ფოტო – კახეთის ხმა
2019 წლის 20 ივნისის სისხლიანი ღამის „ქოც-ნაცური“ ტყუილები და „ალიას“ მიერ შეგროვებული რეალური ფაქტები!
“ალია”, 2019 წლის ივნისი, ავტორი თამო კეშელავა
„გავრილოვის ღამის“ და მის შემდეგ მიმდინარე აქციების მითი და რეალობა:
მითი 1: პოლიციელებზე ძალადობის გამო გახსნეს ცეცხლი, პარლამენტის შენობის დასაცავად გახსნეს ცეცხლი.
ირაკლი დოღაძე:
– მე და ჩემი მეუღლე წინა ხაზზე ვიდექით, გადაადგილება შეუძლებელი იყო, მეუღლე ცუდად გამიხდა, კორდონში მდგომ პოლიციელებს დიდხანს ვთხოვდი, გავეტარებინეთ ზემოთ, პარლამენტის კიბეებისკენ, რომ იქ დამესვა მეუღლე – გაგვატარეს, რომ ნახეს, გული უწუხდებოდა – ავიყვანე და კიბეებზე დავსვი. რამდენიმე ქალი იჯდა კიდევ იქ, ისინიც ცუდად იყვნენ. ამ დროს პარლამენტის ეზოდან გამოვარდნენ ვიღაცეები, ისე გასცეს ბრძანება: – დასცხეთ – მივხვდი მაღალჩინოსნები იყვნენ. იმ წამსვე მოგვვარდნენ, დასცხეს ქალებს პირველად, მეუღლეს გადავეფარე და თავში რაღაც მომხვდა, წავიქეცი, გონებაც დამიკარგავს, მაისური შემომახიეს, შემდგნენ, თურმე, ჩემს მეუღლეზეც იძალადეს. იქ, ზემოთ, კიბეებთან რა ხდებოდა, ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ დააფიქსირა. იქ, იმ კიბეებთან არ იდგა ის ხალხი, ვინც იერიშზე გადადიოდა. რა საჭირო იყო ქალებზე ძალადობა?
სიმაღლეებზე ჰყავდათ ხალხი განთავსებული, რა წამსაც ხალხის იერიში დაცხრებოდა – უცებ ზემოდან ისროდნენ.
როგორღაც ადგომა მოვახერხე და გონდაკარგული მეუღლეც გამოვიყვანე სამშვიდობოს.
ვხედავ დაჭრილი მოჰყავთ. ისეთი ჭრილობა იყო, ვერც ვიფიქრებდი, რომ რეზინის ტყვია მოხვდა. ვიფიქრე, რამე სხვა იარაღი გამოიყენეს და უკან მივბრუნდი, თუ ვინმე იყო კიდევ დაზიანებული, გამოსვლაში რომ დავხმარებოდი.
ხელებგაშლილი მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ მიმიზნებდნენ, მაგრამ მოტრიალებაც ვერ მოვახერხე – პირველი ტყვია მუცელში მომხვდა, მეორე მკერდის არეში – დავტრიალდი და წავიქეცი, გონება დავკარგე. მერე როგორც ექიმმა მითხრა, კიდვე ორი ტყვია მქონდა მოხვედრილი კისერში, არტერიასთან.
– წაქცეულს გესროლეს დანარჩენი ორი ტყვია?
– არ ვიცი, მე გონება დავკარგე, ბოლოს რაც მახსოვს, მკერდში ვიგრძენი ტკივილი და წავიქეცი. მკერდში ნასროლი ტყვიის ამოღებისას ანესთეზია დამჭირდა, ისე ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ როგორც მითხრეს გადავრჩი, რომ არტერიასთან მოხვედრილი ტყვიები ისეთი სიძლიერით არ მომხვდა, როგორც მკერდში დამიზნებული, თორემ, ადგილზე დავიცლებოდი სისხლისგან.
– საავადმყოფოში დიდხანს დარჩით?
