ექიმი, თამარ ჟამურაშვილი:
ბევრი კოლეგის თხოვნით და რა თქმა უნდა საკუთარი სურვილით ვერ და არ ავუვლი გვერდს იმ ქაოსს, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვაქცინაციის ირგვლივ გაჩნდა.
პირველ რიგში დიდ პატივს ვცემ ბ-ნ George Kandelaki და მის პროფესიონალიზმს. რამდენიმე პაციენტთან დაკავშირებით გადავიკვეთეთ და სიამოვნებით ვითანამშრომლებ მომავალშიც. განსხვავებული, თუნდაც ურთიერთგამომრიცხავი აზრი, არ ნიშნავს მტრობას და არ უნდა გახდეს არაკოლეგიალობისა და შეურაცხყოფის საბაბი. ეს უკანასკნელი ექიმიებს ნამდვილად არ შეგვეფერება და ისედაც დაბნეულ პაციენტებს კიდევ უფრო დიდ საგონებელში აგდებს.
ზედაპირული მსჯელობა და პასუხები არ მჩვევია, ამიტომ გადავხედე ამ დღეებში დადებულ ყველა პოსტს, ვეცადე მიმხვდარვიყავი კოლეგის აზრს, მოტივაციას, მიზანს და სწორედ იმიტომ რომ მის პროფესიონალიზმს ვაფასებ, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მეპასუხა კითხვაზე: რამე ხომ არ გამომრჩა!!! სწორედ ამისთვის დამჭირდა ეს სამი დღე.
პასუხი ჩემს თავს: სამჯერ ვარ ფაიზერით აცრილი და მზად ვარ, თუ საჭირო გახდა ყოველ 6 თვეში ერთხელ ავიცრა!!!
დღემდე გაზიარებულმა ინფორმაციამ ვერ შემიცვალა აზრი. ვეცდები დეტალურად აგიხსნათ ამის მიზეზი მაქსიმალურად ადამიანურ ენაზე და რაც შეიძლება ნაკლები სამედიცინო ტერმინებით, მიუხედავად უაღრესად სპეციფიკური თემისა.
როგორც მივხვდი გამოიკვეთა ორი მთავარი არგუმენტი ვაქცინაციის წინააღმდეგ:
1. ADE: antibody dependent enhancement-დაავადების ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერება და VADE- ვაქცინა-ასოცირებული დაავადების გაძლიერება.
2. ვაქცინისადმი რეზისტენტული შტამების წარმოიქმნის რისკი
დავიწყოთ პირველი საკითხით ADE და VADE. ეს არის მდგომარეობა როდესაც დაავადების გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულები არათუ იცავენ ადამიანს განმეორებითი ინფექციისაგან არამედ აძლიერებენ ვირუსის გამრავლებას ორგანიზმში და მის ზემოქმედებას, რაც უმრავლეს შემთხვევაში უმძიმესი ფორმით მიმდინარეობს და სიკვდილით მთავრდება. მიაქციეთ ყურადღება, ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს როგორც ვაქცინაციის, ასევე დაავადების გადატანის შემდეგ!!! ყველა ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდ-ი ან ჩაიტარა ვაქცინაცია უვითარდება ანტისხეულები და ამ თეორიის თანახმად თუ კოვიდ-ის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ ასეთი ადამიანები დაინფიცირდნენ ამ ანტისხეულებმა უნდა შეუწყონ ხელი მძიმე ფორმის დაავადების განვითარებას.
კოვიდ-ი წელიწად-ნახევარია არსებობს ჩვენს რეალობაში, გვაქვს უამრავი რეინფექციის შემთხვევები, უკვე არსებობებენ ადამიანები ორი რეინფექციით (ანუ 3-ჯერ გადატანილი კოვიდ-ი). ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთაც კოვიდ-ი ვაქცინაციის შემდეგ განუვითარდათ. უმრავლეს შემთხვევაში როგორც რეინფექცია ასევე ვაქცინაციის შემდგომი ინფექცია მიმდინარეობს მსუბუქად, გართულებების გარეშე.
კოვიდ-ის გადატანის შემდეგ ან კოვიდ-ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულებით გაძლიერებული დაავადება რომ ვითარდებოდეს დღემდე მრავალი ასეთი შემთხვევა გვექნებოდა.
