საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან გაგზავნილმა წერილმა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებისთვისაც მიუღებელია „ქოც-ნაცური“ კოჰაბიტაცია. რა თქმა უნდა, მოინახა სააკაშვილის სატელიტი პარტიები, რომლებმაც უკრაინაში აფრინეს სამარცხვინო წერილი და ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი მარტო არ იყო დანაშაულებების ჩადენაში, რომელმაც ასე დააზარალა ჩვენი ქვეყანა და ხალხი. თალაკვაძემ სააკაშვილს სამშობლოს ღალატიდან დაწყებული, რაც კი სისხლის სამართლის კოდექსში მუხლები არსებობს, ყველაზე მოუხსნა პასუხისმგებლობა. ამან განსაკუთრებით გაამწარა იმ სისხლიანი რეჟიმის დროს უკანონოდ გასამართლებული 300 ათასამდე პატიმარი და პრობაციონერი. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ჭკუათმყოფელმა უნდა შეიგნოს ის, რომ ყოფილი ნაციონალი არ არსებობს. ტყუილად კი არ წამოაძახა ნაცების დედოფალმა სანდრა რულოვსმა თალაკვაძეს ზუგდიდის არჩევნებში – „შენგან მაინც არ ველოდი ამასო“. ამიტომ ამ საშინელი მემკვიდრეობიდან თავის დაღწევა არც ისე ადვილია და თალაკვაძის წერილიც ამის დასტურია, თორემ ის წერილში მარტო სააკაშვილის მიერ მიტაცებულ 8 მილიონზე კი არ ილაპარაკებდა და მარტო ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის ცემაზე არ გაამახვილებდა ყურადღებას, როცა თითქმის ნახევარი საქართველო ცემეს, აწამეს და გაძარცვეს. 150 ახალგაზრდა მარტო ადგილზე დახვრიტეს, ოთხჯერ მეტი სამუშაო ადგილებზე დახოცეს და იმაზე მეტს კი ციხეებში წამებით ამოხადეს სული. ეს იყო ნამდვილი ნეოფაშისტური ტერორი. თალაკვაძემ სააკაშვილის ყველაზე უმძიმესი დანაშაულის სამართლიანი შეფასება არ მოახდინა, რასაც სამშობლოს ღალატი ჰქვია, როდესაც უკრაინაში მილიონობით ღირებულების სამხედრო ტექნიკა, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა იარაღები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყიდა, ხოლო რუსი იმპერიალისტებისთვის საქართველოს ტერიტორიების ჩაბარების შემდეგ კოდორში, გორში და სენაკის სამხედრო ბაზაში თავისი ხელით გადაულოცა ოს იმპერიალისტებს. რუსეთის ფედერაციამ ეს ტექნიკა დონბასსა და ლუგანსკში ოსი სეპარატისტების შეიარაღებულ ფორმირებებს გადასცა და ამ იარაღებიდან და საბრძოლო ტექნიკიდან კლავენ დღეს უკრაინელ ჯარისკაცებს და ოფიცრებს. ამისთანა მოღალატეს როგორ უნდა ენდოს უკრაინელი ხალხი? უკრაინელმა ხალხმა ყურადღება იმას უნდა მიაქციოს, თუ როგორ აწამებდა ქართველებს, როგორ ართმევდა მათ ბიზნესს, როდესაც ძალაუფლება ჰქონდა სააკაშვილს. მაგალითისათვის ქუთაისელი ბიზნესმენი ქალის გულნარა ვაჩიბერაძის ისტორია მათთვის გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ წაართვეს მას ნახევარი მილიონის ქონება, ოქრო, ფული, სახლი და ციხეშიც გაუშვეს. „ალია“ წერდა ვაჩიბერაძის საქმის შესახებ. მკითხველს შევახსენებ, რომ უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ პაატა ქობულაძემ მას 300 ათასამდე ლარის ოქროს ნივთები და ძვირფასი თვლები წაართვა მცირე ლომბარდიდან. როცა ნივთების დასახსნელად 12 ათასი მიიტანა ლომბარდში, ქობულაძემ ფული გამოართვა, ჩეკი გამოუწერა, მაგრამ არც ნივთები დაუბრუნა და აღარც ფული, მერე კი დააჭერინა. სასამართლო პროცესზე პაატა ქობულაძე ვაჩიბერაძეს ემუქრებოდა, სააკაშვილი, ადეიშვილი