“მთელი ჩოხატაური მოუთმენლად ელოდა თორნიკეს გამოჯანმრთელებას. სოციალურ ქსელში ჯგუფიც კი შექმნეს მისმა მეგობრებმა თორნიკეს გადასარჩენად. თურქეთში უნდა წაეყვანათ. იყო იმედი… ყველა თორნიკეს სიცოცხლეს ელოდებოდა, მაგრამ… წუხელ “გაფრინდა ჩვენი ბიჭი ზეცაში, უფალთან”.
ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში, დაახლოებით, ერთი თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებმა თორნიკე ლომთათიძემ მძიმე და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მას შემდეგ ებრძოდა სიკვდილს…სოციალურ ქსელში ერთმანეთს უსამძიმრებენ ჩოხატაურელები, თორნიკეს მეგობრები, ახლობლები თუ ადამიანები, რომლებიც არც კი იცნობდნენ ბიჭს. და მხოლოდ გაეგოთ მის შესახებ.
“ზრდილი ბიჭი იყო. სიცოცხლით სავსე. მზე დაჰქონდა უბით. რამდენ რამეს მოუყვება უფალს, სიცოცხლეზე ისაუბრებს , სიყვარულზე, მეგობრობაზე. სხვა რამისთვის არ ეცალა თოკას, სიყვარულს ეშურებოდა, მცირე დროით მოვლენილი ბიჭი”, _ წერს თორნიკეს მასწავლებელი ნუნუ კვასხვაძე.
“მიყვარხარ უსასრულოდ!უსასრულოდ შემიძლია ჩვენი ისტორიების მოყოლა! ყველა წამი მიყვარს შენთან გატარებული!ღმერთო, რამდენი რამე ტრიალებს გონებაში _ შენი ხმა, შენი სიცილი, შენი სიარული! მიყვარხარ, თორნიკე. მაპატიე, შენთან გამომშვიდობებაც რომ არ შემიძლია!იქ შევხვდებით!
უშაქრო ყავით ხელში! _ წერს თორნიკეს მეგობარი მონიკა დოლაბერიძე.
“ვინ დამაჯერებს იმას რო აღარ ხარ და ვეღარასდროს გნახავ??? გამორიცხულია!
ამასაც როგორ ვწერ, მარტო შენ მიხვდები, ვიცი, რომ კითხულობ ყველაფერს! ისიც ვიცი, რომ ხშირად გნახავ და ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით. ყველაზე მეტად მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები! შენ ადგილს ვერავინ ვერ შემიცვლის! მეზიზღება ყველაფერი შენ რომ არ იქნები, ისეთი სამყარო არაფერია. ვინ მომიშლის ნერვებს? ვინ დამირეკავს დღეში 20383ჯერ? ვინ გამახალისებს? ვის მოვუყვე ყველანაირი ყოველდღიური წვრილმანი? ბოლო წუთამდე იმედი მქონდა, ბოლო წუთამდე მეგონა რომ არ დამტოვებდი, მაგრამ ვეღარ გაუძელი… მენატრები უკვე სიგიჟემდე და მერე რა იქნება, ვერ გეტყვი. შენ თვითონ დაინახავ. მიყვარხარ გულში! ნათელში იყავი, სადაც ხარ და სიზმარში ყოველდღე თუარა ხშირად დამესიზმრე, მანდ მაინც გნახო!!! _ წერს თორნიკეს მეგობარი ნანუკა მარშანიშვილი.“როგორ მჯეროდა, რომ სხვაგვარი დასასრული ექნებოდა ამ ყველაფერს.რა საშინელება ყოფილა ღმერთო…თოკო, შენი სიცილი ჩაგვესმის ყველას წუხელს მერე.არვიცი სიტყვები დამეკარგა, ამერია თავში ყველაფერი. მუდმივად ტრიალებს ერთი კადრი, შენ იცინი და იცინი.შენი სიკეთე და კეთილშობილება, შენი ალალი და წრფელი გული…დედა როგორ გინუგეშოთ ჩემო მეგობარო!” _ წერს თორნიკეს მეგობარი თამუნა მეგრელიძე!
სოციალურ ქსელში ბოლო არ უჩანს თორნიკეს გამოსამშვიდობებელ თუ ერთმანეთისთვის მისასამძიმრებელ პოსტებს.
მასალას gurianews.ge ავრცელებს და თანაუგრძნობს, მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, მთელ ხიდისთავს საუკეთესო ბიჭის დაღუპვის გამო და გამძლეობას უსურვებს მათ.
კომენტარები