– ციტატა ბ-ნი გ. კანდელაკის ერთ-ერთი პოსტიდან: “თუ არსებობს ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება, მას აუცილებლად დავინახავდით აქამდე. ვერც ამ არგუმენტს გავიზიარებთ, რადგან ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება ძირითადად გამოვლინდება, როდესაც მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად დაიწევს, რასაც დელტა შტამთან მიმართებაში დაახლოებით 6-9 თვე სჭირდება”.
გეთანხმებით, მანეიტრალიზირებული ანტისხეულების ტიტრმა უნდა დაიწიოს, რომ ADE განვითარდეს, მაგრამ რეინფექცია ან ვაქცინაციის შემდეგ ინფექცია ვერ განვითარდება მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრის დაქვეითების გარეშე და ეს ნიშნავს, რომ ყოველი რეინფექციის ან ვაქცინის შემდგომი ინფექციის დროს ანტისხეულების ტიტრი დაქვეითებულია და შესაძლებელია ADE-ს განვითარება, რაც მსოფლიოს მასშტაბით ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება დელტა შტამს, ის სულ რამდენიმე თვეა რაც გვაქვს და საიდან მოდის თეორია, რომ ანტისხეულების ტიტრის დაქვეითებას 6-9 თვე სჭირდება? ეს პროცესი ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ანტისხეულების გამომუშავება და თვითონ ვირუსის გარდა მასპინძელი ორგანიზმის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდეუბლი.
– ციტატა ბ-ნი გ. კანდელაკის ერთ-ერთი პოსტიდან: “რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას ადვილად ამოვიცნობთ. ეს ასე არ არის, რადგან მისი პრეზენტაცია იქნება ისეთივე, როგორიცაა ჩვეულებრივი ციტოკინური შტორმი და დისტრეს სინდრომი. და რაც მთავარია, ასეთი გაცხოველებული აქცენტირება იგივე აშშ-ში, რომ მანდატორულად აცრან რაც შეიძლება დიდი ნაწილი პოპულაციისა, მომდინარეობს სწორედ იქიდან, რომ შეცდობემი ნაკლებად გამჟღავნდეს, და თუ პოპულაციის უდიდესი ნაწილი აცრილი გყავთ, საკონტროლო ჯგუფი აღარ იარსებებს ცხადია, რომელთანაც შეძლებდით შეგედარებინათ ავადობის სიმძიმის განსხვავება”
პასუხი 1: ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას მძიმე მიმდინარეობით ამოვიცნობთ. რეინფიცირებულებს ან ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირებულებს რომ ჰქონდეთ მასიურად მძიმე მიმდინარეობა, შეიძლებოდა ADE გვეეჭვა, თუმცა ეს ასე არ არის. ორივე შემთხვევაში კოვიდ-მიმდინარეობა მსუბუქია და ეს თავისთავად გამორიცხავს ADE-ს არსებობას (დელტა-შტამი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა შტამები, ეს სხვა თემაა).
პასუხი 2: ინფლუენცას ყოველ წელს ვცრით. თანაც ვცდილობთ ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ ავცრათ, იმისთვის, რომ ვაქცინაციის მოქმედება თებერვლის ბოლომდე მაინც გაგრძელდეს. ინფლუენცა სეზონურია, მხოლოდ ზამთარში გვაქვს. წარმოიდგინეთ მთელი წლის განმავლობაში რომ იყოს, როგორც კოვიდ-ი, რამდენჯერ მოგვიწევდა წელიწადში აცრა? ეს არ ახალია, რომ ვაქცინაციის ეფექტი გარკვეული დროის შემდეგ მცირდება და ბუსტერი სჭირდება. პნევმოკოკების ვაქცინას 5 წელიწადში ერთხელ სჭირდება და ა.შ.
გარდა ამისა, როგორც ვიცით, მწვავე კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება ანტისხეულებისა და პლაზმის გადასხმა, ყველაზე გვიან აქ უნდა გვენახა ADE-ს შემთხვევები. რატომ არ ამძიმებს ანტისხეულების გადასხმა მწვავე კოვიდ-ის მიმდინარეობას?
ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით, რომ ADE-სთან დაკავშირებით კვლევები არ ჩატარებულა და კოვიდ-ვაქცინის შექმნის პროცესში ამ ფენომენზე ყურადღება არ გამახვილებულა. ნებისმიერი ვაქცინის შექმნისას ADE უმთავრესი პრობლემაა, რასაც ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზეზით არის სამიზნედ სპაიკ-პროტეინი აღებული და არა SARS-CoV-2-ის ნუკლეოპროტეინი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა კვლევებში ADE-ს განვითარების მაღალი ალბათობა აჩვენა.
გარდა ამისა დარწმუნებული ვარ ბ-ნმა გიორგიმ კარგად იცის, რომ ამ ვაქცინების შექმნა შარშან არ დაწყებულა და რომ SARS-CoV-2 2003 წელს არსებულ SARS-ს ძალიან ჰგავს, ბევრი საერთო თვისებებია აღმოჩენილი და ყველა კვლევა, რაც 2003 წლიდან მოყოლებული SARS-ვირუსთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გადმოერთო SARS-CoV-2-ზე.
კვინტესცენსი:
– ADE არ დაფიქსირებულა კოვიდ-ვაქცინების პრეკლინიკურ კვლევებში ცხოველებზე;
– ADE არ დაფიქსირებულა კოვიდ-ვაქცინების კლინიკური კვლევების დროს ადამიანებზე;
– ADE არ დაფიქსირებულა კოვიდ-ვაქცინების ადამიანებზე გამოყენებისას. შეგახსენებთ, მსოფლიოში აცრილია 5,4 მილიარდი ადამიანი, აქედან 2,1 მილიარდი სრულყოფილად!!
– ADE არ დაფიქსირებულა დღემდე არც სხვადასხვა შტამით ინფიცირებისას!
https://blogs.sciencemag.org/…/antibody-dependent…
საკითხი 2: ვაქცინისადმი რეზისტენტული შტამების წარმოიქმნის რისკი.
პასუხი: ცალსახად მაღალია!!
ამის ცოდნას დიდი იმუნოლოგობა ნამდვილად არ სჭირდება. ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე ვამბობდით, თუ პანდემია დროულად არ შეჩერდა შასაძლბელია ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ბევრად განსხვავებული ვირუსიც მივიღოთ. სწორედ ამიტომ იყო საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფი გატარება აუცილებელი!! რაც ჩვენთვის ცნობილი ფაქტორების გამო ვერ მოხერხდა. რატომ ჩქარობთო, ბევრი კითხულობდა, სწორედ ამიტომ! სწორედ ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, რაც დღეს დაგვიდგა
დიახ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ძალიან ცუდ და საშიშ ვირუსთან გვაქვს საქმე.
გეთანხმებით, რომ დელტა შტამმა შეამცირა ვაქცინების ეფექტურობა ინფიცირების თვალსაზრისით. გეთანხმებით, რომ მუტაციები ყველა ინფიცირებულში ვითარდება იქნება ეს აცრილი თუ აუცრელი. თუმცა არც თქვენ ამბობთ, რომ ვაქცინაცია ხელს უწყობს მუტაციების განვითარებას ანუ ამაშიც ვთანხმდებით, რომ ვაქცინაცის გარეშეც განვითარდებოდა ეს მუტაციები.
ეხლა ისმის კითხვა, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ვაქცინაცია?
– ციტატა ბ-ნი გ. კანდელაკის ერთ-ერთი პოსტიდან: “მძიმე დაავადების შემცირება 59 % -ის ფარგლებში და სიკვდილიანობის შემცირება – 80% -ის ფარგლებში (თუ რამდენად მყარია ეს ეფექტი, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა ხდება რეზისტენტული შტამის გარდაუვალი გავრცელების შემთხვევაში – ამ საკითხებს შემდეგ პოსტებში განვიხილავთ)”
იმის შიშით, რომ მომავალში დღესდღეობით არსებულ ვაქცინებზე რეზისტენტული შტამი არ განვითარდეს გვირჩევთ დღეს არ გავაკეთოთ ვაქცინაცია და არ გადავარჩინოთ 100-დან 80 პაციენტი? თუ 59%-ით ნაკლებად რომ დაიტვირთება კოლაფსის წინაშე მდგარი რეანიმაციები, ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ დაფიქრებადაც კი არ ღირს?
აღნიშნავთ, რომ სიკვდილიანობა დღეს თუ არის 0,2-0,3% ვაქცინაციის შემთხვევაში გაიზრდება 0,9%-მდე. ვინ თქვა რომ საქართველოში 0,3%-ია? სიკვდილიანობა ვარირებს სხვადასხვა ქვეყნებს შორის და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამედიცინო სისტემაზე. საქართველოში დღევანდელ დღეს 1,35% ია დაკიდევ უფრო ბევრად გაიზრდება არა ვაქცინაციის, არამედ მედპერსონალის გადაღლისა და სისტემის კოლაფსის ხარჯზე! ამას მიუმატეთ სხვა დაავადებების გამო გაზრდილი სიკვდილიანობა, იმის ფონზე, რომ პაციენტები დროულად ან საერთოდ კლინიკაში ვერ ხვდებიან საწოლფონდის არ არსებობის გამო. ესეც “პროცენტია” ანუ დაღუპული ადამიანი!
მომავალში სრულად რეზისტენტული შტამი გაჩნდება თუ არა არ ვიცით.
პროფესორ დროსტენს ყველა იცნობს, ვინც კოვიდ-პანდემიაში ჩართულია. ეს არის იმუნოლოგი, რომელიც 2003 წლიდან მუშაობს SARS-ვირუსებზე, რომელიც მონაწილეობდა SARS-CoV-2-ვირუსის PCR-ტესტის შექმნაში და მუშაობს შარიტეს კლინიკაში. ბოლო შეხვედრისას აღნიშნა, რომ უდიდესი ვარაუდით დელტა შტამზე უფრო საშიში მუტაცია წესით არ უნდა განვითარდეს. მართალია ეს ვარაუდია და ამიტომაც ჯერ არ გაჟღერებულა, მაგრამ იმ იმუნოლოგის ვარაუდია, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს SARS-ვირუსებს და რომელიც გერმანიაში კოვიდ-ეპიდემიას მართავს ფაქტიურად! ასე თუ მოხდა, გამოვა რომ ვაქცინაციის პროცესი ტყუილად შევაფერხეთ და ამდენი ადამიანი სულ ტყუილად დავკარგეთ!
ასეც რომ არ იყოს და მართლაც განვითარდეს რეზისტენტული შტამი. mRNA- და ვექტორ-ვაქცინებში გამოცდილება თანდათან გროვდება, როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი დასჭირდებათ ახალი, მუტირებული შტამისთვის ახალი ვაქცინის შესაქმნელად? ეს ხომ ბევრად უფრო რეალურია დღეს, ვიდრე შარშანდელი ჩვენი მდგომარეობა იყო, როცა საერთოდ არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, რა ორგანოს აზიანებდა ვირუსი და როგორ უნდა გვემკურნალა.
გარდა ამისა, მეცნიერებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ, ვინ თქვა რომ რამდენიმე თვეში ან ახალი ვაქცინა არ გვექნება და ან ახალი ანტივირუსული მედიკამენტი?
დღევანდელი ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დღეს და ამ მიზანს არსებული ვაქცინები ნამდვილად ამართლებენ!
– ციტატა ბ-ნი გ. კანდელაკის ერთ-ერთი პოსტიდან: “თუ გადაცემის კუთხით არაფრისმქმნელია, თუ სხვას ვაქცინირებულიც და არავაქცინირებულიც თანაბრად უქმნის საფრთხეს და მხოლოდ ნაწილობრივ იცავს გართულებისგან ინფიცირებულს, მაშინ ბუნებრივია ისმის კითხვა – რას ნიშნავს მანდატორული ვაქცინაცია?”
პასუხი: გადაცემის კუთხით არაფრის მქმნელია – მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. თვით დელტა შტამის შემთხვევაშიც კი ინფიცირების რისკი რამდენადმე შემცირებულია და არა გამქრალი (ნაკლებად ვიდრე საწყისი ვირუსისა და ალფა-ს შემთხვევაში, მაგრამ მაინც!). გარდა ამისა შემცირებულია კოვიდ-ის ხანგრძლივობა, შესაბამისად უფრო მოკლე დროა ადამიანი ვირუსის მატარებელი, ეს ფაქტორიც ამცირებს ვირუსის ცირკულაციის დროსა და გადადების რისკს.
“მადატორული” ვაქცინაცია ნიშნავს, როგორც ზემოთ დავწერე და თქვენც აღნიშნეთ, 100-დან 80 პაციენტის გადარჩენას, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის 59%-ით შემცირებას.
