში?
შეიძლება სხვა რამე იყოს გმირობა? თქვენ გმირობა პირბადის გარეშე სხდომების ჩატარება და კარანტინის დროს მძღოლის გვერდით გამოჭიმვა ხომ არ გგონიათ? – არა, იმ პირობებში მუშაობაა გმირობა, რა პირობებში ინფექციური საავადმყოფო წლებია მუშაობს.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ინფექციური საავადმყოფოს შენობა გაყიდულია, „ავერსს“ აქვს შეძენილი და წელი არ გავა, რომ არ მოისურვოს მათი გაყრა შენობიდან, მხოლოდ და მხოლოდ ხალხის თანადგომით, ვერ გამოყარა „ავერსმა“ ქვეყნის მთავარი კლინიკის თანამშრომლები შენობიდან – არც ერთხელ სახელმწიფოს ნაბიჯი არ გადაუდგამს, 11 წელია კლინიკის შენობა გაყიდულია, სახელმწიფოს არც ერთხელ უცდია მისი დახმარება.
ზუსტად, პანდემიამდე ერთი თვით ადრე, კიდევ ერთხელ ყრიდა ინფექციურ საავადმყოფოს „ავერსი“ შენობიდან, არც მაშინ ამოუღია ხმა პრემიერს და მინისტრთა აპარატს, ამასობაში, კორონავირუსი გვეწვია და ისე მოხდა, არავინ აღმოჩნდა ქვეყანაში, ვისაც შეეძლებოდა ვირუსთან ბრძოლა, ვისაც შეეძლებოდა ვირუსთან ბრძოლისთვის სამედიცინო გაიდლაინების შექმნა და დაწერა…
ასე დასჭირდა სახელმწიფოს ის საავადმყოფო, რომელსაც მის თვალწინ, უკვე 11 წელია, კინწისკვრით ყრიან შენობიდან და „ვერ ხედავს“, ასე „დაინახეს“ უცებ თენგიზ ცერცვაძე თავისი შეუდარებელი გუნდით…
მართალია, მთელი ამ თვეების მანძილზე, ჯიუტად და თანმიმდევრულად ცდილობდნენ თენგიზ ცერცვაძის ჩანაცვლებას ჩინოვნიკი გამყრელიძით და ჩინოვნიკი იმნაძით – მაგრამ, არაფერი გამოსდით, ხალხის სიყვარულის მოპოვება და მერე შენარჩუნება, არც ისე ადვილია.
ხელისუფლებას ყველაზე დიდი რესურსი აქვს ცრუ ნიუსების გავრცელების და ახლა, როცა თენგიზ ცერცვაძემ უარი განაცხადა ინფექციურ კლინიკაში პაციენტების სტაციონარულ მიღებაზე, პირველ დღეს დაიგზავნა მესიჯბოქსი – რომ, აი, რა ცუდ დროს, თქვა უარი თენგიზ ცერცვაძემ და რომ ეს პაციენტების ღალატია, შანტაჟია ეს და ა.შ.. თუმცა, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ, გასაგებად თუ ვიტყვით, უარი განაცხადეს პაციენტების თავისთან დაწოლაზე და არა დიაგნოსტიკაზე!
ხელისუფლებას თებერვლიდან მოყოლებული აგვისტომდე ჰქონდა დრო, საავადმყოფოს მოსაწესრიგებლად და არ გამოიყენა, მეორე ტალღა შემოდგომაზეა დაანონსებული ხელისუფლების მიერ – შემოდგომამდე დროა – რატომაა ახლა ცუდი დრო? რითია ცუდი დრო? ჩათვალეთ, ღია სივრცეში კურნავს ადამიანებს, მერე მიდის მინისტრი და აჯარიმებს, რატომ ჩამოგდის ჭერიდან წყალი, ან რატომ არ გაქვს ვენტილაციის სისტემაო…
დაგაჯარიმებო, დაემუქრა ჯანდაცვის ე.წ. მინისტრი ტიკარაძე თენგიზ ცერცვაძეს, რას ჰქვია, უარს იტყვის კორონავისურით დაავადებულების სტაციონარულ მიღებაზეო. მოდი და დამაჯარიმეო, უპასუხა თენგიზ ცერცვაძემ, უარს კი არ ვამბობ, იძულებული თქვენ გამხადეთ, ისეთი პირობები მაქვს, სახიფათოა აქ პაციენტების გაჩერებაო.
