პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ მიერ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა:
„მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამ საკითხზე ჩვენ თანხმობა გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია მთელი რიგი საკითხების დეტალიზაცია, რათა არ განმეორდეს იგივე, რაც მოხდა 8 მარტის შარშანდელი შეთანხმების დროს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი დოკუმენტს და მერე ორი თვის მანძილზე უარყოფდა იმას, რასაც ხელი მოაწერა.
მისასალმებელია ასევე, რომ ბატონმა არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად გახსნა რიგგარეშე არჩევნების თემა, თუმცა წინადადება 40 პროცენტთან დაკავშირებით მიუღებელია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ქირქილი და დაცინვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათთვის პროცენტებს მნიშვნელობა არ აქვს, ისეც მოიგებენ. ახლა ვნახეთ, როგორ უყურებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
დეტალიზაციას მოითხოვს ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხი. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც იცვლება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ არ უთქვამს მაგალითად, ახალი კანონი, რომელსაც ისინი მიიღებენ ვრცელდება თუ არა თამარ ჟვანიაზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია თამარ ჟვანიას დარჩენა და მის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა.
ასევე წინაპირობა უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, რადგან ის ამ პოლიტიკური პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. სწორედ მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ ეს საკითხიც უნდა გამოვიდეს წინაპირობის სახით.
ბუნდოვანია ასევე 20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის საკითხიც.
რაც შეეხება 20 ივნისის საქმეების ამნისტიას, ამ შემთხვევაში ამნისტია თუ ეხება პოლიციელებს, დამრბევებს, თვალების დამთხრელებს და მათთვის დავალების მიმცემებს და ამის „გაპრავება“ უნდა „ქართულ ოცნება“, ეს ვერ მოხდება. აქაც ბუნდოვანება არის. თუ ამნისტია მხოლოდ იმ მუხლებზე ვრცელდება, რომელიც აქვს აქტივისტებს და ნიკა მელიას, ეს შეიძლება იყოს გამოსავალი.”
შეგახსენებთ, 19-20 ივნისის მოვლენებისას შს მინისტრი გახლდათ გიორგი გახარია.
კომენტარები