– ციტატა ბ-ნი გ. კანდელაკის ერთ-ერთი პოსტიდან: “როგორ შეგვიძლია ვინმე დავავალდებულოთ რომ აიცრას არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ საკუთარი რისკების შემცირების მიზნით? “
საზოგადოებრივი უსაფრთხოება არ არის 100-დან 80 და 1000-დან 800 გადარჩენილი პაციენტი? როგორ ამცირებს ამით აცრილი საკუთარ რისკებს? რისკი როგორც ინფიცირების, ასევე რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების აუცრელს ბევრად უფრო უმცირდება ვიდრე აცრილს!
– ციტატა ბ-ნი გ. კანდელაკის ერთ-ერთი პოსტიდან: “ამ ვითარებაში, საზოგადოების დაყოფა აცრილებად და აუცრელებად, ერთმანეთთან დაპირისპირება, აგრესიის კულტივირება – იწვევს მხოლოდ და მხოლოდ იმავე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განადგურებას, რადგან საზ-ჯანდაცვის ეფექტურობა, მთლიანად დამოკიდებულია მაღალი ნდობის ფაქტორთან, რაც წარმოუდგენელი ამოცანაა ინფორმაციის გადამალვის, საზოგადოების ნაწილზე ძალადობის, ერთმანეთის მიმართ ზიზღის გაღვივების ვითარებაში. ყოველივე ამის გარეშე წარუმატებელი იქნება ნებისმიერი ძალისხმევა ეპიდემიის დამარცხებისაკენ მიმართული.”
პასუხი: აბსოლუტურად გეთანხმებით რომ საზოგადოების დაყოფა არ შეიძლება, მით უმეტეს ზიზღის გაღვივება და რომ ნდობა ექიმებისადმი უმთავრესია ექიმი/პაციენტის ურთიერთობაში!
მაშ რას ემსახურება თქვენს მიერ გამოდებული ფაშიზმის სურათი? განა ეს ზიზღს და შიშს არ აღვივებს, მოსახლეობაში, რომელთა უმრავლესობამ დარწმუნებული ვარ თქვენი პოსტებიდან მხოლოდ (!!) ის გაიგო, რომ ვაქცინაცია ცუდია (სიტყვა “კლავს” რომ არ ვთქვა, რაც ბოლო სამ დღეში უთვალავჯერ მოიწერა ხალხმა ინბოქსში).
– ციტატა ბ-ნი გ. კანდელაკის ერთ-ერთი პოსტიდან: “რამაც პირველად გამაბრაზა, ამდენი შეურაცყოფის კორიანტელიდან. ეს არის შეკითხვა: „და თქვენ აცრილი ხართ?“. ამაზე გიპასუხებთ მოკლედ, მთელი ჩემი წამოწყებული საქმის მთავარი მიზანი არის ის, რომ არავის საქმე არ არის ვინმე აცრილი არის თუ არა. ყველა თავისთვის გადაწყვეტს აცრის საჭიროებას. მე არავის ვეუბნები აიცერით ან არ აიცრათ. ჩემი პოზიციაა, რომ ადამიანებმა იცოდნენ რისკი და სარგებელი და თავად გადაწყვიტონ რა უნდათ მათ და არ გახდნენ პროპაგანდის, მოტყუების ან ძალადობის მსხვერპლნი. მე ჩემი აცრის სტატუსს არ ვიტყვი საჯაროდ, არა იმიტომ რომ ვინმეს ან რამის მეშინია, არამედ იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით პატივს ვცემ აცრილსაც და აუცრელსაც, ჩემთვის ერთნაირად პატივსაცემია ორივე! და არავის მივცემ სტიმულს, რომ თავისი გადაწყვეტილება მიიღოს ჩემი მაგალითით, არამედ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკუთარი განსჯის შედეგად. ვინც ამას ვერ ხვდებით, აყალიბებთ ტოტალიტარულ, ბოლშევიკურ/ფაშისტურ საზოგადოებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელით, იმიტომ რომ არ შეგიძლიათ თავისუფალი აზროვნება!”
პასუხი: როცა დღეში 80 ადამიანი იღუპება 3 მილიონიან ქვეყანაში და ვაქცინაცია ამის შეჩერების ერთადერთი და უალტერნატივო საშუალებაა აცრა ინდივიდუალური გადაწყვეტილება ვეღარ იქნება. ძალიან ოპტიმისტურია, იმის ფიქრი, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს იმუნულოგიას შევასწავლით 2 კვირაში ისე, რომ თავად განსაჯოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იგივეა მანქანა თუ გამიფუჭდა მექანიკოსმა მოტორის აგებულება შემასწავლოს. მე ველოდები მისგან, რომ მითხრას რა არის გაფუჭებული, როგორ შეუძლია შეაკეთოს და მე ამისთვის რა უნდა გავაკეთო, რომ მაგისტრალზე გზიდან არ გადავფრინდე! პური მეპურემ უნდა აცხოს და ასეთ სიტუაციებში პროფესიონალის რჩევა აუცილებელია!
როგორც ხედავთ, მართლაც პედანტურად ვეცადე ყველა მნიშვნელოვან საკითზე გამეცა პასუხი. ეხლა კი მე მაქვს უმთავრესი კითხვა.
განსხვავებულ აზრს ყოველთვის პატივს ვცემ, მაგრამ ასეთ მოულოდნელ აქტივობას აუცილებლად გამშვები მექნიზმი სჭირდება. 8 თვე საკითხში გასარკვევად დამჭირდაო წერთ, ამ 8 თვის განმავლობაში ახალი ADE-სთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა. 2 დღის წინ რაიმე ახალი კვლევა რომ დადებულიყო, კიდევ მივხვდებოდი, მაგრამ არაფერი მსგავსი მომხდარა. ნამდვილად გავიგებდი ეს საკითხი შარშან ან ამ წლის დასაწყისში, როცა ვაქცინაცია დაიწყო, რომ წამოგეწიათ. თქვენს მიერ მოყვანილი სტატიები შარშანდელია. დღეს, როცა მილიარდობით ადამიანია აცრილი, როცა ADE-ზე ეჭვიც კი არ გაჩენილა არც ერთხელ მსოფლიო მასშტაბით, ფაიზერმა მუდმივი ავტორიზაცია მიიღო, რას ემსახურება თქვენნაირი პროფესიონალის მიერ ასეთი ენერგიული, სპეციფიკური ენით დაწერილი და ხალხის დამაბნეველი განცხადებები? მე პირადად, რამდენჯერმე გადავხედე ზოგიერთ პოსტს, რომ აზრს მიმხვდარვიყავი. ვაღიარებ, მუტაციების სელექციას კალიების მაგალითზე მაინც ვერ ჩავწვდი და ეხლა მითხარით თქვენი “ფრედნლისტის” რამდენი პროცენტი მიხვდა რის თქმას ცდილობდით?
მომიტევეთ ეს ბოლო კითხვა, მაგრამ 1000-დან 800 და 10 000-დან 8000 გადარჩენილი პაციენტი მალაპარაკებს!
George საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული, თუ კი თქვენი თეორიების ნამდვილად გჯერათ, რატომ არ გადაარჩინეთ მილიონზე მეტი ადამიანი?
დიდხანს ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ძლიერი ფაქტორი, რამაც ასე მოულოდნელად გაგააქტიურათ.
ერთადერთი რაც ბოლო დღეებში მოხდა, ამერიკამ გახადა მედპერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო და იცით, რომ საქართველოც მალე მიჰყვება. გთხოვთ, გამიფანტეთ ეჭვი და მითხარით, რომ ხალხით მხოლოდ სუბიექტური მიზნებისთვის არ მანიპულირებთ.
– ციტატა ბ-ნი გ. კანდელაკის ერთ-ერთი პოსტიდან: “მთავარი, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით არის მანდატორული, ძალადობრივი ვაქცინაცია.”
… ანუ მთავარია მანდატორული არ გახდეს და ყველას არ დაევალოს, თორემ ვისაც უნდა “დაიღუპოს თავი”?
მე თუ მჯერავს, რომ ვაქცინა ან ნებისმიერი მედიკამენტი ცუდია ადამიანებისთვის, ყველანაირად ვეცდები ავუხსნა ეს ფაქტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არც ერთმა არ მიიღოს და ისეთი სიტყვები, როგორიცაა “უფლებები”, “მანდატორული”, “თავისუფალი არჩევანი” და ძმანი მათნი არც კი გამახსენდება…
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა აღმოჩნდება!
დღეს 79 ადამიანი გარდაიცვალა! მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვი…
ჯანმრთელობა ყველას!!”
კომენტარები