პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ პარლამენტში არსებულ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა – რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უწევს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ელემენტარული რაღაცის ახსნა, რომ ევროკავშირის მოთხოვნაა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაოს.
“მე მინდა, რომ ჩემი შვილების, ჩემი ქვეყნის წინაშე ვიყო მართალი, ამიტომ რაც დამავალეს, იმას ვაკეთებ. რომ ეთქვათ, ირბინეო, ვირბენდი, მაგრამ დაგავალეს, დასხედით და ერთად იმუშავეთ, ოღონდ ორივე მხარე დასხედითო და დაჯექი, შე დალოცვილო! რატომ არ მოდიხარ? არგენტინაში ხომ დადიან მივლინებაში ზუსტად ის ოპოზიციონერები, სამუშაო ჯგუფში რომ ეზარებათ შემოსვლა. არგენტინაში და ლონდონში რომ დადიხარ პარლამენტის ფულით “ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სამუშაო ჯგუფში რომ დაჯდე ისევ “ქართულ ოცნებასთან“ ერთად, არ შეიძლება? იმიტომ კი არა, რომ გიყვარდეს “ქართული ოცნება“ და ხელგადახვეულმა იაროთ, მათ დაგავალეს. თან ჩამოდიან ეს უცხოელები, არ გვრცხვენია მაინც? გეუბნება რუმინეთის პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი… დახურულ შეხვედრაზეც გეუბნებიან, “რატომ არ ჯდები? რა გჭირთ ამისთანა, რომ ერთად დასხდეთ?“ არგენტინაში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად მივლინებაში, სასეირნოდ სინამდვილეში, ხომ დადიან? იქ “მოსულა“, რომ თვითმფრინავში 15 საათი ერთად იყო და გადაიფრინო 2 ოკეანე, აქ რომ დაჯდე და იმუშაო, ეგ არ მოსულა?“
“”ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს, უნდა, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, იცის როგორ გააკეთოს, მაგრამ აქეთ რა გვინდა? მე მინდა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და “ქართული ოცნება“ აღარ იყოს მმართველი პარტია და გადავიდეს ოპოზიციაში და მინდა, რომ ამ ცვლილებას არ მოჰყვეს აპოკალიფსი და ნგრევა. “ქართლი ოცნებაც“ ნერგავს ამას , რომ “არიქა, ჩვენ თუ არ ვიყავით ხელისუფლებაში, დაგერევიან ქუჩაში“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც ნერგავს, თან თავი არ აქვს იმის, რომ შეცვალო ქუჩიდან და ქუჩაში და თან ქმნის რაღაც ჭიქაში ქარიშხალს, რომელიც აძლიერებს ისევ “ოცნებას“. ახლა ზუსტად იმის დროა, რომ ვისაც რეალური ცვლილება უნდა დავსხდეთ და რაღაცებზე შევთანხმდეთ, ოღონდ ჩემი პირობა იქნება კატეგორიული, რომ თუ ვინმეს უნდა რამე ერთიანობაზე მელაპარაკოს, გამოვიდნენ ყველანი, მთელი პარტიები, გამწკრივდნენ და ჩვენს პარტიას მოგვიხადონ ბოდიში.“
კომენტარები