ბლოგერი, დავით ჩუთლაშვილი:
“გუშინ ჩემთვის ვიჯექი რუსთაველის პროსპექტის ერთ-ერთ ძელსკამზე და ჯოხიან ნაყინს შევექცეოდი. შევექცევი ამ ჩემ ნაყინს, უკვე სანახევროდ მაქვს შეჭმული და გვერდით ერთი ორმოცდახუთიოდე წლის, არცთუ მდიდრულად ჩაცმული, ქერათმიანი მამაკაცი მომიჯდა და ეგრევე დაიწყო:
“ისე, ჩემი სიტყვა არ დაივიწყო და რასაც გეტყვი, მომავალში გამოგადგება, უფროსო, თუ ნამდვილი ქართველი ხარ და მითუმეტეს ნამდვილი მამაკაცი, ნაყინის ან ბანანის ჭამა და მითუმეტეს საჯაროდ, მიღებული არ არის!”
სიმართლე გითხრათ, გავშტერდი. პასუხად ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ვერც ის გავიგე, რა მითხრა. პროგრამირების დროს გვერდს რომ დაარეფრეშებ და შეცდომით source code რომ ამოგიხტება, უცებ მასეთ რაღაცად აღვიქვი ის მამაკაცი.
მაგრამ მამაკაცი რეალური იყო და “დარეფრეშების” შემდეგ არსად წასვლას არ აპირებდა. გულწრფელად ფიქრობდა, რომ ძალიან კარგი და სასარგებლო რაღაც მასწავლა. ცოტა ხანში მკითხა, 20 ივნისს რომ აქ იდგნენ, შენც ერთ-ერთი მათგანი ხომ არ ხარო და დაამატა, ნაცების დროს მომრავლდნენ ნაყინის და ბანანის მჭამელი ადამიანებიო.
მოკრძალებულად მადლობა გადავუხადე უცნობს კეთილი რჩევებისთვის და შინისკენ წავლასლასდი. გზაში კი მართლა სერიოზულად დავფიქრდი, ბოლოს როდის მყავდა საქართველოში ნანახი ბანანის და ნაყინის მჭამელი ადამიანები, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიხსენე…”
კომენტარები