სააკაშვილის განცხადებებზე ისტერიული რეაქციით ოპოზიციური პარტიები თვითონ ვერაფერს იგებენ და ისევ ორპოლუსიანობას აძლიერებენ. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.
„მე არ ვამბობ, რომ „ევროპული საქართველო“ და სხვა პარტიები, რასაც აცხადებენ, ეს არასწორია, მაგრამ, როდესაც შენ მოქმედებ ისე, რომ მიზნის საწინააღმდეგო შედეგს იღებ, ამას ქვია არაკვალიფიციური პოლიტიკური პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილის განცხადებებს შეხედონ არასერიოზულად, გააიოლონ ეს ყველაფერი, აკეთებენ ისტერიულ განცხადებებს და ამით ამომრჩეველს ფაქტიურად ეუბნებიან, რომ არსებობს მხოლოდ 2 ძალის ცენტრი. თეორიულად უშვებენ, რომ ამომრჩეველი, რომელიც დარჩება არჩევანის გარეშე, გააკეთებს არჩევანს ამ ორ ძალას შორის. სინამდვილეში ამ თავისი აგრესიული რეაგირებით ორპოლუსიანობის პრევენციის ნაცვლად ორპოლუსიანობას უწყობენ ხელს…
რეაქციაუნდა ქონდეთ, მაგრამ შედარებით თავშეკავებული. შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს, მაგრამ როდესაც ისტერიულ რეაქციას იძლევი, ამით უკუშედეგს იღებ.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკა არ არის ემოციების სფერო, ეს არის პრაგმატული, ცივი გონებით გათვლების სფერო.
გასაგებია, რატომაც ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მწვავე რეაქცია. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ აქვთ ერთი ელექტორალური ბაზა, რომელსაც ისინი რაღაც პროპორციით იყოფენ, გასაგებია, მაგრამ ამის გაკეთება უფრო ხარისხიანადაც შეიძლება. თუმცა, მე მათ დაპირისპირებას სერიოზულად არ მივიღებდი, თუ საქმე კოალიციამდე მივიდა, დამერწმუნეთ, ისინი საერთო ენას ისევ გამონახავენ, ისევე, როგორც ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში“
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „პარტიუკებზე“, ოპოზიციურის მწვავე რეაქცია მოყვა.
„მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების, საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები