ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:
პუტინის მთავარ მოწინააღმდეგეებად მიჩნეული ორი ლიდერი დღეს რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაშია: ერთი მათგანი დილით, ბახმუტში უკრაინელ მებრძოლებს ამხნევებს, შუადღეს პრეზიდენტ დუდას ვარშავაში ხვდება, საღამოს ბაიდენთან აქვს აუდიენცია, შემდეგ კი ამერიკის კონგრესში ფურორს ახდენს; მეორე მათგანი კი, რომელმაც პირველმა გაუბედა პუტინს შეიარაღებული და რაც ჩემი აზრით არანაკლებია – მენტალური წინააღმდეგობა, ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით საქართველოს ციხეშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.
მიხელი სააკაშვილის სასამართლოს კადრებმა დასავლური სამყაროს მეხსიერებაში მოწამლული ლიტვინენკოს თუ პუტინის სხვა, პირადი შურისძიების ობიექტების დატანჯული სახეები ამოატივტივა. CNN-ზე მილიონობით ტელემაყურებელმა იხილა სიუჟეტი სათაურით – “მძიმე მეტალებით მოწამლული პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოს ციხეში კვდება”. პუტინის პირდაპირ შურისძიებასთან რამდენად გვაქვს საქმე, ამის დადასტურება დოკუმენტურად შეუძლებელია, თუმცა მთავარი აღქმებია. სამყარო კი ამ მოვლენას სწორედაც რომ დიდი პროცესის ნაწილად, დამარცხებისკენ მიმავალი რუსეთის კუდის მოქნევად და სააკაშვილზე დაქადნებული შურისძიების სისრულეში მოყვანად აღიქვამს, ეს აღქმა კი შემდეგნაირად გრძელდება: ზელენსკიმ პუტინზე სერიოზული იერიში მიიტანა როგორც ბრძოლის ველზე, ისე ამერიკისა და დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების მოპოვებით, რის პარალელურადაც მოსკოველი ტერორისტი ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს, რომ მას ჯერ კიდევ შესწევს ძალა დასავლეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. მართალია არ აქვს წარმატება უკრაინის ფრონტზე, თუმცა ის გამარჯვებულია საქართველოს ფრონტზე, რაც იმაში გამოიხატება რომ საძულველ მტერს, ქართული სახელმწიფოს წარმატების სიმბოლოს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ხელისუფლების ხელით ციხეში კლავს, რითაც მსოფლიოს აჩვენებს, რომ ეს ქვეყანა მას ეკუთვნის.
შესაძლოა, ამ სცენარის ბევრს, მათ შორის ოცნების მომხრეებსაც არ სჯეროდეთ, ისევე, როგორც თავის დროზე მიშას ჩამოსვლა ვერ წარმოედგინათ და ტრუსკავეცკში თუ სადღაც სხვაგან ეგულებოდათ, მაგრამ მთავარია რომ ამას მსოფლიო ხედავს და იჯერებს და მიშას რომ მართლა რამე მოუვიდეს ციხეში, ეს ამბავი ისტორიაში პუტინის განხორციელებული სპეცოპერაციის სახელით შევა, რომლის დროსაც რუსულმა FSB-ემ ივანიშვილის ხელისუფლების და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილის წახალისებით, ხოლო რაღაც ნაწილის ყრუ დუმილით მოკლა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, ამ დაღს კი ვერც ივანიშვილი, ვერც ქართული ოცნების ლიდერები და ვერც ქვეყანა ვერასოდეს ჩამოირეცხავს.
მსოფლიო საინფორმაციო ოკეანეში დაძრულ ცუნამს კი უკვე ვეღარაფერი გააჩერებს. პრეზიდენტების ზელენსკისა და სანდუს მიმართვებს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოჰყვება ევროპის სხვა დიდი და გავლენიანი სახელმწიფოების პირველი პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ სასწრაფოდ გადაიყვანონ. თუ ამ მოწოდებებსაც კობახიძე საკუთარ სტილში, დამცინავად უპასუხებს და იტყვის, რომ ამ ადამიანების სიტყვასაც ჩალის ფასი აქვს, იგივე ცივილიზებული სამყაროსთვის ეს იქნება პირდაპირი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული სპეცოპერაციის პირდაპირი მონაწილეა.
1941 წელს უინსტონ ჩერჩილმა კონგრესში ისტორიული სიტყვა წარმოთქვა, რითაც ამერიკული პოლიტიკური ელიტის უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა და ტრანსატლანტიკური ერთობა გააფორმა, რამაც, საბოლოოდ გამოიწვია ჰიტლერის დამარცხება. 81 წლის შემდეგ, იგივე გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც, რომელმაც ასეთი ტრანსატლანტიკური ერთობა უკვე რუსეთს დაუპირისპირა და უბრალოდ დროის საკითხია ის, თუ პუტინი ჰიტლერის ბედს როდის და რა ფორმით გაიზიარებს. არ დაგვავიწყდეს, რომ კონგრესმა უპრეცედენტო, 45 მილიარდიანი დახმარება დაუმტკიცა უკრაინას და ეს მხოლოდ დასაწყისია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს თანხა ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის 5 პროცენტზე ნაკლებია, ვაშინგტონი კი მზადაა ბევრად მეტი გაიღოს უკრაინის გამარჯვებისთვის. რუსეთი უკრაინაში უკვე შეჩერებულია, დაწყებულია ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შეუქცევადი და გეგმაზომიერი პროცესი, რაც რუსეთისა და პუტინის სრული მარცხით დასრულდება. ისტორიული ცუნამი კი პუტინის რუსეთის ყველა მოკავშირეს წალეკავს. არადა ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ როგორც მინიმუმ ამ წასალეკთა სიაში არ აღმოვჩნდეთ.
მართალია ზელენსკის კონგრესში ისტორიული გამოსვლისას საქართველო არ უხსენებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოიცალა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიხაილოს სიცოცხლის გადარჩენა ეთხოვა. სიმბოლურია, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეც ამ დიდი ტრანსატლანტიკური ერთობის ნაწილი და საქართველოსთვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია: თუ მიშა ციხეში დაასრულებს სიცოცხლეს, ეს ავტომატურად საქართველოს პუტინთან ერთად ყოფნას ნიშნავს, ხოლო მისი სიცოცხლის გადარჩენით, ამ ქვეყანასაც მიეცემა გადარჩენისა და ისტორიულად და სტრატეგიულად სწორ ადგილას დადგომის შანსი.
ის ხალხი კი, ვისაც დღეს დაუძლურებული სააკაშვილის დანახვა უხარია და რატომღაც ჰგონიათ, რომ შურისძიების შედეგები მათზე უარყოფითად არასდროს აისახება, მწარედ ცდებიან. კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, გაიზრდება და დიდ საფრთხედ დაეკიდება საქართველოს მომავალზე. კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ: რაღაც ეტაპზე უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაა ამ გაჭედილობის ავტორი. პოლიტიკური მხარის მიუხედავად, ყველასთვის თანაბრად აუტანელი ხდება ცხოვრება. ქართული პოლიტიკის ეს გაუვალობა მთელ ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს შეეხება, და ეს უკვე ხდება, ისევე, როგორც ერთ ადგილას მდგარ და დასაცობებულ თბილისში საათობითაა უიმედოდ გაჭედილი ქოციც, ნაციც და შუაშისტიც.
კომენტარები