– არა, მალევე წამოვედი, იქ იმდენი დაჭრილი მოჰყავდათ, „ამტელ ჰოსპიტალში“ ვიწექი, იმდენი ქალი და გოგო მოჰყავდათ დასისხლიანებული – მისაღებში კიდევ ადგილიც აღარ ჰქონდათ და როგორც კი ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი, წამოვედი.
– განცხადება დაწერეთ, ან საჩივარი?
– არა, თუმცა, თავად დამირეკეს, არ ვიცი, როგორ – დამიბარეს, როგორც დაზარალებული უნდა დაგკითხოთო, თუმცა, მხოლოდ მელიაზე აინტერესებდათ ინფორმაცია, რა გვითხრა, რა მოუწოდა ხალხს და ა.შ. ჩემი ჭრილობები იქ არავის აინტერესებდა.
ჩამატება:
მითი 2: ხალხზე არ ნადირობდნენ, მხოლოდ დაშალეს:
მარიამ პავლიაშვილი, 51 წლის, 4 შვილის დედა:
– ათი საათისთვის ცრემლსადენი გაზის გაშვება დაიწყეს. პირდაპირ ფეხებთან ამიფეთქდა ერთი, ჩემს წინ უგულავა იდგა, მესმოდა, ვიღაც როგორ უყვიროდა – ხელი არ მოკიდო გიგიო.
დღემდე დაზიანებული მაქვს იოგები. ახლაც მიჭირს საუბარი. არ ვიცი, ეს რა გაზი იყო.
– საეჭვო ხალხი არ შეგიმჩნევიათ?
– კიბეებზე ნასვამი და აგრესიული ბიჭები იდგნენ. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ახალგაზრდები გულწრფელად სწუხან საქართველოს ოკუპაციას და გულწრფელად არიან აღელვებულნი. მერე მაისურები გვთხოვეს. ვისაც შეხვდა მაისური, თეთრი პერანგი გაიხადა და მაისური გადაიცვა. ვისაც არ შეხვდა მაისური, პერანგი მაინც გაიხადა და ტანს ზემოთ შიშველი იდგა. უცნაურად ორი რამ მომეჩვენა: ყველა მაგარ „ზმანზე“ იყო, ასეთი ბრენდებით ჩვენი ბავშვები არ დადიან და მეორე – ყველა ერთი სიმაღლის იყო, დაკუნთული, წარმოსადეგი…
– აქციის დაშლის შემდეგ ის ბიჭები აღარ გინახავთ?
– არა, ერთად წავიდნენ ზედა მხარეს, ჩვენ ქვემოთ წამოვედით. არათუ იმ ღამით, მას შემდეგაც, არც ერთ აქციაზე აღარ მინახავს ის ბიჭები. ჩვენ ქაშუეთის ეკლესიას შევაფარეთ თავი, ვიფიქრეთ, რომ ეკლესიის ეზოში ვერავინ გაბედავდა სროლა,ს მაგრამ შევცდით – ეკლესიის ეზოშიც გვესროდნენ, ისეთი კვამლი იდგა, ვერაფერს ვხედავდი, სრულიად უცხო ადამიანებმა გამომიყვანეს. ვხედავდი, თეთრმაისურიან ბიჭს, რომელიც სახეზე ხელაფარებული მორბოდა – ვკითხეთ, რა სჭირდა, ხელი მოიშორა სახიდან და დავინახეთ რომ ხელიც და სახეც სულ სისხლიანი ჰქონდა… ამასობაში, ისევ განაგრძეს სროლა და ისევ გავიქეცით, დღემდე ვეძებ იმ თეთრმაისურიან ბიჭს, არ ვიცი, ვინაა, რა მოუვიდა, როგორაა…
– რომელი საათია ამ დროს?
– დაახლოებით 3 საათზე შევაფარეთ თავი ქაშუეთს. ოღონდ, ჩვენთვის სპეცრაზმს არ უსვრია.
– აბა?
– ჯერ პარლამენტის კიბეებიდან გვესროდნენ, მერე კრიმინალური პოლიცია.
– თქვენც დაგჭრეს?
– მე ახსლეტილი ტყვია მომხვდა. სრულიად უცხო ადამიანები დამეხმარნენ, რომ თავი დამეღწია. ყველგან იყვნენ ჩასაფრებულნი, სკვერებშიც სროლა იყო.
