თევზსაშენი მეურნეობა ქალაქ გორთან ახლოს -კარალეთში 17 წლის წინათ შეიქმნა. ბაზარზე არსებული მოთხოვნების საპასუხოდ, დროთა განმავლობაში გაფართოვდა და დღეს უკვე სხვადასხვა სახის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. რესტორანი „თევზის სახლი“, საფირმო მაღაზია და ხიზილალის წარმოება ალექსანდრე დადიანიძისა და გიორგი შოშიაშვილის საერთო საქმეა. „თევზის სახლი“ მალე გახდა ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი ადგილი. მყუდრო და სასიამოვნო გარემოში თონეში შემწვარი გემრიელი და ჯანსაღი თევზეულის დაგემოვნებას ნამდვილად არაფერი სჯობს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესმენები სამომავლოდ არაერთი მიმართულებით აპირებენ გაფართოებას.
ალექსანდრე დადიანიძე: 2003 წელს, შეიძლება ითქვას, ნულიდან დავიწყეთ საქმიანობა. პირველი ინვესტიცია დაახლოებით 20 000 დოლარი იყო. თავდაპირველად ცისარტყელისებრი კალმახი მოვაშენეთ, მას შემდეგ, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფართოვდებით. თავიდან დაახლოებით 0,5 ჰექტარი გვქონდა, დღეს კი უკვე 15 ჰექტარზე მეტი გვიკავია.
– რა ეტაპები გაიარეთ გაფართოების დროს?
– მეორე ეტაპი იყო კიდევ ერთი მეურნეობა, სადაც, ასევე, ცისარტყელისებრი კალმახი და ვერცხლისფერი კოხო გვყავს; მესამე, ახალი ეტაპი დავიწყეთ, სადაც მთლიანად ზუთხისებრთა ოჯახს გავამრავლებთ. აქამდე ეს სახეობა სომხეთიდან შემოდიოდა. შეიძლება ითქვას, სომხური ექსპორტი ჩავკეტეთ და თავად გამოვიყვანეთ ეს ჯიში. რუსული და ციმბირული ზუთხების ნაჯვარია.
– ვიცით, რომ შავი ხიზილალის წარმოებასაც გეგმავთ. როდისთვის უნდა ელოდოს მომხმარებელი ამ სასიამოვნო სიახლეს?
– ცხრა წელია, წითელ ხიზილალას ვაწარმოებთ. ორი წელია, რაც დიდ მასშტაბებზე გავედით, ვიღებთ ონლაინ შეკვეთებს და თბილისში გვაქვს მიწოდების სერვისი. ველოდებით შავ ხიზილალას ზუთხისებრთა ოჯახიდან. ხიზილალის გამოყვანა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, სადაც ათწლიანი ინვესტიცია გვაქვს ჩადებული. სავარაუდოდ, გაზაფხულზე შევძლებთ შავი ხიზილალის შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, ვგეგმავთ საკუთარი ლუდის წარმოებასაც.
– შავი ხიზილალა შედარებით ძვირი სიამოვნებაა. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ კონკურენციის გაწევას ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქტებისთვის ფასისა და ხარისხის მხრივ?
– ჩვენი შავი ხიზილალა არანაკლებ ხარისხიანი იქნება დღეს ბაზარზე არსებულ პროდუქტებთან შედარებით. რაც შეეხება ფასს, იმაზე ბევრად ნაკლები ეღირება, ვიდრე რუსეთიდან და იტალიიდან იმპორტირებული ღირს.
– მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რით კვებავთ თევზს.
– თევზს მიეწოდება აბსოლუტურად შემოწმებული ჰოლანდიური ბრენდის გერმანიაში წარმოებული საკვები. ის ჩვენ რამდენჯერმე გავგზავნეთ გერმანიაში, დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შესამოწმებლად და ყველა შემთხვევაში დადასტურდა, რომ გემოებისგან თავისუფალი და აბსოლუტურად უსაფრთხო საკვებია. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია, რადგან ჩვენს პროდუქტს ხშირად ყიდულობენ ბავშვებისთვის და მას ჩვენი შვილებიც მიირთმევენ.
– თქვენს მფლობელობაშია, ასევე, თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი, დღესდღეობით კარგად ცნობილი ქარხანა „უმალი“, და თქვენი ნაწარმი უკვე სხვადასხვა ქსელშიც შედის…
– „უმალი“ სამი წლის წინათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით დავაფუძნეთ. რამდენიმე მეწარმე შევიკრიბეთ და დავაფუძნეთ საწარმო „უმალი“. იოლი არ იყო, დღეს საკმაო პოპულარობით სარგებლობს, გემრიელია და ხარისხთან ასოცირდება.
– რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და როგორ აიმაღლეს მათ კვალიფიკაცია?
– 70-მდე თანამშრომელი გვყავს და თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ბიზნესის წარმატებაში. ერთი წლის განმავლობაში ჩამოგვყავდა ტექნოლოგები რუსეთიდან, უკრაინიდან და გერმანიიდან. გადავამზადეთ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც დღეს პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
– თბილისიდან ბევრი სტუმარი ჩამოდის „თევზის სახლში“, სამომავლოდ თბილისშიც ხომ არ იგეგმება ასეთივე თევზის სახლის გახსნა?
– ჩვენს რესტორანზე მართლაც დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებული დატვირთვა უქმეებზე მოდის. ასეთ დროს ხშირად წინასწარი ჯავშნის გარეშე ძნელია ჩვენთან მოხვედრა. რესტორან „თევზის სახლის“ წარმატებას მხოლოდ ჩვენი მენიუ არ განაპირობებს. აქ მნიშვნელოვან როლს გარემოც ასრულებს. ბევრისთვის ეს ადგილი განტვირთვის კარგი საშუალებაა. ასეთი გარემოს თბილისში შექმნა კი ძალიან რთულია, ამიტომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.
ნინო მახარაძე
კომენტარები