ბევრი წლის წინ, “მედოკი“ და “იდეალი” დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზასა. ბევრი იარეს თუ ცოტა, მიადგნენ ფუტკრების სკას. იდეალმა ისკუპა და გადახტა, მედოკმა ისკუპა და პირდაპირ თაფლში მოადინა ზღართანი.
–ძმობილო, რამე მიშველე, თორემ, ერთი ფირფიტა უკვე გაიჟღინთა თაფლით და თუ ასე გაგრძელდა, დავიხრჩვებიო, – ამოსძახა მედოკმა იდეალს.
იდეალმა ერთი წამით კი იფიქრა, თუ დაიხრჩვება, მხოლოდ მე შემოვრჩები ისტორიას და დიასახლისებს აღარ ექნებათ საფიქრალი, მედოკი, თუ იდეალი დააცხონო, მაგრამ მალევე შერცხვა თავისი ფიქრების და მეგობრობამ სძლია.
მივიდა იდეალი ფუტკრებთან და სთხოვა: – ფუტკრებო, დამეხმარეთ, თქვენ ბევრნი ხართ, მე ერთი და თქვენი დახმარების გარეშე, მეგობარ მედოკს ვერ ამოვიყვანო.
–შენ რომ ჩვენთვის ყვავილები არ მოგიტანიაო? – ფუტკრებმა.
დაადგა ყვავილების საძებნელად იდეალი გზას. ბევრი იარა, იმდენი იარა, ფაფუკი გვერდები ეტკინა, იმდენი იარა, კინაღამ დადნა, კრემი წურწურით ჩამოსდიოდა უკვე სახეზე. უეცრად დაინახა უზარმაზარი კაკლის ხე, ჩრდილი და ხის ქვეშ გაფენილი ყვავილები. სიხარულით შეაფარა თავი კაკლის ჩეროს. ცოტა რომ დაისვენა, კაკალს მოუყვა თავისი ძმობილის გასაჭირზე და სთხოვა, რამდენიმე ყვავილის ფუტკრებთან წაღების უფლება მომეციო. დაფიქრდა კაკალი და დასთანხმდა, ოღონდ ერთი პირობით, სამაგიეროდ, მინდა ჩემი კაკლები დაამატო შენ უნიკალურ გემოს და კიდევ ერთხელ უკვდავყოთ ჩემი ნაყოფიო.
დასთანხმდა იდეალი, სულ ნარჩევ–ნარჩევი კაკლები დაუმტვრია და გაურჩია კაკლის ხემ და იდეალს მოაყარა. დაკრიფა იდეალმა ყვავილები და დაადგა გზას ძმობილი მედოკისკენ. მიაღწია სკას და რას ხედავს, ცოტაც და მისი მეგობარი მედოკი აღარ გამოჩნდება თაფლში და მთლიანად ჩაიძირება. დაიკაპიწა კრემი იდეალმა, ფუტკრებიც დაფაცურდნენ და ერთიანი ძალებით ამოიყვანეს მედოკი თაფლიდან. ჩაეხვივნენ ერთმანეთს ძმობილები და იდეალსაც მთელი სახე და ტანი მოეთხუპნა თაფლით – გასინჯა და ეს რა მაგარი რამე ყოფილაო, რა გემრიელიაო, მეც მინდაო. გიწილადებო, მედოკმა. მართლაც უწილადა. იდეალმა სამაგიეროდ, უგემრიელესი კაკალი შესთავაზა, მაგრამ მედოკმა უპასუხა, მართლა ტყუპებივით ხომ არ ვიქნებით, იყოს მცირე განსხვავებაო.
შემდეგ ისევ ერთად გააგრძელეს გზა და მოდიან და მოდიან, გაუძლეს დროს, დაატკბეს თაობები, უამრავ ადამიანს აჩუქეს ბედნიერება და სიხარული.
ერთ დღესაც „ტკბილ ქვეყანასაც“ მიადგნენ და აბა, ქვეყანა, რომელიც ტკბილია, უჩვენოდ ვის გაუგიაო, თქვეს.
ტკბილმა ქვეყანამაც დიდი სიხარულით და პატივით მიიღო და დაპირდა, თქვენ ისტორიას, გემოს და განწყობას უცვლელად მივიტან ადამიანებამდეო – დღემდე ამ პირობას წარმატებით ასრულებს.
კომენტარები