ანი დვალიშვილი
პრეზიდენტმა დასავლეთის მხარე დაიჭირა (და არა ოპოზიციის, როგორც ბევრს ჰგონია) და შიდა ამბების გამომზეურებაც დაიწყო. თუ ზურაბიშვილი ალაპარაკდება, „ოცნებას“ ბევრად მეტი პრობლემა ექნება, ვიდრე ათი გოგაშვილი ერთად, რადგან ქალბატონმა სალომემ გუნდის შიდა ამბებზე ბევრად მეტი იცის და საიდანაც არ უნდა დაატრიალონ, ის პრეზიდენტია და დე იურე ქვეყნის სახეა. როგორც გვეუბნებიან, ზურაბიშვილი ღიად აპირებს მმართველ გუნდს დაუპირისპირდეს და… ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ერთად, ბრიუსელსა და პარიზში ჩავიდეს. თუ ეს მოხდება, ოპოზიციისთვის გასაგები იქნება, რომ პრეზიდენტი შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენონ, ოღონდ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის და არამც და არამც მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის. გარდა იმისა, რომ თავად ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, მათ შეწყალებას არ ვაპირებო, მან ისიც ზუსტად იცის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ ნაბიჯს ტაშს არ დაუკრავს და ბევრისთვის შეწყალების აქტით ყველაფერს წყალში ჩაყრის. ისე, თუ დააკვირდებით, ზურაბიშვილს ახლა იმაზე მეტი ავტორიტეტი აქვს ამომრჩეველში, ვიდრე არჩევის დღეს ჰქონდა და მერე რა, რომ მის მიერ დაანონსებულ აქციაზე ხალხი არ მივიდა. ზოგადად, აქციებზე სიარული ქართველებს ეზარებათ ხოლმე, თუ რამე გადამწყვეტი არ ხდება და ის ერთი აფეთქებაც, ბოლოს რომ გვქონდა, სწორედ ევროპულ ოჯახში დაბრუნების შანსის დაკარგვის შიშით იყო.
და ერთი, ძალიან საინტერესო ამბავი. „ალიას“ ინფორმაციით, შემოდგომის მიწურულს, ანუ როცა სტატუსის მოლოდიი გააქტიურდება, აქტიური გახდება დავით გარეჯის თემა და ხელისუფლება საზეიმოდ გამოაცხადებს, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება მოხერხდა და გარეჯის ის ნაწილი, რომელიც ახლა სადაოა, ჩვენ გადმოგვეცა. მართალია, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რის სანაცვლოდ დათმობს აზერბაიჯანი სადაო ტერიტორიას. ნუ გგონიათ, რომ ეს აუცილებლად სანაცვლო ტერიტორია უნდა იყოს, სხვა რამეებიც არსებობს და თუ შეთანხმება შედგება, იმ „სხვა რამეებს“ აუცილებლად მოგიყვებით.
სხვა აბა, რა გითხრათ? საპარლამენტო უმრავლესობა შვებულების შეწყვეტასა და სიცხეში პარლამენტის შენობაში ჯდომას არ აპირებს. ოპოზიცია ალტერნატიული სამუშაო ჯგუფის შექმნით კი იმუქრება, მაგრამ როგორ მოახერხებენ ისინი უმრავლესობის გარეშე კანონებში შესწორებების შეტანას, ძნელი სათქმელია. ასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციამ უნაკლო პროექტიც რომ შეიმუშაოს, საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს და ამ გადმოსახედიდან ასე ჩანს – გამორიცხულია ევროკავშრის მიერ მოთხოვნილი პუნქტებიდან პირველი და მთავარი, დეპოლარიზაცია შესრულდეს…
კომენტარები