დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერი ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ შეკითხვებს პასუხობს, მიმართა:
„იმ თვალსაჩინო რეალობის წინააღმდეგ, რომ თქვენი პოლიტიკა მკაცრ კრიტიკას იმსახურებს მთელი დასავლური სამყაროსაგან და ქებას მხოლოდ რუსეთისაგან, ხომ არ შეგიძლიათ დაასახელოთ დასავლური დემოკრატიის რომელიმე ქვეყანა, გაერთიანება ან სუბიექტი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
როგორ ფიქრობთ, პირადად თქვენი, თქვენს მიერ დაკომპლექტებული მთავრობის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იწვევს თუ არა ჩვენს დაშორებას პარტნიორი და მეგობარი დასავლური ქვეყნებისაგან ასევე ევროკავშირისა და ნატო-საგან და შესაბამისად, საქართველოს მარტოდმარტო და პირისპირ დარჩენას ოკუპანტი და აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთს წინაშე.
ამცირებს თუ ზრდის თქვენი პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს სწორედ რუსეთის ფედერაციას.
რამდენად შეესაბამება თქვენი პოლიტიკა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მოქმედებთ თუ არა თქვენ და თქვენი მთავარობა, ბატონო პრემიერო, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ“
კომენტარები