კლინიკა ბომონდის” მედპერსონალი ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც ‘ალია” უცვლელად გთავაზობ:.
“ქვეყანაში კოვიდპანდემიის დაწყების მომენტიდან “კლინიკა ბომონდი”-ს გუნდი ჩართულია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. საწყის ეტაპზე ვერაგი ვირუსი ჩვენთვისაც, ისე როგორც მთელ მსოფლიოსთვის ერთგვარად უცხო იყო, თუმცა არც ერთ ჩვენგანს არ გვიფიქრია სახლში წასვლასა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმაზე. თვეებია ვიბრძვით პანდემიის წინააღმდეგ. შევძელით ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, თუმცა გვქონდა მძიმე დღეებიც, როდესაც ვმარცხდებოდით სიკვდილთან ბრძოლაში.
არ გვიწუწუნია კლინიკაში გადათენებულ მძიმე ღამეებზე, ხშირ შემთხვევაში კვირების განმავლობაში უნახავ ოჯახის წევრებზე-მშობლებზე. არ გვიფიქრია დასვენებაზე, როდესაც ვხედავდით რომ ჩვენ ვიყავით უამრავი ადამიანის ოჯახის იმედი და მათ იმედს ვერ გავუცრუებდით.
სამწუხაროა, რომ დღეს კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლეობა ვაქცინირებული არ არის.
უმორჩილესად გთხოვთ!
ჩვენი რესურსიც ამოწურვადია, ამიტომ გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით – ჩაიტარეთ ვაქცინაცია, შეასრულეთ სპეციალისტების მითითებები, რადგან თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თუ ერთმანეთს არ დავეხმარებით, შესაძლოა უბრალოდ ვეღარ შევძლოთ თქვენი ოჯახის წევრების დაცვა, ვერ გადავარჩინოთ თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, შვილები, მეუღლეები და უბრალოდ თქვენთვის საყვარელი ადამიანები. Covid-19 ვირუსისგან წართმეულ თითოეულ ადამიანს ჩვენს გულს ვატანთ.
ყველას გისურვებთ სიკეთეს და ჯანმრთელობას. დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე”
კომენტარები