პოეტი ტარიელ ხარხელაური მსახიობ გუჯა ბურდულს ასე ემშვიდობება:
„ჩემო გუჯა!
ყველანაირი სახსარი ტკივილის ატანისა, დღევანდელი დროის უკუღმართობამ გამიქრო… ვერ გავრკვეულვარ, თავის თავისაც კი ვეღარა გამიგია რა, ისე აჩქარებით, ისე წინსწრებით მიდიან ჩემი მეგობრები, თითქოს რაღაცას გაურბიანო…
თუ ეს ხიფათი გარდაუვალია, მშურს თქვენი, ჩემო მეგობრებო! როგორც დიდი აკაკი ბრძანებდა: – ბედნიერნი ხართ, რომ ამას წინ უსწრებთ…
სავაგლახო და სატირალი მე მაქვს, თუ ამ შეშლილი მსოფლიოს თავზე დამტყდარი უბედურების ხილვა მომიწევს…
ისევე გემშვიდობები, როგორც ჩვენს საერთო მეგობარს, თამაზ მეჭიაურს დავემშვიდობე –
შეხვედრამდე, მეგობრებო!..
მიდიხარ!.. შენნაირ კაცებს
ვერ გავაცილებ გლოვითა,
ვერც შენ გაგზომა სამზეომ
საწუთისოფლო ზომითა,
დაგლია ავადობითა –
რო ვერას გახდა ღონითა.
შენიც გამოჩნდა ვარსკვლავი –
ცაზე მიდ-მოდის კრთომითა,
სულ ფხიზლად გქონდა მახვილი,
ყადრი იცოდი ბრძოლისა.
მიდიხარ! გუჯა ბატონო!
წინ ძნელი გზა გაქვს სავალი,
გაცილებს სულეთის გზაზე
შენი თავგადასავალი.
მიხვალ სულეთში, მზადდება
შენი წყლულების წამალი…
გწამდა, გიყვარდა სამშობლო –
შენთვის მზე ამომავალი.
შეაღებ საიქიოს კარს –
მზერა შეგყვება ფხიანი,
დაგსვამენ საფიხვნოს თავში –
,,სიტყვა მოგიდის გზიანი,,
უამბობ, როგორ იცხოვრე,
გვშვენოდი, იყავ მტრიანი,
კვდება – ვინც სახელს არ ტოვებს,
მიდიხარ სახელიანი…
ტარიელ ხარხელაური“
კომენტარები