„ალია“ ესაუბრება დავით ბაკურაძეს, სპორტულ ჟურნალისტს, რომელიც ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში:
-უამრავი გამომწერი და მკითხველი გყავს სოც. ქსელში, უამრავი ადამიანი ელოდება შენგან ისტორიას, რომელიც გააღიმებს და კარგ ხასიათზე დააყენებს, თუმცა, ვიცი, რომ პოლიტიკაზეც გაქვს შენი შეხედულება და პოლიტიკური ანეკდოტებიც ხშირად მხვდება შენ გვერდზე.
-რა თქმა უნდა, ჩემი პოლიტიკური შეხედულება მაქვს და იმასაც ვცდილობ, ჩემ ცხოვრებაში იუმორის ადგილიც გამოვნახო.
-ყველაზე კარგი ანეკდოტი ბიძინა ივანიშვილზე რაც მოგისმენია?
-თავად ანეკდოტია – ადამიანი, წარმოიდგინე საიდან წამოვიდა და ახლა არის ქვეყნის ერთმმართველი. არავინ იყო, ჰქონდა ბიზნესი და მეტი არაფერი. რაღაცას გაარტყა და წაიღო და წაიღო. კაზინოში რომ რაღაცას გაარტყა, დაახლოებით ისე და ახლა ჩვენ ქვეყანას განკარგავს თავის ჭკუაზე. პრინციპში, არ არის სასაცილო, ტრაგედიაა. მიშას ბრალიც არის ბიძინას აღზევება, ძალიან წინ წამოსწია და ესეც დაეხმარა ივანიშვილს. ბევრ რამეში ჰყავდა ჩართული. ფიზიკურად არ ვიცოდით, ვინ იყო, მაგრამ მასზე ლეგენდები დადიოდა და ქველმოქმედი კაცი გვეგონა. თურმე, თავისი ამბიციები ჰქონია. პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდა. რამე რომ უთხრა, სამართლებრივად ვერ შეედავები, სინამდვილეში რომ თქვა, არც პრემიერია, არც სხვა თანამდებობა აქვს, ვერც ვერაფერს მოსთხოვ – არაფერზე აგებ პასუხს და თან ყველაფერი შენია. ივანიშვილის პოზიციიდან მაგრად ასწორებს და ქვეყნისთვის? უკეთესის იმედი აღარ აქვთ ადამიანებს. საუბრობ პოლიტიკაზე და ხალხის ნაწილი გპასუხობს – რა აზრი აქვს, მაინც ესენი მოიგებენ, ვიღაცას მოისყიდიან, ვიღაცას დააშინებენ, ვიღაცას შთააგონებენ და ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდეო – ამდენი ხანია ადამიანი მართავს ქვეყანას, არც ხალხისთვის აკეთებს რამეს და მაინც, მის მმართველობას არ უჩანს ბოლო. თუ რაღაც სერიოზული არ მოხდა, „ბომბი“ თუ არ აფეთქდა, ოპოზიციას ნაკლებად მგონია, რომ შანსი ჰქონდეს.
-რა სახის „ბომბს“ გულისხმობ?
-როგორც მოხდა 2012 წელს, ციხის კადრები, მაგალითად, მაგის მსგავსი თუ არ აფეთქდა, ისევ ისე გაგრძელდება. პატარ-პატარა აფეთქებები არაფერს იგებს, პირიქით, ხალხი გადაიღალა, ამდენი ნეგატივით. ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა დაჭრეს და უკვე ხალხი აღარც აქცევს ყურადღებას, აღარ აინტერესებს – იმეორე და იყავიო, გეუბნება. ვერც იმ სახელმწიფოს უმტკიცებ დანაშაულს, რა ჩემი ბრალიაო გპასუხობს, ვიღაცამ ვიღაცა მოკლა, მე რა შუაში ვარ, ასე იყო და ასე იქნებაო, გეუბნება და ხალხიც ჩერდება.
-მე მეგონა, სოციალური თემა იქნებოდა ე.წ. „ბომბი“, გაღატაკებული ოჯახები, ღატაკი ოჯახებისთვის სიღარიბის გამო ჩამორთმეული ბავშვები, მშობლები, რომლებიც დღეში 12 საათი მუშაობენ ლუკმა პურისთვის, პენსიონრები, რომლებსაც წამლებზეც არ ჰყოფნით პენსია და გაძაღლებული ყოფა დაუდგათ.