ხოდა, მინისტრმა, იმ საღამოსვე განაცხადა – ინფექციურ საავადმყოფოს უფლებას ვაძლევ 300 ათასი ლარი გამოიყენოსო. ანუ, იდო ეგ ფული და გამოყენების უფლებას არ აძლევდით? აბა, როგორ ემზადებოდით მეორე ტალღისთვის? თუ ინფექციურ საავადმყოფოს მოწესრიგებასაც არ ცდილობდით. როგორი თაღლითობაა, წარმოიდგინეთ, ბიუჯეტიდან ყველა, 17 წლამდე მოქალაქეზე 200 ლარი გამოყვეს, მეორე ტალღას ველოდებითო და ამ მეორე ტალღისთვის, აუცილებელი კლინიკის მოწყობაზე არ იზრუნეს – როგორ ახსნიან სხვა ხარჯების მიზანშეწონილობას, თუ კლინიკას არ აწესრიგებენ? ანუ, მართლაც, საარჩევნოდ არიგებენ ფულს?
და ეს მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრმა, პანდემიის დროს 1 688 000 ლარის ავეჯი იყიდა, მათ შორის 44 საყვავილე და თითო საყვავილეში 400 ლარი გადაიხადა. ბიუჯეტიდან 1 მილიონ 688 ათასის ავეჯი იყიდა პანდემიის დროს და ამდენთვიანი დაპირებების, ამდენთვიანი ლოდინის შემდეგ, ამდენი ჩხუბის შემდეგ, გამოყავით 300 ათასი, ქვეყნის იმ ერთადერთი კლინიკისთვის, რომელიც პირისპირ შეატოვეთ კორონავირუსს და რომელსაც, პანდემიის დროს, ქვეყნის მთავარ კლინიკას ეძახდით?
ახლა მინისტრმა, რომელსაც, სულ მცირე, ბოდიში აქვს მოსახდელი, მორიგი სისულელე დააბრეხვა – მე არ ვიცოდი, ასეთი პრობლემები თუ იყო საავადმყოფოშიო – მინისტრი ხართ ჯანდაცვის, მერე რა, რომ ჩვენთვის ე.წ. მინისტრი ბრძანდებით, ოფიციალურად ხომ ასეა და ჯერ კიდევ, ქვეყნის პირველ საავადმყოფოს ასეთი პრობლემები აქვს და რომ ამბობთ, არ ვიცოდიო, გგონიათ, კარგ რამეს ამბობთ? ჯერ ერთი, იცოდით, თუ არა, 2 მარტს, როცა პრემიერმა თქვა, ვნახე რა პრობლემები აქვს ინფექციურს და კატეგორიულად ვპირდები, რომ რამდენიმე თვეში ახალ შენობაში გადავიყვანო – მაშინ მაინც გაიგებდით, რომ პრობლემები ჰქონდათ, მეორე – თუ არ იცოდით, რატომ არ იცოდით? არ მისულხართ არც ერთხელ და არ გინახავსთ? და მესამე – თუ არ გინახავთ და არ იცოდით, რა პირობებში მუშაობენ, მაშინ ამ ცუდი პირობების გამო სასამართლოში როგორ უჩივლეთ და დაჯარიმება როგორ მოითხოვეთ? – ოჰ, რა მატყუარა ხართ, ჯანდაცვის ქალბატონო ე.წ. მინისტრო!
პარალელურად აღარავინ ახსენებს დაპირებულ შენობას.
პარალელურად, ხმას არ იღებენ ჩინოვნიკები იმნაძე და გამყრელიძე, გასუსულები არიან, გეგონება ეპიდსიტუაცია საქართველოში მათი პრეროგატივა არ იყოს და გეგონება, სხვა კლინიკა ჰქონდეთ მზად პანდემიის მეორე ტალღისთვის.
