„ალიას“ ესაუბრება ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, რომელმაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე ბევრად ადრე, გვითხრა, რომ არჩევნების გადადება სასურველი იქნებოდა.
– ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესდა ახალი რეგულაციები. ზოგი ამბობს, რომ დაგვიანებულია, ზოგი ამბობს, რომ საკმარისად მკაცრი არ არის, ზოგი წერს, რომ ზედმეტად მკაცრია, თქვენ როგორ ფიქრობთ?
– მე ყველა რეგულაციას ვიცავ. მე არ ვარ კრიზის მენეჯრეი და ჩემთვის ძალიან რთულია დავიწყო იმ რეგულაციების კრიტიკა, რაც დაწესდა, ამიტომ მას უბრალოდ ვიცავ, თუმცა, რაღაცებს ვერ ვიგებ და ვერ ვხვდები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გვითხრეს, რომ სწავლა იქნებოდა კვირაში რამდენიმე დღე ონლაინ და კვირაში რამდენიმე დღე ბავშვები ივლიდნენ სკოლაში – იმ რამდენიმე დღეს, როცა სკოლაში დადიოდნენ, კორონასთან იყვნენ შეთანხმებულნი, თუ ზეციურ ძალებთან, თუ რატომ არ შეიძლებოდა, სწორედ იმ დღეს გადასდებოდა ბავშვს და მერე გაევრცელებინა კიდეც? გვითხრეს, რომ შეიქმნა სატელეფონო პროგრომა კოვიდთან საბრძოლველად და ამაში გადავიხადეთ ნახევარი მილიონი, საჭირო იყო ეს პროგრამა? იმუშავა? მე მაგალითად არ ვიყავი ჩართული, არც არავის გაუკეთებია მოწოდება, ჩაერთეთო – რისთვის შეიქმნა, რისთვის გადავიხადეთ ფული? კიდევ ერთი, ჩვენ პირველი თვეების მანძილზე ქუჩებში არ გვეკეთა პირბადე, კი, გვეკეთა დახურულ სივრცეში, მაგრამ ქუჩაში არა, მიუხედავად ამისა, კოვიდთან ბრძოლის პირველი ეტაპი იყო კარგი და ჩვენ მაშინ დავამარცხეთ ვირუსი. ახლა გვეუბნებიან, რომ ქუჩაშიც უნდა გვეკეთოს ნიღაბი – თუ მაშინ არ წარმოშვა საფრთხე პირბადის გარეშე ქუჩაში სიარულმა, დღეს რატომ უნდა წარმოშვას? ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს, არ შეიძლება ადამიანს ეშინოდეს ჰაერის, ეს დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს იწვევს. კიდევ ერთხელ ვიმეორემ, მე ვემორჩილები ამ რეგულაციებს, მაგრამ ვერ ვხვდები, 4 თვე დავდიოდით ქუჩაში პირბადის გარეშე და ახლა რისგან და ვისგან გვიცავს ქუჩაში მარტო რომ მივდივარ პირბადე? რა საჭიროა ადამიანების გაღიზიანების გამოწვევა? რას ემსახურება? დაველოდოთ ამერიკის არჩევნებს, თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს მაიმუნობა დასრულდება.
– ისევ გაქვთ იმედი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს?
– რა თქმა უნდა, იქ ახლა იმდენი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ვნახოთ, რა გადაწყდება, ეს იყო ამერიკის კი არა, მსოფლიოს ისტორიაში, ყველაზე დიდი გაყალბება. გარდა გაყალბებისა, ეს იყო ამომრჩევლის, ხალხის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა.
– რას შეცვლის საქართველოსთვის ბაიდენის მოსვლა აშშ-ს პრეზიდენტად?
– არაფერს შეცვლის კარგისკენ, უფრო დაამძიმებს სიტუაციას. მათი ნეორიბერალური დოქტრინები აქამდეც იყო, მაგრამ იყო ჩრდილოვანი გზით და შენიღბულად, ახლა იმოქმედებენ ღიად. ჩვენ ოჯახებს, ჩვენ ტრადიციებს, ჩვენ რწმენას, ჩვენ ქვეყანას შეექმნება პროპლემები და საფრთხე. საქართველოს მოსახლეობის 98 პროცენტი, ამას არ შეეგუება. მათი მოსვლის შეიცვლება ეპიდემიოლოგიური რეგულაციებიც, ვაქცინის მიმართ დამოკიდებულებაც და ბევრი რამ. თუმცა, დაველოდოთ ჯერ ამერიკაში სასამართლო პროცესების დასრულებას და საბოლოო შედეგს.