და ლაცაბიძე სამივე ჩემი მეგობარია და მე რასაც ვეტყვი მათ, ისე იქნებაო. მართლაც ასე მოხდა. ქობულაძემ ვაჩიბერაძის დაპატიმრების შემდეგ მისი ოჯახის მეგობარს 10 ათასი დოლარი თაღლითურად გამოსძალა, ვითომ ციხიდან გაათავისუფლებდა და მოატყუა, ამ თანხით ვაჩიბერაძის დაყადაღებულ სახლს ყადაღა მოხსნა და პირველივე აუქციონზე იყიდა. ხუთწლიანი პატიმრობისა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვაჩიბერაძეს თავის სახლში ქობულაძე დახვდა. ბევრი იბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის, მაგრამ ამაოდ. ახლა პანდემიამ მოუსწრო და სიმწრით გახსნილი მაღაზია ქოცებმა დაუკეტეს. ორივე რეჟიმისგან მიწასთან გასწორებული ბიზნესმენი გულნარა ვაჩიბერაძე თალაკვაძის გაგზავნილი წერილის შემდეგ „ალიას“ დაუკავშირდა და მისი საუბარი სიტყვა-სიტყვით ჩავიწერეთ:
„არჩილ თალაკვაძის გაგზავნილი წერილი დიდი სირცხვილია. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ახლა, მიშა იქნება თუ ოცნება. მიშას რეჟიმმა ყველაფერი წამართვა, ოცნებამ კი არაფერი გააკეთა. ნადარეიშვილის დეპარტამენტში ჩემი საქმის გამომძიებელი ანრი არსენიშვილი ჩემს ტელეფონს საერთოდ არ პასუხობს. ახლა პანდემიამ მომისწრო. ჩემთვის სულერთია, ციხეში ვიქნები თუ „ოცნების“ კარანტინში. 5 წელი ვიყავი მიშას კარანტინში და იქ ყველა ინფექციური დაავადების მქონე ქალებთან მოვიხადე სასჯელი, კორონამ რა უნდა დამაკლოს! ციხიდან გამოვაღწიე, მაგრამ ჩვენნაირი ხალხი „ოცნებამ“ გადააგდო. თვითონ მაღაზიებს ხსნიან, მე კი სიმწრით გახსნილი მაღაზია გამომიკეტეს. კორონავირუსთან ბრძოლამ შერჩევითი ხასიათი მიიღო. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, როცა შიდსის ეპიდემია მძვინვარებდა, შავკანიანებს კომენდანტის საათს უცხადებდნენ, ათეულობით მილიონი ადამიანი სოროებში იყო გამოკეტილი და გარეთ ცხვირს ვერ ყოფდნენ. ახლა, 21-ე საუკუნის საქართველოში, ჩვენ ისე გვექცევიან, როგორც სამხრეთ აფრიკელი რასისტები ადგილობრივ შავკანიანებს. ეს არ არის დისკრიმინაცია? რადგან კლასობრივი შერჩევაა, ეპიდემიასთან ბრძოლა იქნება თუ სხვა რამ, სოციალურ რასიზმს ადასტურებს და ამას პოლიტიკური შეფასებები უთუოდ მიეცემა. სამხრეთ აფრიკის მაგალითი უკვე აღვნიშნე. ახლა გადავინაცვლოთ ახლო წარსულში. კარგად მახსოვს, როცა ქვეყანაში შევარდნაძის ტირანია მყარდებოდა, ამ ტირანიის ერთ-ერთი თავგამოდებული მომხრე გიორგი ყარყარაშვილი ხალხს ტელევიზიით მიმართავდა: თბილისელებო, ყველანი თქვენს სახლებში დაეტიეთ და სოფლელებო, თქვენ კი სოფლებში წაბრძანდითო. ზუსტად ასე ხდება დღეს. მაშინ კორონავირუსი არ ყოფილა, მაგრამ ყველა სახლებში იყო შეკეტილი და თბილისის შუაგულში ტყვია-ვირუსები დაფრინავდა. ან სად იყო მაშინ კორონავირუსი, როცა სააკაშვილის ფაშიზმი მძვინვარებდა და ქუთაისსა და ბათუმში ფაშიზმთან ბრძოლაში დაცემულთა ობელისკები და მემორიალები რომ დაანგრიეს; ან სად იყო მაშინ კორონავირუსი, როცა თერთმეტი წლის უკან, ზუსტად 19 აპრილს, აღდგომა ღამეს, დილის 5 საათზე, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ბრძანებით, 600-მდე პატიმარი ქალი გაგვიტაცეს და ქვეყანაში ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩაგვამწყვდიეს და კარანტინი გამოაცხადეს. მაშინ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს „მიშა, წადიო“, უთხრეს პატიმრებმა. სააკაშვილის სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა კი მხარი სააკაშვილის რეჟიმს დაუჭირა და ამ პროტესტის გამო ქალები გაკიცხა. ეს კაცი დღეს „ოცნების“ პრემიერმინისტრის მრჩეველია. ან სად იყო მაშინ ნათია მეზვრიშვილი, ქალებს რომ აწამებდნენ. სად და სააკაშვილისა და ადეიშვილის რეპრესიული ორგანოს ერთ-ერთი ფუნქციონერი იყო. დღეს კი ეს ქალბატონი პარლამენტის ტრიბუნიდან ბაქიბუქობს. მეზვრიშვილი დღეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია. აღდგომის ღამეს ხალხს ეკლესიებში მისვლას უშლიდნენ, მაგრამ იმ ღამეს ბაგრატის ტაძარი ხალხს ვეღარ იტევდა. ძალიან მალე ესენი ხალხს ვეღარ დააკავებენ. ჩვენ ეკლესიებში გვიკრძალავდნენ მისვლას და ამ დროს თვითონ საშვიანი მანქანებით ოჯახის წევრებთან ერთად დაჰქროდნენ. ახლა ჩუმ-ჩუმად საბარგო ფურგუნიანი მანქანებით დაიწყეს ხალხის გადაყვანა, ვითომ სურსათი და პური გადააქვთ. კორპუსებს შიგნით გააჩერებენ და იქიდან გადაახტუნებენ თავიანთ მგზავრებს. ამ გაგანია კაპიტალიზმში მუქთად ვინ გარისკავს. ასეთივე თვალთმაქცობას ჰქონდა ადგილი რეგიონებში, მაგალითად, სააღდგომოდ სენაკის საკრებულოს დეპუტატები გოჭების, ინდაურების და ქათმების საყიდლად სენაკიდან 30 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ქოცხოში ჩავიდნენ აღდგომის წინა დღეს. სოფლის გლეხებს ამ დროს წამალი რომ ეყიდათ, სენაკში ამისთვის არ უშვებდნენ. უზარმაზარი მასა ადამიანებისა განადგურდა, რაც აუცილებლად აისახება პოლიტიკურ ვითარებაში. ახლა ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ პოლიტიკური ცენტრი არ არსებობს, რომლის გარშემო მშრომელი ხალხი შემოიკრიბება. ხალხმა კორონისგან დაიცვას თავი თუ შიმშილისგან? რა მოგვკლავს, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ხელისუფლება საბანკო-სავახშო კაპიტალს ავითარებს კორონავირუსის პირობებში. ეს ფული, რაც მილიარდობით შემოვიდა, ბანკების სასარგებლოდაა, რათა მერე გამოიყენონ ფინანსურ ბაზრებზე მეტი ფინანსური სპეკულაციების დასატრიალებლად. რა, ახალი ტექნოლოგიური ხაზები შემოიტანეს თუ რა. ამ საქმეში ცოტა რამ გამეგება და იმიტომ ვამბობ. სააკაშვილის რეჟიმმა თუ ბიზნესი დამინგრია, ხოლო მოსამართლე პაატა ქობულაძემ გამძარცვა, „ოცნებამ“ ის არ დასაჯა და ისევ აგრძელებს მევახშეობას. ჩემნაირები ათასობით არიან, მაგრამ ხალხი მაინც წავა არჩევნებზე და ან „ქოცს“ მისცემს ხმას ან „ნაცს“. იმას ვერ ხვდება, რომ ამით არაფერი შეიცვლება. დავსვათ ასეთი კითხვა, რატომ არ ეცემა საბანკო კაპიტალი? იმიტომ, რომ საბანკო სავახშო კაპიტალს არ აინტერესებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ყველაფერი, მოწამლული საკვები პროდუქტები იმპორტიორ ფირმებს შემოაქვთ უცხოეთიდან, ესენი კი ყველა ბანკებთან და ბანკირებთან არიან შეკრულები. ამიტომ სვამენ ბრიყვულ კითხვას, რატომ არ მცირდება ბენზინზე ფასი? რატომ და ბანკირებს ეს საერთოდ არ აინტერესებთ. სულ ცოტა ხანში ჩვენ კიდევ უარეს დღეში ჩავვარდებით. ახლა გვეუბნებიან, 200-200 ლარს მოგცემთო. იმასაც ვერ მისცემენ ხალხს, რადგან ამის კრიტერიუმები არ არსებობს. არ მინდა თქვენი მათხოვრული 200 ლარი. დამიბრუნეთ ჩემი უკანონოდ წართმეული ქონება და დასაჯეთ ყაჩაღი პაატა ქობულაძე!
ნანა სულავა, „ალია“
კომენტარები