პოეტისა და მსახიობის, Ერეკლე საღლიანის და, მანანა საღლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“მამულიშვილნო!
უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ და სიკეთე გქონოდეთ ყველას!
მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ ჩემი ძმის, ერეკლე საღლიანის ავადმყოფობიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო.
უფალს ვთხოვ, იმდენი შეგვაძლებინოს თქვენს მიერ გაღებულ სიკეთეს, სიკეთითვე ვუპასუხოთ.
მინდა შემოგეხმიანოთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, თითქოს ერეკლე ამჟამადაც თურქეთში იმყოფება და იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა, რომ მართვით სუნთქვაზე არის შეერთებული.
ეს ინფორმაცია არ გახლავთ სწორი,
ერეკლე გამოკვლევებზე იყო თურქეთში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი “ესენციური ტრემორი”, ბოლო პერიოდში ნელნელა გართულდა მისი მდგომარეობა, ხელების და თავის კანკალის გამო შეუძლებელი გახდა წეროს თავისუფლად, წყალი დალიოს, საკვები მიიღოს დამოუკიდებლად, ჩაიცვას და დაიხუროს. ამიტომ სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც უნდა გაუკეთდეს თურქეთის იმავე კლინიკაში, სადაც გაუკეთდა გამოკვლევები. ის ამჟამად იმყოფება თბილისში და ემზადება გასამგზავრებლად.
ასევე არ შეეფერება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერეკლეს ბინა არა აქვს. მართალია სრა-სასახლეები არ გაგვაჩნია, მაგრამ მოკრძალებულ მცირედ ფართში ვცხოვრობთ, ღმერთს მადლობას ვწირავთ, რომ გვაქვს საკუთარი საცხოვრისი.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ყველას მადლობა, რამეთუ ასეთი დიდი სიყვარულით გამოხატეთ ერეკლესადმი პატივისცემა, ზრუნავთ მისი გადარჩენისთვის, რომ ჯანმრთელი დაუბრუნდეს ჩვენს სამშობლოს და მის ოჯახს.
დალოცოს ღმერთმა სრულიად საქართველო და საქართველოში მცხოვრები მადლიანი მოსახლეობა!
მიშგუ ლადეღს სი ჩემო საქართველოვ!”- წერს მანანა საღლიანი
წყარო : სვანეთინიუსი.
კომენტარები