15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ თვითმკვლელობის მომენტში ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
„მე აქამდე თავს ვიკავებდი, არ მინდა მედიასაშუალებები ყოფილიყვნენ კვაზი სასამართლოს ფუნქციის შესრულების წინაპირობა, რაც სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხდება. ლუკა სირაძე იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რომელზეც არავინ არასდროს საუბრობდა, ეს უმნიშვნელოვანესი დასკვნა იქნება გასაჯაროვებული.
დედის პოზიცია გახლდათ ის, თითქოს მარიანა ჩოლოიანმა მიიყვანა ლუკა სირაძე იმ მდგომარეობამდე, რომ ის გადმოხტა კორპუსიდან. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მხოლოდ დედის განცხადება არ არის საკმარისი.
დედის ინტერესი იყო გარდაცვლილი შვილის მდგომარეობა. დედა სასამართლოზე აცხადებდა, რომ მას და მის შვილს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც კი აუკრძალეს, თუმცა ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ისინი შედიან საპირფარეშოში, თუნდაც ეს ელემენტარული არის ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ დედის მიერ მიცემული ინფორმაცია არის სუბიექტური.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობის ტესტი ვერ და არ ჩააბარა. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება მარიანა ჩოლოიანის გამართლებამდე“, – ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს დღეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კომენტარები