გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას გარდაცვლილი თაზო გორთამაშვილის ოჯახის წევრი, ნინი გულიაშვილი ეხმაურება:
„ძალიან გთხოვთ, თუ აკეთებთ რეპორტაჟს, სწორი დასათაურება დაურთოთ თან! გაათავისუფლეს? ჯერ არავინ გაუთავისფლებიათ! მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის გათავისუფლება, ის არ გათავისუფლებულა ჯერ არაფრისგან, რადგან არ დასრულებულა პროცესები და სასამართლოს არ უცნია უდანაშაულოდ, ეს არის ფორმალობა რომელიც ეკუთვნის კანონით (9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო) და ეს გამოიწვია ვადაში ვერ ჩატევამ, მგონი ძალიან ადრეა მათი მხრიდან ზეიმი და რამეს მტკიცება, რადგან პროცესები ჯერ ისევ მსვლელობაშია.
ჩვენს ქვეყანაში არ არის იოლი მსაჯულების შერჩევა, რადგან ჩვენ ვერ ვაზროვნებთ სამართლებრივად, ჩვენ ვწყვეტთ ემოციური ფონით, და ეს საქმე იმდენად წმინდა სამართლებრივად განსახილველია, რომ ამის მოლოდინი მქონდა კიდეც, რომ ვერ მოხდებოდა ვადაში ჩატევა, მაგრამ ვიმეორებ, არაფერი დასრულებულა, არსებობს სამართლებრივი და კანონიერი გზები, რომ დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი. მჯერა, პროკურატურა ყველა ბერკეტს გამოიყენებს ამისთვის და არ დაგვჭირდება ზედმეტი ჩარევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმდენად დიდი და მწარეა ჩვენი დანაკარგი, რომ უკან არაფერზე დავიხევთ!
P.S ჯერ ყველაფერი წინ არის და აუცილებლად დაისჯება მკვლელი მკვლელობისთვის“, – წერს გუდაურში გარდაცვლილის რძალი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.
კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
კომენტარები