მითი 3: გახარიას ხალხი არ ისროდა დამიზნებით
მითი 4: სასწრაფო დახმარების ბრიგადები სრულად იყო აღჭურვილი
მითი 5: 20 ივნისის ღამეს დაზარალებულთა სრული სია გვაქვს
მითი 6: შს მინისტრს სროლის ბრძანება არ გაუცია
გოგა მიქელაძე:
– მე გვიან გავედი მეუღლესთან ერთად. გავიგე, რომ აქცია დაარბიეს, გავიგე, რომ ხალხი ცემეს და დაიჭირეს და ვიცოდი, იქ ჩემი მეგობრებიც იყვნენ, ვერ ვუკავშირდებოდით და წავედით. არაფრით მიფიქრია, რომ მშვიდობიანად მისულ მოქალაქეს, აქციის დაშლიდან საათნახევრის მერე რომ გადის რუსთაველზე, ტყვიას ესროდნენ. შერატონის გვერდით ვიყავით, ვხედავ ჯგუფს: რამდენიმე სპეცრაზმელი, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ერთი ადამიანი სამოქალაქო ფორმით. ვიფიქრე, აქციის მონაწილე მიჰყავდა პოლიციას – აქციის მონაწილე მეგონა ეს სამოქალაქო ტანისამოსიანი მამაკაცი.
უცებ, საფანტის ტიპის ტყვია მომხვდა, ხელები ავწიე, რომ დაენახათ, უიარაღო ვარ და მეუღლეს ვთხოვე, ქვაფენილზე, თავდაღმართში გაქცეულიყო. ქვემოთ საპატრულო ეკიპაჟს ვხედავდი, მანქანასთანვე იდგა პატრულის ორი თანამშრომელი და იმედი მქონდა, დაეხმარებოდნენ.
ხელები ავწიე, მაგრამ გავხედე – ისევ მიმიზნებენ და მესმის ბრძანება: „გაპიზდეთ“ და აიყვანეთ!
ყველამ ჩემსკენ გამოიწია, მათ შორის, იმანაც, სამოქალაქო ტანსაცმლით ვინც იყო – და გავიქეცი, ოღონდ, ხელი თავზე ავიფარე, ვიცოდი, რომ თავში არ უნდა მომხვედროდა, ამიტომაც ხელზე ყველაზე მეტი ტყვია მომხვდა. სულ 14 ტყვია მომარტყეს, თან საფანტის ტიპის ტყვიებს ხომ მესროდნენ და იმდენად ახლოდან მესროდნენ, საფანტის ტიპის რეზინის ტყვიას გაფანტვას ვერ ასწრებდა, ყველა მხვდებოდა.
– როგორ დაუსხლტით, სპორტსმენი ხართ?
– კი, საბრძოლო ხელოვნება – ვინჩუნი, კუნფუს სახეობაა, ამ ხელოვნებას ვფლობ.
– მეუღლე როგორაა?
– ხელი დაუზიანდა მხოლოდ და ახლაც იტკიებს და გაზით მოიწამლა. ახლა უკეთაა.
– საპატრულო პოლიცია დაგეხმარათ?
– არა, იდგნენ და იცინოდნენ. არ ვიცი რა იყო სასაცილო. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეგვხვდნენ, ისინი დაგვეხმარნენ. პირველადი დახმარებაც გამიწიეს და სასწრაფოს ეკიპაჟამდეც მიმიყვანეს – ჭრილობების დასამუშავებლად – მაგრამ ამ დროისთვის არც ერთ ეკიპაჟს აღარ ჰქონდა ჭრილობების დასამუშავებლად სითხე და მასალა – ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეს და გამომიშვეს.
– ხელი არ მოგაწერინეს არაფერზე? არც გადაყვანა შემოგთავაზეს?
– მაგ დროისთვის საავადმყოფოებში ადგილები აღარ იყო და ეგ მეც გამიკვირდა, რომ ხელი არ მომაწერინეს, არც ოქმი შეადგინეს, ისე გამიკეთეს გამაყუჩებელი და გამომიშვეს.
– სახელი და გვარი გკითხეს?
– არაა…
– აბა, დაზარალებულთა რიცხვი როგორ დაადგინეს?
– აბა, რა გითხრათ! ერთი ვიცი, რომ ჩემი სახელი და გვარი არ ჩაუწერიათ და ისიც ვიცი, რომ ჩემნაირი ბევრი იქნებოდა. მე აქციაზეც კი არ ვიყავი, სრულიად მშვიდად, უიარაღოდ, მეუღლესთან ერთად გამოვედი, რომ გამეგო, ჩემი მეგობრები დაშავდნენ, თუ არა.
– აკი, შსს-ს ხალხი არ ესროდა ხალხს, არ მისდევდა და არ ნადირობდაო? აკი, არ გაუცია გახარიას სროლის ბრძანებაო?
– არა, ამ სპეცრაზმს ნამდვილად ჰქონდა ბრძანება მიცემული. დამიზნებით რომ გვესროდნენ ერთია, მაგრამ გამთენიას, რაღაც შეიცვალა, აგრესია გაქრა, ლამის იმ თანამშრომლებად გადაიქცნენ, აი : – რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, ბატონო?!
რომ გელანაძღა, მუნდირიც რომ ჩამოგეხია – ხმას არ გცემდნენ, არც გიყურებდნენ, მშვიდად მიდიოდნენ და გასაგები იყო – ბრძანება შეიცვალა! აღარ იყო დაჭერის, ცემის, სროლის ბრძანება გაცემული – გააუქმეს ბრძანება და კრიმინალური პოლიციაც და სპეცრაზმით დამშვიდდა, უბატონოდ ხმას არ გვცემდა.
მითი 7: არ აპირებდნენ დარბევას და არ ემზადებოდნენ ადამიანების დასაჭერად
მითი 8: ყველა დაკავებული გამოუშვეს
მითი 9: დაკავებულებს ადამიანურად ექცეოდნენ
მითი 10: დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო
ბაჩო ლეჟავა:
– აქციაზე საცოლესთან ერთად ვიყავი. დაახლოებით 23.15 წუთზე დამაკავეს.
ჯერ კარგად მცემეს, მერე პარლამენტის ეზოში შემიყვანეს, იქ ავტობუსები იდგა, სამი უკვე სავსე იყო დაკავებული ხალხით. მე ვინც დამაკავა 24-25 წლის ბიჭი იქნებოდა, თითქმის ყველა დაკავებული იმას მოჰყავდა ავტობუსამდე. ავტობუსში ხელს არ გვკიდებდნენ, ბრძანებაც გავიგე, რომ ავტობუსში აყვანამდე უნდა ვეცემეთ და ისე ავეყვანეთ. ადგილი აღარ იყო ავტობუსებში, ფეხზეც იდგნენ დაკავებულები.
ძველი თბილისის განყოფილებაში წაგვიყვანეს. გზაში ერთი განსაკუთრებულად კვნესოდა, ნეკნები მაქვს ჩალეწილიო ყვიროდა – ყურადღებას არ აქცევდნენ, ჩვენც ვთხოვეთ დახმარებოდნენ და სასწრაფოს ახლა თქვენთვის არ სცალიაო, გვიპასუხეს. მერე განყოფილებაში მისვლისას, ამ ბიჭმა გონება დაკარგა და წაიყვანეს. იმედია, გადაიყვანეს საავადმყოფოში.
იყვნენ თავგატეხილებიც, მეც თავი მქონდა გატეხილი, ზოგს ცხვირიც გატეხილი ჰქონდა, ზოგს არც ვიცი, რა სჭირდა, სისხლიანი იყო, ამას ვხედავდი მხოლოდ. არც ერთ ჩვენთაგანთან ექიმი არ მოსულა, არც ერთი არ გავუსინჯივართ. არ იყო წყალი, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გავყავდით საპირფარეშოში, სკამიდან ადგომის უფლებაც არ გვქონდა. არ მოგვცეს ოჯახებში დარეკვის უფლება: – უფროსი მოვა და იმას უთხარითო. ნაცემი, მშიერი, მწყურვალი ბიჭების თვალწინ, ყავაც დალიეს, საჭმელიც ჭამეს… ჩვენ ის 24 საათი ლუკმა არ მოგვაწოდეს, წყალი სასამართლოში რომ ყველამ ერთხმად მოვითხოვეთ, მერე მოგვიტანეს და დაგვალევინეს, ოღონდ სასამართლოშიც, სადაც მთელი დღე დავყავით, არ მოგვცეს საპირფარეშოში შესვლის უფლება. სავსე იყო სასამართლოს ფოიე დაკავებულებით, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ იყო.
4 ადამიანი ერთად შეჰყავდათ სხდომის დარბაზში და 5 წუთში გამოჰქონდა განაჩენი მოსამართლე ნათია ტოგონიძეს. ყველას, ვინც საღამოს 7 საათამდე გაასამართლა – გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მერე, თქვეს, რომ საღამოს 7 საათზე დაურეკეს და უთხრეს, ფიზიკურად აღარ გვაქვს ციხეებში ადგილიო – ამიტომ, საღამოს საათებში ვინც გასამართლდა – გამოგვიშვეს – კი არ გამოგვიშვეს, უფრო სწორედ, გადაიდო ჩვენი სხდომა, მაგალითად, ჩემი სხდომა 3 ივლისს გაიმართება. ძალიან სასაცილო ამბავი იყო, როცა ძველი თბილისის განყოფილებაში უფროსი მოვიდა, ერთი წინადადება თქვა: გადაინაწილეთ, ვინ ვისი დამჭერი იქნებითო და გავიდა. ვერც ერთი ვერ ვცნობდით, ჩვენს დამჭერს, იმიტომ, რომ რეალურად, სხვა ადამიანებმა დაგვიჭირეს და სხვა იბრალებდა. ჩემს პროცესზე სამი თანამშრომელი იყო შსს-დან. სამივეს ერთი და იგივე ტექსტი ჰქონდა, იმდენად ზუსტად ერთნაირი, მოსამართლემაც კი თავი ჩახარა, რომ ღიმილი დაეფარა. რის საფუძველზე ვართ დაკავებულნი, იცით? დაკავების ოქმში წერია: იგინებოდნენ უმისამართოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას უშვერი სიტყვებით, გავაფრთხილეთ, რომ შეეწყვიტათ და ისევ გააგრძელეს უმისამართო გინება. ვინც ჩემთან ერთად გასამართლდა, ყველაზე ასე ეწერათ.
– პოლიციელზე თავდასხმას და წინააღმდეგობას არ გედავებიან?
– არა, არ გვედავებიან. უმისამართო გინებისთვის ვიყავი დაკავებული, რომ ჰკითხო.
– და ნაცემი რომ ხართ, აბა, რისთვის ვცემეთო?
– ეგ არც უკითხავთ. სხვა დარღვევებიც არის. ყველა ოქმი არასწორადაა შედგენილი. მაგალითად, ყველა ოქმში დაკავების დრო წერია 23.11-საათიდან, 23. 15 საათამდე – არადა, დაკავებები საათობით გრძელდებოდა. ტყუილია, თითქოს ამდენი ხალხი 4 წუთში დააკავეს, ამის დამამტკიცებელი საბუთიც გვაქვს.
– შსს-მ განაცხადა, რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლა.
– ტყუილია, მესამედიც არ იქნება გამოშვებული. ბევრს ვცნობ სახეზე, რამდენიმე თუ არა, ერთი დაკავებული ნამდვილად დამირეკავდა, რომ გამოეშვათ. ჯერ ისევ დაკავებულია, ზუსტად ვიცი, რომ გამოეშვათ – დამირეკავდა. ასე შევთანხმდით, რა წამსაც გარეთ ვიქნებოდით, ერთმანეთს შევხმიანებოდით. თუ ყველა გამოუშვეს, სად არიან ეს ხალხი ახლა? რატომ არ ჩანან?
მითი 11: აქციაზე მხოლოდ ბარიგები და ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები დგანან:
4 ადამიანს ვესაუბრე, ერთი 4 შვილის დედაა, ორი მეუღლესთან ერთად იყო აქციაზე, ერთი საცოლესთან ერთად. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისეთივე ადამიანები, როგორიც თქვენი მეოჯახე მეზობელი, თქვენი მშრომელი ბიძაშვილი, თქვენი შვილების, დედების, მამების, ბაბუების მსგავსი ხალხი დგას და ითხოვს დამნაშავეების დასჯას.
და ბოლოს ისევ, დაჭერილი ადამიანების გათავისუფლებაზე:
გამოუშვეს ისინი, ვისაც 9 დღე ჰქონდა შეფარდებული – კი, გამოუშვეს თითქმის მეცხრე დღეს.
ვინ ყველა გაათავისუფლეს?
სად არის სია ან დაკავებულთა ან გათავისუფლებულთა?
არავის ეს სია არა აქვს, არც ოპოზიციას, არც აქციის ორგანიზატორებს, არც ჟურნალისტებს.
აბა, შსს-მ განაცხადა რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლა და დავუჯერეთ? თუ გვჯერა შსს-ს და მისი მინისტრის, რაღაზე ვითხოვთ მის გადადგომას?
კიდევ ერთხელ დავრეკე გენერალურ ინსპექციაში:
არც დაკავებულთა სია აქვთ, არც გათავისუფლებულთა. ერთიანი სია არა გვაქვსო გვეუბნებიან და ცალკეულ სახელს თუ გვეტყვით, გიპასუხებთო.
სად მოძებნიან იმ ცალკეულ სახელებს და გვარებს, თუ სია არა აქვთ?
არა, სია როგორ არა აქვთ, მაგრამ – ამათ ის აინტერესებთ, მე ვიცი სახელი და გვარი ვიცი, ვის სახელსაც და გვარსაც ვიკითხავ – იმედი აქვთ, რომ ყველას სახელს და გვარს ვერ გავიგებ და მართლები არიან, მხოლოდ „ალია“ ითხოვს დაკავებულთა ერთიან სიას, მხოლოდ „ალია“ ეძებს დაკავებულებს და გათავისუფლებულებს და მარტო ვერ შეადგენს „ალია“ დაკავებულთა სიას.
ხოდა, ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდაა ახლა სადღაც დაგდებული, უწყლოდ, საკვების გარეშე, უპატრონოდ, ვინ იცის, რამდენი ოჯახია დაშინებული და გაჩუმებული – არ არის ასე? მოგვეცით მაშინ ერთიანი სია, რომ დაკავებულთა და გათავისუფლებულთა გვარები შევადაროთ.
სიმართლე და რეალობა ისაა, რომ დაკავებულთა სია ბევრად მეტია სამასზე, ჩვენი ინფორმაციით 700-ზე მეტია და გათავისუფლებული კიდევ – 100 კაციც არ არის!
ამიტომ, არ გვაძლევენ დაკავებულთა და გათავისუფლებულთა სიას – სრულ სიას ვერ მომცემენ და 300 კაციანი სია რომ მომცენ და მერე მე ოცი გვარი დავასახელო, 50 გვარი დავასახელო, 100 გვარი დავასახელო, ვინც ამ სიაში არ არის და დაკავებული იყო?
და სრულიად გულწრფელად დამცდა კითხვა გენერალური ინსპექციის თანამშრომელთან:
– აკი, მოკვლევა დაიწყეთ ძალის გადამეტებაზე? აკი, თითოეული დაკავებულის საქმის განხილვა დაიწყეთ? სიის გარეშე ამას როგორ მოახერხებთ? სია თუ არ გაქვთ, როგორ და რას იძიებთ?
და გენერალური ინსპექციის თანამშრომელსაც ასევე გულწრფელად დასცდა:
– არ ვიცი!
არ იციან, იმიტომ, რომ ამდენი ზღაპრიდან და მითიდან გამოსავალი აღარ არსებობს!
ეს ჩიხია!
და სულ ერთია ჩიხის თავში დგას ახლა მთავრობა, თუ ბოლოში – ყველა ჩიხი მოკლეა!
კომენტარები