ახლა კი მთავარი, რატომ არ უყვართ ხელისუფალთ თენგიზ ცერცვაძე:
გარდა იმისა, რომ თენგიზ ცერცვაძე ხალხს უყვარს და ხალხის ეს სიყვარული არ მოსწონთ ზუსტად ჩინოვნიკებს, ცერცვაძე, სიმართლეს ამბობს, მიუხედავად იმისა, აწყობს ეს ჩინოვნიკებს, თუ არა, ამიტომ მასთან ურთიერთობა გასვრილი და მატყუარა ადამიანებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კომფორტულია. ზურგს უკან ახირებულსაც ეძახიან, სწორედ ამ პრინციპების გამო.
მაშინ, როცა პაატა იმნაძე გვატყუებდა, რომ უსიმპტომო პაციენტები გადამდებნი არ არიანო, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ უსიმპტომო პაციენტები ყველაზე მეტად არიან გადამდებნი.
მოგვიანებით, 13 აპრილს კი თქვა, რომ გამოიჩინა სითავხედე და „ჯანმოს ინსტრუქციიდან ამოვიღეთ ტემპერატურის ცნება. იქ წერია, შესაძლო შემთხვევად რომ ჩათვალონ, 38 და მეტი ტემპერატურა უნდა გქონდეს, ამან დაღუპა იტალია და ჩვენ რომ ეს არ დაგვემართოს, ტემპერატურის გარეშეც დავიწყეთ ტესტების გაკეთება“.
თენგიზ ცერცვაძე, ერთადერთი იყო ექიმებიდან და ჩინოვნიკებიდან, რომელიც ღიად ამბობდა, რომ მასობრივი სწრაფი ტესტირება საჭიროა და აუცილებელი, მერე ასევე ღიად ითხოვდა, რისკ ჯგუფების, მაგალითად, ჟურნალისტების ტესტირებას – თუმცა, არც აქ გაითვალისწინეს მისი აზრი.
მაშინ, როცა მრევლს უგუნური ეძახა პრემიერმა, დააშინა იმნაძემ, გამყრელიძემ და ლევან რატიანმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ რასაც უყურებს, მრევლი პირბადით დადის ტაძარში და დისტანციასაც იცავს.
ქვეყანაში, რომლის მთავარი ეპიდემიოლოგები ამოწყდომას გვიწინასწარმეტყველებდნენ და კუბოებს დაახრიგინებდნენ, ან ხროტინის ხმას გვასმენინებდნენ, თენგიზ ცერცვაძეა ერთადერთი, რომელმაც ღიად თქვა, რომ არ გვაქვს ეკლესიის კლასტერი, არც ერთს არ უთქვამს ღიად იგივე, რადგან სიკვდილამდე ეშინიათ ბოდიშის მოხდის და სიკვდილზე მეტად ეშინია ამირან გამყრელიძეს „ალიასი“, რომელმაც ჰკითხა, დატოვებდა თუ არა თანამდებობას, ეკლესიის მისამართით გამოთქმული მისი პროგნოზი თუ არ ასრულდებოდა. მაშინ, გამყრელიძემ თქვა, რომ კი, დატოვებდა, თუმცა, სკამი თბილია, რბილია, ტკბილია…
17 მარტს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს „ალია“ ეკითხება, გადამზადდნენ თუ არა ექიმები და დაურიგდათ თუ არა გაიდლაინები, რაზეც გვპასუხობს – „მზადა გვაქვს გაიდლაინები, მინისტრი ხელის მოწერა უნდა, დამტკიცდება და დაიწყება მათი გავრცელება“ – ქვეყანაში, სადაც ინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, 17 მარტს კიდევ არ იყო გაიდლაინებზე ხელი მოწერილი, მზა გაიდლაინებზე არაა ხელი მოწერილი, სწორედ ამიტომაა ამდენი დაინფიცრებული ექიმი და ექთანი, ასე რომ დააგვიანა მინისტრმა ხელის მოწერა გაიდლაინებზე და მისი დარიგება.
9 მარტს „ალიასთან“ ჰყვება თენგიზ ცერცვაძე, რომ კარგი იქნება კორონავისურთან სამკურნალოდ „რემდესივირი“ გამოვიყენოთ – არავინ უსმენს ზედა ეშელონებიდან!
30 აპრილს, ანუ 51 დღის მერე, „რემდესივირზე“ იგივეს ამბობს ამერიკელი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი, მიადგნენ ინფექციურ კლინიკას, არიქა, რატომ არ მკურნალობთ „რემდესივირითო“, გეგონება, იქამდე იგივეს თენგიზ ცერცვაძე არ ამბობდა – არ გვაქვს და იმიტომო, უპასუხეს ინფექციურ კლინიკაში.