-უჭირს მთლიანად ერს და ახლა წიხლსაც აჭერენ, მოდი, რომ გიჭირს, შვილსაც წაგართმევო. აბსურდამდე მივდივართ. თუ უჭირს და ვერ ინახავს შვილს უნდა დაეხმარო, კი არ უნდა ჩამოართვა – მერე იკითხავენ, შობადობა რატომ შემცირდაო. გეთანხმებით, ხალხს უჭირს, მაგრამ რომ ეტყვი, არჩევნების წინ 500 ლარს მოგცემო, იმას ის 500 ლარი ურჩევნია, რადგან ფიქრობს, მერე რა ვიცი, რა იქნება, იქნება, ვინც მოვა, იმანაც ისევ ისე გააგრძელოს და ეს ხუთასი ლარიც დავკარგოო. ადგება და შემოხაზავს იმ „ოცნებას“.
-20 ლარიდან 500 ლარამდე გაძვირდება ხმის მიცემა?
-შეიძლება მეტიც კი მისცენ. ის 500 ლარიც რა არის, ცოტაც და იმ 20 ლარის ტოლფასი გახდება მალე, ფასების მატების და ინფლაციის გამო, მაგრამ იმდენად უჭირთ ადამიანებს, ბევრისთვის დღესაც დიდი ფულია. წინა არჩევნები შეიძლება უფრო იაფი დაუჯდათ, მაგრამ დღეს ბევრად უფრო გაუფუჭდათ სიტუაცია, ხალხი ნელ-ნელა თითქოს მოდის აზრზე, თითქოს ხალხის ნაწილი ხედავს რაც ხდება და ბოლომდე გამოფხიზლების ეშინიათ. ყველა ფენაა ჩართული – ე.წ. „შავები“, ბიზნესმენები მაგათზეა დამოკიდებული და მაგათზე მუშაობენ, საჯარო მოხელეები, ძალოვანები და ა. შ…
-ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების წისქვილზე ასხმას წყალს, ზოგ უბანში თითქოს გაურიგდნენ კიდეც და სკამებიც გადაანაწილესო, ამბობენ.
-ერთობაო, იძახის ოპოზიცია, მაგრამ სად არის ეს ერთობა? ხან ერთი გამოეყო, ხან მეორე და ხან მესამე – საერთო ჯამში, რომ ვუყურებთ, ერთმანეთს მეტად ლანძღავენ ვიდრე ივანიშვილს და რა გამოვიდა? ვაშაძე არის ჩხარტიშვილის ნათესავიო – იყოს ნათესავი, თუ საქმეს აკეთებს, რა გინდა? ყველა ყველას ნათესავია ეგრე საქართველოში. ერთ კაცს იპოვნი, ვისი ყველა ნათესავიც მოგეწონება? ეგაა კომპრომატი? ივანიშვილის ნათესაობა არ არის კომპრომატი?
-გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობა – დაუდგება თუ არა ხელისუფლებას არჩევნებზე წინ? ოცნების მომხრეებმა სოც ქსელში დაწერეს, რა იყო, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებმა თავები ჩახარონ და 2-3 წელი ჩასხდნენო. ამით ხელისუფლებაც წაახალისეს გაყალბებისკენ და დამნაშავეებიც დაამშვიდეს, ოღონდ, ახლა მოგვეხმარეთ და აღიარეთ და მალე უკან გამოხვალთო!
-კი, ასე გამოდის ზუსტად. ძალოვანები რაღაცას გამოჩხრიკავენ – რაღაცა შუალედურს, სიმართლეს კი არა, სიმართლესთან ცოტა მიმსგავსებულს, ისეთს, რომ ხალხი დააწყნარონ, თუმცა, ბოლომდე არ გამოიძიებენ, რადგან, რომ გამოიძიონ, იციან, ისეთ ხალხზე გავლენ და ისეთი ხალხის დასჯა მოუწევთ, ვისგანაც დავალებულები არიან მაგრად. რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმეს – ის წარმოუდგენლად ჩახლართული ამბავია და მისი საქმის გამოძიების იმედი საერთოდ არა მაქვს. თავი რომ არ მოუკლავს, ეგ ყველამ იცის, მგონი, აბსურდი იქნება პოლიციისგან იმის მტკიცება, რომ ამ გოგომ თავი მოიკლა და ადამიანებს კიდევ უფრო გააღიზიანებს, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ვერც ეს საქმე გახდება ის „ბომბი“, რომელსაც ხალხის მასიური აფეთქება მოჰყვება.
-პოლიტიკის გამო ლანძღვა სულ მახსოვს, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე ჟურნალისტების ნაწილი, ფაქტების გარეშე, ხან ერთ შვილმკვდარ ოჯახს ადებს ხელს, ხან მეორეს. კი, აქტივისტები, პარტიის მხარდამჭერები, ადრეც ცდილობდნენ იმ ოჯახების გაშავებას, რომლებიც სამართალს ითხოვდნენ, მაგრამ ახლა ეს როლი იტვირთეს ჟურნალისტებმა, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია.
-ეს პოლიტიკაა, სამწუხაროდ. ადამიანს თავის გაჭირვება ეყოფა, შენ რომ სისულელეს აბრალებ, ეგ ყველაზე სულმდაბალი საქციელია. ბაჩალიაშვილზე რომ არ მომწონს – ცხადია, მაგრამ, არც შაქარაშვილის ბიძაზე მომწონს მაგალითად „მთავარის“ პოზიცია. გასაგებია, არც მე მომწონს, სიმართლე რომ ვთქვა, ბიძის საქციელი, მაგრამ დაანებე თავი რა, გამოიძიე, გააკეთე სიუჟეტი, მაგრამ ბიძებს, მამებს და დედებს დაანებე თავი… არაადეკვატურიაო, არაადეკვატურობა მაგ დროს არის ძალიან ბუნებრივი. შეიძლება რაღაც შეეშალოს კიდეც მაგ დროს, ეგაც ბუნებრივია და არ შეიძლება ასეთ დროს ადამიანის ჩაქოლვა! იდეალური ოჯახი და მფრინავი ანგელოზები დედამიწაზე არ არსებობს.
-მესამე ძალას ველოდებით და პარალელურად, ქვეყანაში შობადობამ იკლო, ემიგრანტთა რიცხვი იზრდება – საიდან და როგორ უნდა მივიღოთ ეს მესამე ძალა?
-უმეტესობა იმიტომ წავიდა ემიგრაციაში, რომ აქ პერსპექტივა არ ჰქონდა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ხალხი წავიდა და ჩვენთვის ეს არ არის კარგი. ჩვენ ვერ მოგვახმარა თავისი ნიჭი და მოახმარა სხვა ქვეყნებს. არ არის ქვეყანაში მესამე ძალის რესურსი… დღეს შემთხვევით წავაწყდი კუკავას პარტიის მიტინგს კიკვიძის ბარში, ყველაზე ახალგაზრდა დამსწრე იყო ალბათ 50 წლის და რა პერსპექტივაზე შეიძლება ახლა იმ პარტიაში იყოს საუბარი? ახალგაზრდების ნაწილი გავიდა ქვეყნიდან! მეორე ნაწილი, ვინც დარჩა, უყურებს, რომ წლების მანძილზე არაფერი იცვლება და არ უნდა პოლიტიკაში წასვლა, ურჩევნია, სხვა მხრივ გამოავლინოს თავისი უნარები. ბევრი ვიცი ისეთი, რომელსაც თავისი შეხედულება აქვს პოლიტიკაზე – ოღონდ, აღარ უნდა პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე საუბარი, საუბრის აზრს ვერ ხედავს. ნორმალურ, აწყობილ ქვეყანაში, შეიძლება მინისტრის და პრემიერის გვარიც არ იცოდე და კარგია. საქართველოში კი, ჩემი აზრით, არ არის სწორი, არ იყო პოლიტიკაში ნაწილობრივ მაინც ჩართული – გაჩუმებით მხოლოდ ხელისუფლება სარგებლობს, ქვეყანა და ხალხი კი ზარალდება. ვიცი ადამიანები, ვინც აქტიური უნდა იყოს, უნდა ამბობდეს, რა არის კარგი და რა ცუდი – რადგან იცის, ესმის, მაგრამ ჩუმადაა – ეს კი მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
სამაგიეროდ, გამოდიან და საუბრობენ უცოდინრები, უსმენს ხალხი და ფიქრობს, ეს რომ მოვიდეს უარესი იქნება. მეც ოპოზიციის მხარდამჭერი ვარ, ვუსმენ და მართლა შიში მიპყრობს, ეს რომ მოვიდეს, რა მეშველება. ხელისუფლებას უსმენ და გეშინია, ეს რომ დარჩეს, რა მოგივდა, ოპოზიციის ნაწილს უსმენ და გეშინია, ეს რომ მოვიდეს, რა მოგივა და ფიქრობ, ჯანდაბას, რაც იქნება, ის იქნება… მაგალითად, ჩვენ უბანში, ადამიანებს ხომ ვესაუბრები, 80 პროცენტს არ აინტერესებს ვინ მოვა, თავისი პრობლემებში არიან ჩართულნი. ვინც მოვა და შესთავაზებს კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, გადაიხრებიან იმისკენ. ხელს ვინც წაუკრავს, ოპოზიცია თუ მთავრობა, იმას მისცემენ ხმას.
