პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სპეციალურ ბრიფინგზე, ამბობს:
“საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია– ვეტო, რომელიც დავადე მოსმენების კანონის ცვლილებებს.
მე აქამდე ფრთხილად ვეკიდებოდი ვეტოს საკითხს, არ შეიძლება პრეზიდენტი ვეტოს ხმარობდეს მარტივი ფორმით, ეს გააფასურებს ამ ბერკეტს, ისიც ვიცი, ვეტოს დაძლევა გარანტირებულია, რადგან უმრავლესობის ხელშია. მაგრამ, არის საკითხები, როცა ვეტო ატარებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ ნიშანს – ეს ეხება სისტემას. რა, თუ არა მოსმენები, ეხება ჩვენ დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას. აქ გადის გამყოფი ხაზი – ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში, თუ გადავდივართ ევროპულ სისტემაში? არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან – თუ არა?
ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ? და მერე ვამბობთ, ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რაც უნდათ. ეს არ არის ევროპული ცხოვრება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა, ეს არის სხვა სისტემა და ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ. ამის თქმა მინდოდა ამ ვეტოთი. მოსმენების ასე გაფართოება… იმ ფორმით, რომლითაც იყო მიღებული ეს ცვლილებები, არა დასაბუთებული, არა კონსულტაციებით, აჩქარებული წესით… ეს აჩენს ეჭვს, რომ ეს არის ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ მოსმენები გახდეს, როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეული, ძალაუფლების ძლიერი ბერკეტი. ეს არ შეიძლება, იმ მომენტში, როცა ვაცხადებთ, რომ მივდივართ იმისკენ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. თუ მივდივართ ევროპისკენ – უნდა წავიდეთ, თუ არ მივდივართ, უნდა ითქვას ეს – ვეტო ამის მთქმელი იყო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ საითკენ ვართ.
ძალიან მოხარული ვარ, რომ ვენეციის კომისიამ, ამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა და თუ ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ არაკომპეტენტური ვარ, ცოტა არ იყოს უხერხული უნდა იყოს ზოგიერთებისათვის, როცა ვენეციის კომისიას აბრალებენ არაკომპეტენტურობას, მით უმეტეს ისინი, როცა სხვა დროს იშველიებდნენ სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნებს. ცოტა სერიოზულობაც გვევალება.
კომენტარები