51 დღის წინ ცერცვაძისგან დასახელებული წამალი, არავის სჭირდებოდა და მხოლოდ მაშინ მოიკითხა საქართველოს ხელისუფლებამ, როცა ყველა ქვეყანას სურდა და უკვე მასზე დეფიციტი იყო.
27 მარტს, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გადატანილი ექნება კორონავირუსი უკვე.
5 მაისს თენგიზ ცერცვაძე ამბობს:
“ჩემი ვარაუდით, მეორე ტალღა შესაძლებელია იყოს, თუმცა მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება უფრო რბილი, ნაკლებად დრამატული – მოსახლეობის რაღაც ნაწილი იმუნური იქნება. პლუს, ჩვენ ვისწავლეთ ამ ინფექციასთან ურთიერთობა, მისი მართვა და გაცილებით უფრო მომზადებულები შევხვდებით. წესით, იგი არ შეუშლის ხელს პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნებს“.
13 მაისს ისევ ამბობს: „ერთნიშნა ციფრები, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება.
სხვა ქვეყნებს გაცილებით უფრო რთული სიტუაციის დროს უწევთ შეზღუდვების მოხსნა“.
თენგიზ ცერცვაძე ჯერ კიდევ მარტში ამბობს: „ღორის გრიპის დროს საქართველოში 52 ადამიანი გარდაიცვალა“
მეტი რა შეიძლება თქვას ინფექციონისტმა? ის კლინიცისტია და მას მხოლოდ ავადმყოფის მოვლა ეხება და არა ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა, მაგრამ თუ მაინც დაუსვამ კითხვას, გეტყვის და თქვა კიდეც, რომ სხვა ქვეყნებმა გაცილების რთული სიტუაციის დროს მოხსნეს შეზღუდვები.
ხოდა, ახლა, როცა ხელისუფლებამ ქვეყანა ტურისტის გარეშე დატოვა, როცა სვანეთი ჩაკეტა და დენდროლოგიური პარკში ათასობით ადამიანს რიგშიც აყენებს გვერდიგვერდ, ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე და უნიღბოდ, მერე ერთადაც უშვებს ტერიტორიაზე, სჭირდება ვინმეს თენგიზ ცერცვაძის სიმართლე?
როცა არჩევნების დროს, არაერთი უბნის და რეგიონის ჩაკეტვის საშუალება მისცა კანონით საკუთარ თავს ხელისუფლებამ, ამ დროს, სჭირდება თენგიზ ცერცვაძის სიმართლე?
როგორ ნანობენ ზემოთ ალბათ, რომ სხვა ვერავინ იპოვნეს, ვინც ვირუსთან ბრძოლას შეძლებდა. ამიტომ იძულებულები გახდნენ, შენობიდან გამოსაყრელად გამზადებული ექიმებისთვის ეთხოვათ შველა, იძულებული გახდნენ, დაპირება გაეცათ, კატეგორიული დაპირება, რომ ახალ შენობას მისცემდნენ.
ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, მართალია, ინფექციურ საავადმყოფოს 300 ათასი ლარი გამოუყვეს, მაგრამ მას ვერ გადახურავენ, ამ თანხის გამოყენება, მხოლოდ დამიწების გასაკეთებლად, ვენტილაციის მოსაწყობად შეუძლიათ, თორემ, შენობა „ავერსის“ საკუთრებაა და როგორც გავიგეთ, „ავერსი“ არ აძლევს უფლებას, რომ სახურავი გააკეთოს…
შესაბამისად, ახლა, ეს დღეები, როგორც გარეთ წვიმდა, ისე წვიმდა ინფექციურ საავადმყოფოშიც და ასევე გაგრძელდება.
ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, პრემიერი ისე გახდა, ისე გახდა, ცხვირი უფრო დაუგრძელდაო, ხოდა, სულაც არ არის გახდომის ბრალი, ცრუ დაპირებებმა და ტყუილებმა იცის ცხვირის გაზრდა, ბატონო პრემიერო!
თამო კეშელავა, ალია №30
კომენტარები