ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, დონალდ ტრამპი თაღლითობისა და მწერალ ელიზაბედ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროვებისა და ცილისწამებისთვის გაასამართლეს, ორივე შემთხვევაში დიდი ფულადი ჯარიმა დააკისრეს და მაინც იყრის კენჭს ამერიკის პრეზიდენტად. მიუხედავად ამისა, მისმა კონკურენტმა „რესპუბლიკურ“ პარტიაში, ნიკ ჰეილიმ მოხსნა კანდიდატურა, რადგან 48 შტატიდან 47 შტატში წააგო ტრამპთან პრაიმერი. ცოტა არ იყოს, ამერიკული დემოკრატიისთვის შეუსაბამოა ეს ყველაფერი, არა?
– კი, ასეთი აურზაური და ხმაური ამერიკის არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნების წინ არ ყოფილა. თუმცა, ტრამპს სასამართლო პროცესების წაგება ვერ შეუშლიდა ხელს არჩევნებში მონაწილეობაში. ამერიკის კონსტიტუციით ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება ამერიკის მოქალაქეს, რომელიც არ არის 35 წლის, ამერიკაში არ დაბადებულა და 14 წელი ამერიკაში არ უცხოვრია. დანარჩენი, რაც არ უნდა გააკეთოს, მას არ უკრძალავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ტრამპი ამ სამივე მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამერიკაში კონსტიტუცია მართლა კონსტიტუციაა. ციხეშიც რომ ჩასვან ტრამპი და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯონ, მაინც იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე, მაგრამ ვერ ჩასვამენ, ამერიკაში თვეები და წლები იჭიმება სასამართლო პროცესები და ეს გათვლილი აქვს ტრამპს. შემოდგომამდე ისეთი არაფერი მოხდება, რომ მას ხელი ააღებინოს არჩევნებში მონაწილეობაზე. აქ ერთი საინტერესო მომენტია. თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მაშინ ეს ყველა ბრალდება, შესაძლოა, მოეხსნას. ტრამპის ადვოკატები ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია ამერიკის ნებისმიერი მოქალაქე შეიწყალოს ჩადენილი დანაშაულისთვის. ტრამპიც ამერიკის მოქალაქეა და პრეზიდენტის რანგში მას შეეძლება შეიწყალოს ტრამპი, ანუ საკუთარი თავიო. აი, ასეთი უცნაური ვითარებაა ამერიკაში.
– ტრამპს ელისაბედ ჯინ კეროლის სასარგებლოდ, 18.3 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, 65 მილიონი კი ჯარიმა, ჯამში 88.3 მილიონისა. ასევე, თაღლითობისთვის 454.2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა სასამართლომ ტრამპს. ამბობენ, რომ ტრამპს ეს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის, საარჩევნოდ ფული არ ექნება, რასაც ჯო ბაიდენზე ვერ ვტყვით.
– კი, ეგ მართალია. ტრამპი მილიარდერია, მაგრამ ფული დაბანდებული აქვს ბიზნესში ან კერძო ქონება აქვს შეძენილი. ამ ეტაპზე საარჩევნოდ ფული არ აქვს. ჯერ ეს ჯარიმები უნდა გადაიხადოს, მერე იფიქროს საარჩევნო ფულზე. არ ვიცი, ალბათ ქონების გაყიდვა მოუწევს და შემომწირველებიც ეყოლება, როგორც ყველა კანდიდატს ჰყავს. ერთი ფაქტია, სასამართლოებით, ამ ჯარიმებით ცდილობენ ტრამპის გაწამებას, რომ ნაკლები ფული და დრო დარჩეს საარჩევნო კამპნიისთვის, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. პარტიაში ბოლო კონკურენტი, ნიკ ჰეილი ჩამოიცილა და ცოტა ხანში, „რესპუბლიკური“ პარტია ოფიციალურად წარადგენს მას პრეზიდენტობის კანდიდატად. ტრამპს ძალიან ერთგული ამომრჩეველი ჰყავს, მათ უწოდებენ ამერიკაში „მეგა ამომრჩეველს“, ფანატიკოსები არიან, რომ ვთქვათ. ესენი არიან დაბალი და საშუალო განათლების ადამიანები, უმეტესად პროვინციიდან, რომლებიც არ თმობენ იმ კონსერვატიულ ტრადიციებსაც კი, რომელიც უკვე ანაქრონიზმად იქცა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ნუ, ლგბტ–ეების უფლებებსა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე აღარ არის ლაპარაკი, ამის ხსენებაც არ უნდათ. ეს ხალხი მისტირის ძლიერ ამერიკას, რომელიც მსოფლიოს აზანზარებდა, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაშალა და ევროპა გავლენის სფეროდ გაიხადა. განსაკუთრებით ემიგრანტი მექსიკელები უჭერენ მხარს ტრამპს, ისინი კონსერვატორები არიან. ბოლო პერიოდში, 6 მილიონი მექსიკელია შესული ამერიკაში, ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, წლის ბოლოს 12 მილიონამდე ავა მათი რიცხვიო. ეს უკვე სერიოზული რაოდენობის ხმებია ტრამპისთვის.
– ეს მექსიკელები არალეგალები არიან და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გააჩნიათ. ტრამპს ხმას როგორ მისცემენ?
– ადვოკატები აჰყავთ, ფულს ხარჯავენ და ახდენენ ნატურალიზაციას, ამერიკაში ცხოვრების და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას სასამართლოს გზით აღწევენ. საშუალოდ, 1/3 ამერიკაში შესული მექსიკელებისა, ახერხებს ამას. გამოდის, რომ იმ 12 მილიონიდან, 4 მილიონი ტრამპის ამომრჩეველია და ამას დაამატე წინა წლებში შესული მექსიკელები, რომელთა ზუსტი რაოდენობა არავინ იცის ამ ეტაპზე. დღეს ბრიყვი თუ იტყვის იმას, რომ ტრამპს ამომრჩეველი არ ჰყავს და აუცილებლად დამარცხდება ბაიდენთანო. ამდენი სასამართლო ჰქონდა, ამდენი პრობლემები ახვევია თავს და აგერ, თანაპარტიელი ნიკ ჰეილი პრაიმერში გაანადგურა, ერთადერთ ოლქში, ვაშინგტონში წააგო ტრამპმა, სადაც მოგეხსენება, ამერიკის პოლიტიკური ელიტა, სახელმწიფო მოხელეები, ინტელიგენცია ცხოვრობს, განათლებული ხალხი, ტრადიციულად „დემოკრატების“ მომხრეები. ისინი ვერ იტანენ ტრამპს, მათ ერთსქესიანი ოჯახები და უკიდეგანო ლიბერალიზმი ურჩევნიათ. ამიტომ არის, რომ „დემოკრატები“ და ბაიდენი ეწინააღმდეგებიან საზღვრების ჩაკეტვას, რაც უკუშედეგს იწვევს და ამერიკაში არალეგალურად შემსვლელთა რაოდენობა იზრდება. არადა პარადოქსია, რომ მექსიკასთან კედელი ტრამპა ააშენა, ამ ქვეყანასთან საიმიგრაციო კანონი ტრამპის დროს გამკაცრდა და მექსიკიდან არალეგალურად გადმოსულები, მაინც ტრამპს უჭერენ მხარს. ამერიკა, სამოქალაქო ომის მერე, ორ ბანკად ასე გახლეჩილი არ ყოფილა. 8 მარტს, ამერიკის კონგრესმა ბიუჯეტი ძლივს დაამტკიცა, ბიუჯეტი არ ჰქონდა ამერიკას და რომ ვერ დაემტკიცებინათ, ხელფასებს ვეღარ გასცემდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციები. ეს პირველად არ მოხდა, მაგრამ ახლა სხვა ხარისხის დაპირისპირებაა „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის და ბევრი შიშობს, რომ არჩევნების პერიოდში და შემდეგშიც, ბევრი ინციდენტი მოხდება ამერიკაში. 2020 წლის არჩევნების მერე, კონგრესში ტრამპის მხარდამჭერების იარაღით შევარდნა მონაგონი იქნებაო. სიმართლე გითხრა, ისეთი დაძაბულობაა, მეც ასე მგონია.
– ამ ეტაპზე ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო შანსები როგორია?
– ახლა ჯო ბაიდენზეც ვთქვათ. მას ძალიან დიდი მიღწევები აქვს ამერიკაში. ბოლო 4 წელიწადში, ამერიკა მოიპოვებს იმდენ ნავთობს,რომ არავის არასოდეს მოუპოვებია ამდენი, საუდის არაბეთზე მეტსსაც კი. თხევადი გაზის ყველაზე დიდ მწარმოებლად ყატარი ითვლება. ყატარი თვეში აწარმოებს თვეში 50 მილიონ კუბურ მეტრ გაზს და ამერიკა 200 კუბურ მეტრს. რუსეთიც ზუსტად იმდენს მოპოვებს, რამდენსაც ყატარი. როგორი საქმეა, ყატარზე და რუსეთზე ოჯერ მეტი გაზის წარმოება, თან ამ ენერგომატარებლების გამოცხადებულ მსოფლიო ომში. ამერიკამ ევროპა შეავსო თხევადი გაზით. ევროპას შარშანდელი მარაგები დარჩენილი აქვს და წელსაც დარჩება მარაგი. გერმანია და ჰოლანდია აშენებენ და აშენებენ გიგანტურ გაზსაცავებს პორტებთან, მიწისქვეშ. მაგათ 2 წელი მაინც ეყოფათ ის გაზი, რითაც იმ გაზსაცავებს შემოდგომამდე შეავსებენ. პირველ რიგში, ამერიკის და ჯო ბაიდენის დამსახურებაა, რომ რუსეთის მუქარა, ევროპას გავყინავთო, შარშან რომ ამბობდნენ, ვერ შესრულდა. საკმაოდ კომფორტულად გამოიზამთრა შარშან ევროპამ. ეს პრობლემა უკვე გადაწყდა. სხვა მიღწევებიც აქვს ბაიდენს, მაგრამ ეს მსოფლიო მნიშვნელობისაა და არა ვიწრო ამერიკული, იმიტომ გამოვარჩიე, თან რუსეთს უკავშირდება. 7 მარტს, ბაიდენს ყოველწლირი გამოსვლა ჰქონდა კონგრესში. ამერიკელები ხომ იცი, ჩაციკლულები არიან საზოგადოებრივი აზრის შესწვლაზე და ბაიდენის გამოსვლის მერეც, შესაბამისმა სოციოლოგიურმა სამსახურებმა შეისწავლეს ხალხის აზრიც და ბაიდენის რეიტინგიც ხელახლა გაზომეს. 17%–ით გაიზარდა ბაიდენის რეიტინგი ამ ერთი გამოსვლის შემდეგ, ასეთი რამ კი ძალზე იშვიათად მომხდარა თანამედროვე ამერიკაში. ამერიკული მედია, ხალხის აზრზე დაყრდნობით აცხდებდა, რის ბებერი, რა ბებერი, კაცი როგორ გამოიყურებოდა, მაგის გამოსვლამ ამერიკის დამფუძნებელი მამები გაგვახსენაო. 15–ჯერ შეაწყვეტინეს გამოსვლა კონგრესში „დემოკრატებმა“ ბაიდენს და მათი კონგრესმენები ფეხზე ადგომით უკრავდა ტაშს. საინტერესო ის არის, რომ არა ერთი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი წამოუდგა ფეხზე და უკრავდა ტაშს. მოკლედ, მიახლოებითაც ძნელია თქმა, როგორ დასრულდება არჩევნები. ერთი საგულისხმო მომენტიც მინდა აღვნიშნო. „რესპუბლიკელთა“ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატმა, პრაიმერებში წაგების შემდეგ, თავის ამომრჩეველს მოუწოდა, ტრამპისთვის მიეცათ ხმა. ბოლოს ხომ ნიკ ჰეილი გამოეთიშა ამ მარათონს და მან არ მოუწოდა თავის ამომრჩეველს, ხმა ტრამპს მიეცითო. ეს ნიშნავს, რომ ჰეილის ამომრჩეველთა ნაწილი ბაიდენს მისცემს ხმას. უკვე დაფიქსირდა ფაქტები, რომ ჰეილის ამომრჩეველთა 30% მოუწოდებს მის მომხრეებს, ხმა მისცენ ბაიდენს და ესენი უმეტესად ქალები არიან. რატომ ქალები? ბაიდენი არასდროს დაფიქსირებულა ქალებთან უხეში მოპყობით, სექსუალური შევიწროვების ერთი ფაქტი ვერ დაუდეს ჟურნალისტებმა, თუმცა, გულმოდგინედ ეძებდნენ. ტრამპი უამრავ სკანდალშია ქალებთან დაკავშირებით გახვეული, დღეს 30 ქალი უჩივის სექსუალურ შევიწროვებაში და ქალთა მიმართ სხვა არაკანონიერ ქმედებაში, მორალზე რომ არაფერი ვთქვათ. ტრამპი არ იყო, 2012 წელს, სანკტ–პეტერბურგში სილამაზის ორი კონკურსი რომ დააფინანსა, თავად საორგანიზციო კომიტეტში იყო და იქ, კონკურსის მონაწილეებთან მისი თავგადასავლები რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიღეს. იმდენი ვერ მოიფიქრა, რომ ყველგან ფარული კამერები იქნებოდა. ამ ჩანაწერებით რუსები ცდილობდნენ ტრამპის დაშანტაჟებას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ბოლო ერთ–ერთ ბრიტანულ კომპანიას ჩაუვარდა ეს ჩანაწერები ხელში და გმოუქვეყნეს ტრამპს. მაშინ პოლიტიკოსი არ იყო, მაგრამ დღეს დახვდა წინ ის სექსუალური სკანდალები. თუ ტრამპმა გაიმარჯვა, ევროპას მოუწევს სამ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან პირისპირ დარჩენა. ესენია რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა. პრეზიდენტი ტრამპი ტოტალიტარიზმს დაამყარებს ამერიკაში. ამის მერე უკვე მართლა სხვა გზა აღარ დარჩება ევროკავშირს და ალბათ, საკუთარ ჯარს შექმნის. ამერიკის წლევანდელი არჩევნები უდიდესი მნიშვნელობისაა, ასეთი არჩევნები თანამედეროვე ამერიკაში ჯერ არ ყოფილა. ამ არჩევნების შედეგები ბევრ რამეზეა დამოკიდებული. სადღეისოდ, ტრამპს უფრო მეტი და აქტიური მომხრეები ჰყავს.“რესპუბლიკელები“ მუდამ გამოირჩევიან აქტიურობით „დემოკრატებთან“ შედარებით. 1976 წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი და „რესპუბლიკელი“ რონალდ რეიგანი იყრიდნენ კენჭს, ორივეს საკმაოდ კარგი პოზიციები ჰქონდა, მაგრამ ბოლო რეიტინგით კარტერი უსწრებდა მეტოქეს. ისე მოხდა, რომ არჩევნების დღეს, რამდენიმე დიდ ქალაქში წვიმა და უამინდობა იყო. კარტერის „დემოკრატმა“, კომფორტს მოყვარულმა ამომრჩეველმა, ამ ინტელექტუალებმა იფიქრეს, მაინც მოიგებს ჩვენი კანდიდატიო და უამინდობის გამო არ წავიდნენ არჩევნებზე. სამაგიეროდ, სრულად იყვნენ მობილიზებულნი რეიგანის მხარდამჭერები იმ ქალაქებში, სადაც ავდარი იყო, მისცეს ხმა რეიგანს და სწორედ ამ ქალაქებში მიღებული ხმებით მოიგო არჩევნები რეიგანმა. ეს რონალდ რეიგანს არ აკნინებს, ამერიკის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო და უახლეს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იყო, მაგრამ ფაქტია, „დემოკრატების“ მხრდამჭერები მხართეძოზე რომ არ წამოწოლილიყვნენ, კარტერს გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა.
– ტრამპის გაპრეზიდენტება ნატო–ს ხომ არ დაშლის?
–ამერიკის კონგრესმა ახლახან მიიღო კანონი, რომ ნატო–დან ამერიკის გამოსვლას კონგრესის ნებართვა, კონგრესის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. მოკლედ, ვერც ერთი პრეზიდენტი კონგრესის თანხმობის გარეშე ვერ გადაწყვეტს,ამერიკა ნატო–ში უნდა დარჩეს თუ დატოვოს ეს ორგანიზაცია. არადა, აქამდე ეს პრეზიდენტის პრეროგატივა იყო. ტრამპმა ამ რამდენიმე დღის წინაც განაცხადა, ნატო–ს დატოვებით იმიტომ დავიმუქრე თავის დროზე, რომ ფული გადაიხადონ მისმა წევრებმაო. ამაში მართალია. არასწორად არის გადანაწილებული ნატო–ს ხარჯების გადასახადები. ლატვიის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 34 მილიარს დოლარს და ლატვია ნატო–ს საწევროს 3%–ს იხდის, ჰოლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტი 1.5 ტრილიონი დოლარია და ის 1%–ს იხდის. ეს არის უსამართლობა და რაც მთავარია, ლომის წილი ნატო–ს ხარჯებისა მოდის ამერიკაზე. ტრამპი ამბობს, ფულის გადახდა თუ არ გინდათ, თუ ომი ატყდა, მე თქვენ არ დაგიცავთო– ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ეუბნება. ტრამპმა თავის დროზე პირდაპირ უთხრა ამერიკის კანცლერს, ანგელა მერკელს– შენ მილიარდებს ხარჯავ, რომ გაზსადენი „ ჩრდილოეთის ნაკადი“ გაიყვანო რუსეთთან ერთად, ნავთობი მიიღო და ამით რუსეთს ამდიდრებ, მერე მე მეუბნები, რომ დამიცავი რუსეთისგანო? არ დაგიცავ, გადაიხადე ნატო–ს საერთო ხარჯების 2% და მაშინ დაგიცავო. ამაში მართალია ტრამი. ევროპას ისიც უთხრა, რუსეთი თქვენ გემუქრებათ და არა ამერიკას, რუსეთის შეკავებისთთვის კი ყველაზე მეტს ამერიკა იხდისო. ამაში „დემოკრატების“ ბევრი მომხრეც ეთანხმება ტრამპს. როგორც მაგათ უყვართ თქმა, ამერიკელი გასადახდების გადამხდელების ფული ჯერ ამერიკის ინტერესებს უნდა მოხმარდეს და მერე თუ საჭიროდ ჩათვლიან, სხვა საქმეს. მიუხედავად ამ უთანხმოებისა, ტრამპი თუ გახდა პრეზიდენტი, ნატო არ დაიშლება, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყყნები შესაბამის გადასახადს გადაიხდიან, გაზრდიან ნატო–ში შენატანებს. ეს უკვე სრულიად ამერიკის ინტერესებშია და არა მხოლოდ „ტრამპისტებისა“.
კომენტარები