მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დიდი ხანია თავს ვიკავებ, გადაწყვეტილი მქონდა, როგორც აპოლიტიკურ პირს არანაირი პოლიტიკური განცხადება ან რაიმე მოსაზრება გამომეთქვა, თუნდაც მცირედითაც წვლილი არ შემეტანა ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაში, ქართველი საზოგადოების განხეთქილებაში, რადგანაც ის მხარე და ეს მხარე არ არსებობს, ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ერთნაირად გვიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მოთმინების ფიალა ამივსო, “შეაგინე ბერას” უღირსმა სლოგანმა და მისი გამოსახულების გარყვნილების მაუწყებელ “ბუშტზე” დახატვის ხილვამ, მაიძულა მომემართა თქვენთვის, ჩემი მეგობრებისთვის და, არა მარტო ჩემი მეგობრებისთვის…
დააკვირდით “ნაცმოძრაობის” ე. წ. პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი საქმე არ აქვს, ეს არის ბოროტების ძალა, ძალა, რომელმაც 9 წლიანი მმართველობის პერიოდში გაუგონარი საშინელება დაატრიალა და ვერაფრით გაუტოლდება ეს ძალა “ქართული ოცნების” მიერ ჩადენილ შეცდომებს, ცხადია, არსებული ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, მაჩალიკაშვილი საწოლში არ უნდა მოეკლათ, თუ დასაჭერი იყო, უნდა აეყვანათ უმტკივნეულოდ, მაგრამ – მკვლელობები, ბიზნესების ნოტარიულად წართმევებს, რომ თავი დავანებოთ, ნაციონალებმა რომ განახორციელეს, სისხლის ტბორები დააყენეს, ამის გახსენება შორს წაგვიყვანს, “ნაციონალებს” რა ბოროტებაც ჩადენილი აქვთ, უპატიებელია და მათ არ გააჩნიათ მორალური უფლება, მმართველი ძალისკენ ხელი გაიშვირონ და რაიმე შეცდომაში ამხილონ…
მოკლედ, ძაღლის კუდი არ გასწორდება, ნაციონალები კვლავ ბოროტული ზრახვებით ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და წარმომიდგენია, არც ღმერთი და არც ქართველი საზოგადოება ამას არ დაუშვებს, ისინი რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რა ჯოჯოხეთს დაატრიალებენ ამ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში.
ვიდრე “ნაცმოძრაობა” მთავარ ოპოზიციურ ძალად ფიქსირდება და პოლიტიკურ ტატამზე საალტერნატივო ძალად, გამარჯვების კვარცხლბეკზე ამსვლელ “მოჭიდავედ” გვევლინება, ჩვენი ქვეყანა ყოველდღიური უზნეობისა და ბოროტებისგან თავს ვერ დაიხსნის… საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალის დაუყოვნებლივ აღმოცენება, რომელიც ნაცმოძრაობას პოლიტიკური ტატამიდან მუჯლუგუნით გააგდებს და არჩევნების გზით სახელისუფლო საალტერნატივო ძალა გახდება, კონკურენციას გაუწევს “ქართულ ოცნებას” და კონსტრუქციული ბრძოლის მეთოდებით თუნდაც ხელისუფლებაში შეეცილება…
ასეთი ძალის ჩამოყალიბებას და, ვფიქრობ გარდაუვალი აუცილებლობის შეგნებით, მხოლოდ გიორგი გახარია თუ შეძლებს და თუ იგი ამას არ გააკეთებს, მისი მოღვაწეობის არსსა და მიზანს ვერასოდეს მივხვდები… სხვა გზა და საშველი საქართველოს არ აქვს, თავი დაიხსნას “ნაციონალური” ბოროტებისგან!..”
კომენტარები