ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.
– უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო პარლამენტმა და ოპოზიცია უკმაყოფილოა. საზოგადოების დიდი ნაწილიც. რამდენად ღრმად უნდა შევიდეთ რუსეთ–უკრაინის ამ ლამის წინასაომარ პროცესში? თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთის ომში უკრაინული ბატალიონი იბრძოდა, ომში დაღუპული უკრაინელი გმირების გვარ–სახელები გმირთა მემორიალზეა ამოტვიფრული. სოხუმი რომ დაეცა, უკრაინის ხელისუფლებამ ვერტმფრენები გამოაგზავნა ჩვენს დასახმარებლად და უკრაინელმა პილოტებმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 800–მდე ქართველი გადაარჩინეს. 2008 წლის ომის დღეებშიც, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო თბილისში ჩამოვიდა ჩვენს მხარდასაჭერად იმ დროს, როდესაც დიდი შანსი არსებობდა იმისა, რომ რუსეთი თბილისს აიღებდა და შეიძლება, დაებომბა კიდეც. არც ამის დავიწყება შეიძლება.
– ხელისუფლებას არ უნდა, ერთი გადაბრუნებული სიტყვა დააფიქსიროს რუსეთის მიმართ. იმიტომ არ ახსენეს რეზოლუციაში რუსეთი. რა გამოდის ახლა? თუ შესაძლო რუსული აგრესია არ არის, მაშინ მოიგონა უკრაინამ და მსოფლიომ? სირცხვილია ეს. პირდაპირი განაცხადია, უკრაინაში ომი არ გვინდა, მაგრამ რუსები არიან ჩვენი ძმებიო. ეს არის ამ რეზოლუციის სულისკვეთება.
– ჩვენ კოჭს ვუგორებთ რუსეთს და აგერ, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, კიდევ შემოსაზღვრეს და წაიღეს ქართული მიწები ოკუპანტებმა. მცოცავი ოკუპაცია კვლავ ძველებური ტემპით გრძელდება.
– ადრეც რამდენჯერმე მითქვამს, რომ ეს არ არის მცოცავი ოკუპაცია, ეს არის ქვეყნის ღალატი. როდესაც გართმევენ მიწებს და ხმას არ იღებ, ეს ნიშნავს რომ ეთანხმები ამ ყველაფერს. ქვეყნის, სახელმწიფოს ღალატი სხვა რა არის? თუ ტერიტორიებს გართმევენ და ხმას არ იღებ, ან ომი უნდა დაიწყო, ან უნდა გადადგე. ან ერთი, ან მეორე, თუ არადა დანაშული გაქვს ჩადენილი.
კომენტარები