ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, ჯემალ ღაღანიძე 88 წლის გახდა. უკვე რა ხანია სახლშია, ძირითადად წევს. სევდით ისიც კი დასცდა – მე ჩემი უკვე დავასრულეო. თუმცა თეატრში თამაშზე მაინც ფიქრობს.
ძალზედ გაახარა მილოცვამ. ტელეფონი არ გაჩერებულა და მიხარია, რომ თურმე ხალხს ვახსოვარ და ვუყვარვარო, გვითხრა. მსახიობს ტრადიციად ჰქონია, საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, თანაც პომპეზურად.
ჯემალ ღაღანიძე: – მინდოდა ხმაურიანი დაბადების დღე, მეგობრების გარემოცვაში აღნიშვნა. ამის დრო არ არის ახლა. გარეთ ასეთი ამბავია, სახლში – ავად ვარ და ამდენად, ჩემმა დაბადების დღემ უღიმღამოდ ჩაიარა. მე რომ მჩვევია, ისე ვერ გავატარე.
ყველა რესტორნის დირექტორი ჩემი ძმაკაცია, მაგრამ ისეთი შეზღუდვებია, ვერსად ვერაფერს გადაიხდი. აი, 90 წლის რომ გავხდები, ორ წელში, ალბათ, მაშინ მოვიქაჩლებ თავს. ვნახოთ.
მახსოვს, 50 წლის რომ გავხდი, 300 კაციანი დაბადების დღე გადავიხადე „არაგვში“. 200 კაცზე ნაკლები იუბილე არ მახსენდება.
ამჯერად კახიმ ვერ მომილოცა. მის ამბებს ყოველდღიურად მიყვება მისი ძმა, იმერი. ახლა ისეა, ტელეფონსაც ვერ პასუხობს, სმენა ძალიან დაუქვეითდა. ასე რომ ტელეფონზე დარეკვას, აზრი არ აქვს.
თეატრიც მენატრება და კინოც. “მოხუცი ჯამბაზები” მხოლოდ ჩემი მიზეზით არ გაჩერებულა. ბევრი მსახიობი გარდაიცვალა – ზინა კვერენჩხილძე, მედეა ჩახავა, ზაზა ლებანიძე. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს კახი. თუ ღმერთი ინებებს და სცენაზე კიდევ მომიწევს გამოსვლა, ძალიან კარგი იქნება. თუ არადა, მე ჩემი უკვე დავასრულე…
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები