ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
,,ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია. მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო მათი ძალისხმევის შედეგად 2020-21 წლებში სამი დამნაშავის – გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება. ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ბუნებრივია, ყველა იმ პირსაც ეკისრება, რომელიც კრიმინალების განთავისუფლებას აქტიურად ითხოვდა.
ჩვენი უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს.
ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ.
რადგან სააკაშვილის საკითხი, ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე აქტუალურია, ამ თემას შედარებით დეტალურად შევეხები. კერძოდ, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას:
? როდესაც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი პარლამენტის წევრს უმძიმესი ფორმით ფიზიკურად უსწორდება და ახალგაზრდა კაცის მკვლელებს საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით მფარველობს, უნდა მოიხადოს თუ არა მან ამ ქმედებებისთვის სასჯელი (ასეთია ორი ოფიციალური ბრალი, რომლის საფუძველზეც სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; ორივე საქმის შესახებ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის; ამასთან, გირგვლიანის საქმეში სააკაშვილის ბრალეულობა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა)? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – კი
? როდესაც ამ დანაშაულთა გამო მსჯავრდებული პირი საქართველოს საზღვარს უკანონოდ ჰკვეთს, უნდა მოხდეს თუ არა მისი მყისიერი დაპატიმრება? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – კი
? როდესაც მსჯავრდებული ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შიმშილობას იწყებს და განთავისუფლებას ითხოვს, უნდა დაუკმაყოფილდეს თუ არა მას მოთხოვნა? პასუხი აქაც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია – არა
? როდესაც მსჯავრდებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას იმისათვის ითხოვს, რომ ციხიდან გავიდეს და თანამზრახველებს მისი განთავისუფლების შანსი მიეცეთ, უნდა დაჰყვეს თუ არა ხელისუფლება მოთხოვნას? პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა – არა
? როდესაც მსჯავრდებული უარს აცხადებს სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორე, კლინიკით აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანაზე, უნდა გამოიყენოს თუ არა სახელმწიფომ იძულების პროპორციული ზომები მსჯავრდებულის გადასაყვანად? პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა – კი
? ბოლოს, როდესაც მსჯავრდებულის თანამზრახველები კატეგორიულად ითხოვენ მისი გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროებას, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე იციან, რომ ეს კადრები არ იქნება სასიამოვნო სანახავი და როდესაც კადრების არგასაჯაროებაზე უამრავ სიცრუესა და სპეკულაციას აგებენ, უნდა გაუზიაროს თუ არა სახელმწიფომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია სიმართლის შესახებ? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია – თუ საქართველო სახელმწიფოა, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საზოგადოება არავის უნდა შეაყვანინოს შეცდომაში – კი
ასე რომ, ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უსაფრთხოება არასაჭირო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს.
სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა – საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი!
ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ლობისტია და ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა – ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ – მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?
2012 წლიდან, საქართველოში მართლმსაჯულებამ და ზოგადად, სამართალდამცავმა სისტემამ ფუნდამენტური წინსვლა განიცადა. ამას ცხადყოფს როგორც ელემენტარული სტატისტიკა, ისე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, მათ შორის Heritage Foundation-ის, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“, მსოფლიო ბანკის რეიტინგები და სხვ. აღნიშნული რეიტინგები ადასტურებს, რომ საქართველო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია და ათამდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც კი უსწრებს. სასამართლო სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო და რომელმაც 2004-12 წლებში უამრავი ადამიანის ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება ხელყო, 2012 წლიდან რადიკალურად და თვისებრივად გარდაიქმნა და სამართლის სამსახურში ჩადგა.
ამ ფონზე, ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი – ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები.
თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს.
მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება – ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ.”
კომენტარები