– რეგულაციები მძიმე ტვირთად დააწვა ბიზნესს, ჩვენ გვითხრეს, რომ ეს არ არის სრული ლოქდაუნი, მაგრამ თითქმის ყველაფერი დაიკეტა და რაც არ დაიკეტა, იქ ხალხი ფიზიკურად არ ან ვერ დადის. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არ აპირებს, ბანკებს შეუთანხმდეს კიდევ ერთ გადავადებაზე. პირველი შეზღუდვების დროს, ბანკებმა გადაავადეს სესხები, მართალია მძიმე პირობებით და საკმაოდ დიდი თანხის დამატებით, მაგრამ გადაავადეს, ახლა ამის გაკეთებასაც არ აპირებენ და უამრავი ადამიანი დარჩება პანდემიის დასრულების შემდეგ უსახლკაროდ, ბიზნესის გარეშე, სრულიად ღატაკი, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, თუ მივატანთ სულს პანდემიის დასრულებამდე…
– მეც მყავს მეგობრები, ვისაც ბიზნესი აქვს, მაგრამ ამ სიტუაციაში არ მისცეს მუშაობის უფლება, მყავს ისეთი მეგობრებიც, რომლის ბიზნესსაც მისცეს მუშაობის უცლება, მაგალითად სილამაზის სალონებს, მაგრამ ხალხი არ დადის, ხალხმა უკვე გაიგო, რომ არ უნდა იაროს და არ დადის. შესაბამისად, მათ კი მისცეს მუშაობის უფლება, მაგრამ ვერ მუშაობენ. ადამიანებს ახლა უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, უნდა გაიცეს კონკრეტული დახმარებები, კრედიტები, რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამ პერიოდის გადაგორება, თორემ ეკონომიკის პირველი სართული თუ დაიგრა, მერე მთელი შენობა ჩამოინგრევა. რა უნდა ქნას ამ ხალხმა? არ მუშაობენ და მათ ეუბნებიან, რომ შეინარჩუნონ ბიზნესი და პერსონალი, როგორ შეინარჩინონ? როგორ გადაუხადონ პერსონალს ხელფასები? უამრავი ადამიანია დასაქმებული მცირე და საშუალო ბიზნესში. ეს არის სწორედ ის პირველი სართული, არ უნდა მოვშალოთ ეს ხაზი, არ უნდა დავანგრიოთ, უნდა გამოვიყენოთ ყველა რეზერვი, დახმარების ყველა ფონდი. მე არ მაინტერესებს რას იზამს „ჰილტონი“, „მერელინი“, მე მაინტერესებს შენარჩუნდება თუ არა წვრილი და საშუალო ბიზნესი, სადაც უამრავი ადამიანებია დასაქმებული და ეს ადამიანები არ უნდა შევიყვანოთ ჩიხში. ახლა რაც ხდება ეს არის ნერვების ომი, ძირითადი დარტყმა მოდის ფსიქიკაზე. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს დაშინების ფაქტორების შესუსტება, გაზარდოს იმედიანობა. ადამიანის იმუნიტეტი დამოკიდებულია განწყობებზე, სტიმულაცია უნდა მისცეს ხელისუფლებამ ხალხს. უნდა უთხრას ხალხს, რომ მათ ჩვეულებრივად იცხოვრონ და ჰქონდეთ ხელისუფლების იმედი – ეს იმედი კი უნდა იყოს რეალური. თავის მხრივ ხალხმაც თავი ხელში უნდა აიყვანოს, ცოტა ხანი უარი უნდა ვთქვათ ტრადიციებზე, შეხვედრებზე, ურთიერთობების წესებზე, ვფიქრობ დეკემბრის ბოლოდან ყველაფერი შეიცვლება, 2020 წლის დეკემბერი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე რთული თვეა და ეს თვე უნდა გადავლახოთ. ნახეთ, რა ხდება ამერიკაში, საფრანგეთში ბანკებს წვავენ, საქართველოში ოპოზიცია სამშობლოს არ ინდობს, ირანში და ისრაელში დაძაბული სიტუაციაა, ამერიკა ირანზე აპირებს იერიშის მიტანას, კავკასიაში ასეთი რთული პერიოდი არ მახსენდება როდესმე ყოფილიყოს… ახლა საქართველოს ძალიან კარგი შანსი გვაქვს, ჩავაწყნაროთ კავკასიაში ვითარება და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა გზა საამისოდ…
– თქვენ თქვით, რომ ხელისუფლებამ უნდა მოგვცეს იმედი… ჩვენ ეს იმედი მივიღეთ გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომის დასაწყისშიც კი… თუმცა, მერე გვითხრეს, რომ ჩვენ კი გირჩიეთ დასვენებაო, მაგრამ არ უნდა დაგეჯერებიათო, ჩვენ კი მოგეცით ქორწილების გადახდის უფლება, მაგრამ არ უნდა გადაგეხადათო, ჩვენ კი მივეცით ოპოზიციას აქციების გამართვის უფლება, მაგრამ არ უნდა დაეჯერებინათო… ხელისუფლებამ გვითხრა, რომ მისთვის არ უნდა დაგვეჯერებინა – როგორ უნდა მქონდეს ისევ მისი იმედი?
– ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც დაიწყო ეპიდემია, ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს ხალხი მიენდო, მეტიც, ეპიდემიოლოგებს უწოდეს გმირები და გავაკეთეთ ყველაფერი, რაც გვითხრეს. ხელებაწეულნი დავემორჩილეთ. მათ ითხოვეს ნდობა და მიიღეს ეს ნდობა, აღარ უნდა მიატოვონ ხალხი, არ უნდა თქვან, რომ ხალხს ჰქონდა არჩევანის უფლება. ამის თქმა, ძალიან გვიანია. ჩვენ ვნახეთ სპეცრაზმით გარშემორტყმული ბოლნისი, საიდანაც სპეცრაზმის დახმარებით გადაიყვანეს მოქალაქეები კარანტინში და ხმა არ გაგვიღია, არ გავსულვართ ქუჩაში, არ გაგვიპროტესტებია, არ გვიკითხავს, რას აკეთებთ და როგორ აკეთებთ, არც ამის მერე. ამით იმას ვამბობ კიდევ ერთხელ, რომ მართლა ხელებაწეულნი დავემორჩილეთ… თუ შეცდომები იყო დაშვებული, ხელისუფლებამ მოიხადოს ბოდიში. მიმართოს ხალხს, ნდობის ნაწილი ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და დადგეს ხალხის გვერდით. ახლა იმის თქმა, რომ მე მიგიშვი და თავში ქვა გიხლიაო – დაუშვებელია.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები