ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი, სამხედრო ესპერტი, გიორგი თავდგირიძე.
– ბატონო გიორგი, სამხედრო ექსპერტები, სამხედრო ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, უკვე ღიად ამბობენ, რომ შესაძლოა უკრანაში ნატო–მ, ნატო–ს წევრი ქვეყნის ჯარისკაცებმა იბრძოლონ. რამდენად საფუძვლიანი ეს ვარაუდი?
– ეს მარტო ვარაუდი არ არის. ამას ორი ტიპის საფუძველი აქვს. ერთია, ობიექტური რეალობა და ვისაუბროთ ამაზე. რაც მთავარია, საფრანგეთმა თავისი პოზიცია გააჟღერა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც დაიწყეს საუბარი, უკრაინაში ნატო–ს ჯარების გაგზვნასთან დაკავშირებით.
– საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა თქვა, რომ არ გამოვრიცხავ, ფრანგმა ჯარისკაცებმა უკრაინაში იბრძოლონო.
– კი, დაახლოებით ასე თქვა და ზუსტ ფორმულირებას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა, ნატო–გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც თქვა, რომ არ განიხილება ნატო–ს ჯარების უკრაინაში განთავსება. ეს გასაგებია, ნებისმიერ ფუნქციონერს და პოლიტიკოსს შეუძლია, დროის რაღაც მონაკვეთში თავისი პოზიციონირება მოახდინოს და უარყოს უკრაინაში ნატო–ს ჯარების გაგზავნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს არაფერს გამორიცხავს. რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ ეს საუბარი იყო. ფაქტია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა და რა მნიშვნელობა აქვს, ნატო–ს წევრი რომელი ქვეყნის მეთაური იტყოდა ამას? თუმცა, მაინც ნატო–ს თანადამფუძნებელ და გავლენიან ქვეყანაზე ვლაპარაკობთ და ესეც საგულისხმოა. აქ საუბარია ჯარის უკრაინაში შეყვანაზე, ნატო–ს საბრძოლო კონფლიქტში ღიად ჩართვაზე. მანდ ბევრი ნიუანსია. რა თქმა უნდა, ომში ჩართვა უმნიშვნელოვანესი საკითხია–რა მოცულობით, რა რაოდენობით და ა.შ. ჩვენთვის მთავარია, პრინციპული მნიშვნელობა – კონკრეტულად საფრანგეთის და ევროპის სახელმწიფოების კონფლიქტში ჩართულობის ზრდის ტენდენცია არსებობს. აქედან გამომდინარე, ეს არის მინდინარე პოლიტიკის აქტუალური თემა. შეიძლება, გაიმარჯვოს პოზიციამ, რომ გარკვეული პერიოდი არ მოხდეს ნატო–ს კონფლიქტში ჩართვა, განაცხადონ, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინაში არ იომებენ და შემოიფარგლებიან უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების მიწოდებით. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისტორიაც ამას გვეუბნება, რომ ცალსახა და ხისტი გადაწყვეტილებების რეალიზება მყისიერად არ ხდება და ხშირად შეფუთულია გარკვეული საინფორმაციო ბურუსით და ეს სწორიც არის. ჩვენ გვაქვს მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც გვაძლევს იმ ვარაუდის საშუალებას, რომ ადრე თუ გვიან ევროპული ქვეყნები ამ ომში ჩაერთვებიან. ეს ის არის, რომ რუსეთ–უკრაინის ომი რუსეთის ომია ევროპის წინააღმდეგ. უკრაინა, როგორც ასეთი, რუსეთისთვის წარმოადგენს კონკრეტულ ტაქტიკურ მიზანს, იმ გზაზე, რასაც ჰქვია საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის სფეროების ნაწილობრივ აღდგენა და რუსეთის პოლუსად ჩამოყალიბება. პოლუსად ჩამოყალიბება მოითხოვს გეოგრაფიულ არეალში რუსეთის გაფართოებას. რუსეთის პოლიტიკური ელიტა საბჭოთა კავშირის დროინდელი ჩინოვნიკებითა და სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან. მათ მახსოვრობაში, რუსეთის გავლენის სფერო აუცილებლად უნდა იყოს ბალტიისპირეთის ქვეყნები, მოლდოვა, კავკასია. აღმოსავლეთ ევროპა იყო საბჭოთა კავშირის სამხედრო გავლენის სფერო, სადაც საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზები იყო განთავსებული. ამ გავლენის აღდეგენაა რუსეთის მიზანი. საბჭოთა იმპერია იდგა არა იდეოლოგიაზე, არამედ სამხედრო ძალაზე. სადაც შეუძლია საბჭოთა ჯარისკაცმა დადგას ფეხი, ის ქვეყანა არის ჩემი–ეს იყო მათი იდეოლოგია. საბჭოთა კავშირი არ თვლიდა, რომ მას რაიმე გეოგრაფიული საზღვარი ან გავლენის სფერო შეზღუდული ჰქონდა. თვლიდნენ, რომ მთელ მსოფლიოში საბჭოთა კავშირი წარმოდგენდა მუშათა კლასის ინტერესებს და მისი გავრცელება შემოსაზღვრული არ იყო, მთელ დედამიწაზე აპირებდნენ სოციალისტური წყობის დამყარებას. რუსეთ –უკრაინის ომი რუსეთისთვის არის დაუსრულებელი ომი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პაუზები, მაგრამ ეს არის მისი არსებობის გაგრძელების ფორმა. რუსეთში თაობები შეიცვლება, შესაძლოა, იქ მოხდეს ცვლილებები, მაგრამ დღეს ეს არის სახელმწიფო, რომელიც ომს გააგრძელებს, ვიდრე ამის რესურსი ექნება, მას არ გააჩნია დეკლარირებული საზღვარი სადაც ის გაჩერდება. კაცობრიობის გადარჩენა მხოლოდ უკრაინელების საქმე არ არის, ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს საქმეა და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროპამ და ამერიკამ.
–დავუშვათ და, ჩაერთო ნატო ამ ომში. რუსეთის მხარეს ვინ შეიძლება მოვიაზროთ? მე ვფიქრობ, ჩინეთი ნეიტრალიტეტს დაიცავს და რუსეთის მხარეს შესაძლოა იბრძოლონ ჩრდილოეთ კორეამ, ერაყმა, სირიამ, ბელარუსმა… მაინტერესებს, ირანი იბრძოლებს რუსეთის მხარეს? ვინ იქნებიან ნატო–ს მოწინააღმდეგე სამხედრო კოალიციაში? ცხადია, მხოლოდ ვარაუდების დონეზე განვიხილოთ.
–შეიძლება ისეთი ქვეყანა აღმოჩნდეს რუსეთის მხარეს, რომელსაც ახლა ვერ წარმოვიდგენთ. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაში, რომელ ქვეყანაში ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში. მოდით, დავიწყოთ ჩამოთვლა. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეისთვის ეს იქნება გარკვეული შანსი, დაბრუნდეს მსოფლიოს სავაჭრო–ეკონომიკურ სივრცეში და გაარღვიოს სანქციების ალყა. იგივე, სანქციებისა და ნავთობზე ემბარგოს პრობლემა აქვს ირანს, მისი პოლიტიკა დღესაც აგრესიულია და სურს, მასაც ჰქონდეს გავლენის სფეროები, ჰყავდეს სახელმწიფოები, რომლებიც მისი სატელიტები იქნებიან. არაბული ქვეყნებიდან, ალბათ, ასეთი ქვეყანები შეიძლება აღმოჩნდნენ სირია, იემენი, ერაყი და ლიბანიც შეიძლება ჩათრეულ იქნას ომში რუსეთის მხარეს. გარკვეული კოალიცია შეკოწიწდება. სცენარს განვითარება აუცილებლად ექნება. რუსეთი ეცდება ყველა ამ ქვეყნის თუ არა, მათი ნაწილის ჩათრევას ომში, ამის მცდელობა დღესაც აქვს. ჯერჯერობით, არ მომწიფდა რუსეთის სასარგებლოდ სიტუაცია, ასე ცალსხად არ ხდება ამხელა ომში ჩართვა და სამხედრო კოალიციის შექმნა. რუსეთმა თუ გადაწყვიტა ბალტიისპირეთზე თავდასხმა, პირველი ვინც მის გვერდით იომებს, ბელარუსი იქნება, თან მას ლატვია და ლიეტუვა ესაზღვრება. მით უმეტეს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაფერი რუსული ნელ–ნელა იკრძალება, რუსეთის მოქალაქეებს იქ პრობლემები აქვთ და ამას ეფექტურად იყენებს რუსეთის პროპგანდისტული მანქანა და ისე ჩანს, რომ ფონს ამზადებს ბალტიისპირეთში შესაჭრელად. ყველა მნიშვნელოვანი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ თუ უკრაინაში რუსეთმა მიიღო პაუზა, შემდეგი შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს. რამდენად ცუდად ან კარგად მოიქცევა საქართველო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ომის გეოგრაფია არ შემოისაზღვრება მარტო უკრაინით და რუსეთით. უბრალოდ, ცხელი ფაზა, უშუალოდ ბრძოლები დღეს და ახლა მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე. ომი კი მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაძაბულობის ხარისხი სხვა და სხვა რეგიონში არის სხვა და სხვა.რითიც დავიწყეთ ეს ინტერვიუ, იმას დავუბრუნდეთ, ნატო–ს შესაძლო ჩართვას რუსეთ–უკრაინის ომში. ჩვენთ თუ ამას ისე ვუყურებთ, რომ უკრაინა არ დამარცხდეს რუსეთთან და ამიტომ გვინდა უკრაინაში ნატო–ს ჯარები, ასე არ არის. ეს ყველაზე მიზერულია, რაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ. რუსეთი აუცილებლად უნდა დამარცხდეს, ეს შავი ჭირი, იმპერიალისტური და მილიტარისტული რუსეთი უნდა დასრულდეს. ეს კი წარმოუდგენელია ევროპული და ამერიკული სამხედრო ძალების გაერთიანების გარეშე. მარტო უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს. უკრაინამ, შესაძლოა, ბრძოლის ველზე მარცხი აგემოს რუსეთის არმიას, მაგრამ რუსეთ–უკრაინის საზღვართან უკრაინის ძალისხმევა დასრულდება. რუსეთის დასამარცხებლად ძალისხმების გაერთიანებაა საჭირო. აქ უკვე შეიძლება წარმოიშვას საკითხი ბირთვული საფრთხის შესახებ. კი, ეს საკითხი არსებობს. თუმცა, ნატო–ს შესწევს ძალა, მანამდე გააჩეროს რუსეთი, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მივა საქმე. ამის ბერკეტები არსებობს და ამას სჭირდება პირდაპირ, უშუალოდ ჩართვა კონფლიქტში. ბევრი ფიქრობს, რომ თუ უკრაინას არ გასცდება კონფლიქტი, ბირთვული ომი არ იქნება. არა, ბირთვული საფრთხე არსებობს, კაცობრიობამ დიდი ძალისხმევა უნდა ჩადოს, რომ თავიდან აიცილოს ბირთვული ომი.თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საფრთხის გამო ბირთვულ სახელმწიფოებს ირანს, რუსეთს, ჩრდიოლოეთ კორეას უნდა მისცე უფლება, მსოფლიო შეაზანზარონ.გაცილებით დიდი საფრთხეა ქაოსი და სოციალური აფეთქებები, არეულობაა მსოფლიოში. მით უფრო ახლა, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდია და ადამიანებს სჭირდებათ ნორმალურად მოწყობილ სახელმწიფოებში ცხოვრება და არა არეულ გეოგრაფიულ სივრცებში უპატრონოდ მიტოვება. ეს გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე დროში შეზღუდული სამხედრო კრიზისი. მსოფლიოში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ უდგებიან კაცობრიობის განვითარებას, ცდილობენ ბირთვული შანტაჟის გზით მოიპოვონ დომინანტობა და გავლენა. ასეთი უსაფრთხოების არქიტექტურა არავის აწყობს, ასე კაცობრიობის განვითარებას პერსპექტივა არ გააჩნია. ამიტომ ახლა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ამ ტიპის სახელმწიფოები უნდა დამარცხდნენ, განადგურდნენ, რაც გინდათ, ის დაარქვით. ამის შემდეგ, კაცობრიობამ უნდა შეიმუშაოს უსაფრთხოების ისეთი არქიტექტურა, სადაც უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ელიტებს არ მიეცემათ საშუალება, თავიანთი იარაღის ძალით შეაზანზარონ თუ აშანტაჟონ მთელი კაცობრიობის უსაფრთხოების სისტემები.
–თქვენი საუბრიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ შესაძლოა, „შეკოწიწდეს“ რუსეთის მომხრე სამხედრო კოალიცია, მაგრამ ის ვერ იქნება ნატო–ს ალტერნატივა, ნატო–სავით წონადი.
–კი, შესაძლოა, მეორე სამხედრო ცენტრი შეიქმნას, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. კი, ის ვერ იქნება ნატო–ს ალტერნატივა. მხოლოდ რუსეთის ინტერესებია აქ, დანარჩენმა სახელმწიფოებმა კი კომერციული მოგებისა და პოლიტიკური დივიდენდების მიღების გამო, შესაძლოა, მხარი დაუჭირონ რუსეთს. ვფიქრობ, ეს არ იქნება სიღრმისეული კავშირი და რაღაც ახალი სამხედრო ბლოკის ჩამოყალიბება, როგორც ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იყო.
კომენტარები