– მთავრობამ დაიწყო უკვე საარჩევნო კამპანია. პანდემია რომ დაიწყო და საგანგებო მდგომარეობა რომ გამოაცხადეს, სანამ ყოველ დღე არ ვწერეთ, არ ვიმეორეთ, არ ვიყვირეთ, რომ ადამიანები ვერ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს, მანამდე, გადაწყვეტილება ვერ მივაღებინეთ და ახლა, წინასწარ დაანონსეს, ნოემბრიდან სამი თვე კომუნალურებს დავფარავთო. კარგია, კი ბატონო, მაგრამ რა ხდება, „პოსლეზეა“ წელს არჩევნები? ჯერ ხმა და მერე ფული?
– გასაგებია, რომ საარჩევნოდ სჭირდებათ და აკეთებს, თორემ, ფეხებზე ჰკიდიათ ხალხის ბედი. ადამიანები კიდევ ფიქრობენ, რომ მოდი, ამაში მაინც გამოვიყენო. როგორც უკვე ვთქვი, ისეთი უიმედო ყოფაა, რომ ოღონდ რამეში წაადგეთ ვინმე და მცირედითაც კმაყოფილდებიან. წინა არჩევნების დროს, ჩემი მეგობარი გახარებული მოვარდა, სესხები გამინულა ყველა ბიძინამო, ვენაცვალეო. პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე ონლაინ სესხი ჰქონდა აღებული. გავიდა რამდენიმე თვე და დაურეკა ჯერ ერთმა – ჩვენ არა, სხვა განულდაო, მერე მეორემ – ჩვენ არა, სხვა სესხი განულდაო და ასე დაურეკა ყველამ, დღემდე ვერ გაიგო, აბა, რომელი სესხი გაუნულდა.
-ვის მისცემ ხმას არჩვენებში?
ოპოზიციას მივცემ, ყველა ვარიანტში. ერთადერთი ვიცი, რომ ჩვენთან ნათელაშვილი იყრის კენჭს და მივცემ ხმას ნათელაშვილს, კაცი ამდენი ხანია წვალობს და რაღაცა გამოუვიდეს.
-პარტიებიდან ვის მისცემთ ხმას?
ორი ვარიანტია, ან ევრონაცებს და ან ნაციონალურ მოძრაობას. ერთმანეთს ჭამენ და ეს ძალიან არ მომწონს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ერთი ძალაა, შეიძლება გაყოფილი ძალაა, მაგრამ მაინც ერთია და ეს ის ძალაა, რომელმაც შეიძლება რამე ბიძგი მისცეს ქვეყანას, სხვას ვერ ვხედავ. ლელო განაწყენებულია ბიძინაზე ანაკლიას გამო. ბესელია ბიძინას ყოფილი ქვეშევრდომია. ბურჯანაძემ ისეთი რამეები გააკეთა, სულ რომ ფრთიანი ანგელოზი გამოჩნდეს, მაგას აღარავინ დაუჯერებს აწი. ადამიანი არ იცვლება. ვიცი, რომ ჩემგან უფრო სასაცილო, ან სახალისო ინტერვიუს ელოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენად ცუდი ვითარებაა, გაღიმებითაც ვერ გაგაღიმე, მაგრამ ბოლოს ერთ მწარე ანეკდოტს მაინც მოგიყვები: ორი საუბრობს: – ნეტავი, ბიძინა იყოს მამაჩემი. – ფული ინატრე თორემ, დედაშენს მეც კი ვუზამო… ხოდა, ცუდი მამა გამოდგა ბიძინა, ცუდი… უფრო მამინაცვალი…
თამო კეშელავა, ალია №28
კომენტარები