“ბიუბიუს” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე გადაცემა “Forbes კვირაში” რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის გადაწყვეტილებას, რომ ქართული რძის პროდუქტები მათ ბაზარზე დაუშვას, ეხმაურება და ამბობს:
“თუ ასე გაგრძელდა და რუსეთს ჩავეხუტეთ, შეიძლება ჩვენც შეგვიყვანონ სანქცირებულთა სიაში – როცა მსოფლიო, მათ შორის წამყვანი კომპანიები, რუსეთზე უარს ამბობს, საკუთარ პოზიციას საქართველომაც უნდა გადახედოს. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, არამედ საუბარია იმაზე, ჩვენ ვისთან ვართ.
დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 4 რუსული ბანკის SWIFT–იდან გათიშვის გადაწყვეტილება, ასევე რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის აქტივების გაყინვა ევროპასა და აშშ–ში. დარწმუნებული ვარ, რომ SWIFT–იდან სხვა რუსულ ბანკებსაც გათიშავენ.
ბევრმა მსოფლიო ბრენდმა გაწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან. ამას ველოდი – ეს პრაგმატული ნაბიჯია. მთელ მსოფლიოში ყველას აქვს უარყოფითი დამოკიდებულება რუსების მიმართ, რომლებიც ხალხს ხოცავენ უკრაინაში, ხოცავენ ბავშვებს, ქალებს – საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ.
ბევრმა კომპანიამ თქვა, რომ თუ ისინი სისხლისმღვრელ პუტინთან იქნებიან, ისინი დაკარგავენ კლიენტებს…
მე არ ვიცი, რა დაკარგეს ქართველმა მეღვინეებმა რუსეთში, რომ წყალგარეული ღვინო იქ არ გაყიდონ. თუ ვთვლით, რომ ევროპისკენ გვინდა, ჩვენც უნდა გადავხედოთ აზრებს და ფსიქოლოგიას, რადგან რუსეთი უკვე თავის მოქალაქეებსაც ებრძვის.
აბსურდზე კამათობს ხალხი, ჩვენი რძის რესურსით ჩვენივე მოთხოვნის 5%–საც კი ვერ ვაკმაყოფილებთ. საქართველოში რძის დეფიციტია, ხოლო რაც იმპორტირებულია, იმპორტირებულია რუსეთდან ან ბელორუსიიდან, ისიც რძის ფხვნილის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანაზე ღელვა არ ღირს.”
კითხვაზე, გაგზავნის თუ არა “ბიუბიუ” ცხოველური წარმოშობის პროდუქტს რუსეთში და გამოიყენებს თუ არა გახსნილ შესაძლებლობას, რევაზ ვაშაკიძე პასუხობს, რომ არა.
წყარო – BM.GE
კომენტარები