ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე.
– ბატონო გედი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი სასამართლო რეფორმაზე მუშაობს, უკვე დაიწყო კონკრეტული საკითხები განხილვები. აქამდე გვიმტკიცებდა „ქართული ოცნება“, სასამართლო რეფორმა გავატარეთ და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა გვაქვსო და თუ ასეა, რაღა რეფორმას ატარებენ?
– მესმის თქვენი და ამ საკითხს იუმორის გარეშე ძნელია შეხედო. რეალურად, ყველამ კარგად იცოდა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვქონდა. გარეთ ერთს ლაპარაკობდნენ და შიგნით – მეორეს. ადრე, “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომებზეც თქმულა, რომ სასამართლო არ გვივარგოდა. სასამართლო რეფორმა არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი, რომელიც დაგვისვა ევროკავშირმა, ამ ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ. პოლიტიკა იცვლება და ახალ პოლიტიკურ რეალობაში, ეს მთავრობა აღარავის დასჭირდება. ამიტომ, რაღაც დონეზე მაინც მოუწევთ სასამართლოში ცვლილებების განხორციელება, რომ დასავლეთს ილუზია შეუქმნან, ვითომ დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლო სისტემას ქმნიან, ვითომ რეალურ რეფორმებს ატარებენ. ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ. ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩს აგინებდი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდი, დასავლეთის საწინააღმდეგო კამპანიას ხელმძღვანელობდი და უცებ ეს ყველაფერი შეიცვლოს, ძალიან არაბუნებრივია. ჩვენ არ გვაქვს საქმე თანმიმდევრულ ხელისუფლებასთან. მაგ მხრივ იმ ხალხს უფრო პატივს ვცემ,რომლებიც ძველ პოზიციაზე დარჩებიან და ამ ფასადურ რეფორმას ღიად მხარს არ დაუჭერენ. ამათ ბიძინა ივანიშვილმა დილით რომ უთხრას, მონარქისტები უნდა ვიყოთო, მონარქისტები გახდებიან, საღამოს რომ უთხრას, ანარქისტები უნდა ვიყოთო, ანარქისტები გახდებიან. საკუთარი პოზიცია არ გააჩნიათ, რასაც ივანიშვილი ეუბნება, იმას აკეთებენ სიტყვის შეუბრუნებლად.
– სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა და ამ ანგარიში მოხვდა ინფორმაცია, რომ სასამართლოს ერთი ჯგუფი, ერთი კლანი მართავს. გამოვიდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გოჩა აბუსერიძე და განაცხადა, რომ მე შეურაცხყოფილი ვარო. მტკიცებულებებს ითხოვს ლომჯარიასგან, რომ სასამართლოს ერთი ჯგუფი მართავს. ჯერ იყო და, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, მგონი ყოველდღე აცხადებდნენ იგივეს, მანამდე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი იმავეს ამბობდა და სამივენი საპროტესტო აქციებს მართავდნენ უზენაეს სასამართლოსთან. უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრი, ბესარიონ ალავიძე იგივეს ამბობს, იგივეს აცხადებენ ამერიკაში წასული მოსამართლეები, უვადოდ არჩეული მაია სვიანიძე და ანა ღელეყვა. გოჩა აბუსერიძემ მიმართოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, დაკითხონ ეს ხალხი და მათი ნათქვამი მერე უკვე მტკიცებულებად იქცევა. არ არის ასე?
– რა თქმა უნდა, თუ გამოძიება იქნება, მტკიცებულებებიც იქნება და წრეც შეიკვრება. ობიექტურ მოკვლევას და გამოძიებას, რომ არავინ ატარებს, ამიტომ ყველა ჩუმად არის. გამოძიება, რომ დაიწყოს, ბევრი მოქმედი მოსამართლე ამოიღებდა ხმას. თქვენ სოსო გოგაშვილი გამოგრჩათ, რომელიც საპატიმროდან იძახის, რომ მე ვიყავი კოორდინატორი მაგ საქმეში და სუს-იდან კოორდინაციას ვუწევდიო. სასამართლო კლანის წევრთა კონკრეტულ გვარებსაც სახელებს და ამბობს, რომ კლანის წევრი მოსამართლეები იმ დაკვეთას ასრულებდნენ, რაც ხელისუფლებას უნდოდა. ამას როდესაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომელიც თანამდებობრივად მეორე კაცი იყო სუს-ში, მეტი დატვირთვა აქვს. მეტი რა მტკიცებულება გინდა? სასამართლოში პირდაპირ მტკიცებულებად ითვლება, როდესაც ამხელა თანამდებობის პირი ამბობს,რომ როდესაც ვიყავი ამ თანამდებობაზე, ჩავდიოდი ამ დანაშაულსო. თუ გინდა, რომ ქვეყანა რაღაც სამართლიანობაში მოაქციო, შეგიძლია მოინდომო და პარლამენტში შექმნა კომისია, რომ ეს ყველაფერი იქნას შესწავლილი, გამოძიებული და ამას ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს. თუმცა, სასამართლო კლანს ეს ხელისუფლება უფრთხილდება და ცხადია, ამას თავად არ გააკეთებს. წეღან რაზედაც ვსაუბრობდით, რომ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში რა შეიძლება მოხდეს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რეალურად არაფერი მოხდება. ეს რეფორმად წოდებული ცვლილებები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის და დასავლეთისთვის თვალში ნაცრის შეყრა, იქნება ფორმალური. ეს ხელისუფლება ისე ეჭიდება ძალაუფლებას, რომ ძალაუფლების არც ერთ რგოლს არ გაუშვებს ხელიდან, რომ ამას არ მოჰყვეს ძალაუფლების სრულად დაკარგვა.
– უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებაც ისაუბრა სოსო გოგაშვილმა და თქვა, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი აშანტაჟებდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, თითქოს გვენეტაძემ გაყიდა მოსამართლეთა გამოცდების ტესტების პასუხები. ან დაგიჭერთ, ან გადადექიო, ემუქრებოდნენ და გვენეტაძე გადადგაო. მე მჯერა, რომ რაღაც ამგვარი მოხდა, ისე ჩუმად წავიდა გვენეტაძე. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია გოგაშვილის ეს ნათქვამი?
– სოსო გოგაშვილს მაღალი პოსტიც ეკავა და ძალიან დიდი გავლენაც ჰქონდა. შესაბამისად, ფლობდა ბევრ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ დანარჩენზე. კი, ცდილობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მისი ამ და სხვა გახმაურებული ინფორმაციების გაბაიბურებას, მაგრამ დრო იყო, სოსო გოგაშვილს ფაქტობრივი ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილზე მეტი ჰქონდა. იმიტომ, რომ ივანიშვილი შორს იყო და ვიდრე ივანიშვილი მოვიდოდა და გაარჩევდა საქმეს, გოგაშვილი მანამდე ტყავს გაგაძრობდა ვინმეს. ძალაუფლება ჰქონდა ამ კაცს და მას სუს-ში დავალებული ჰქონდა პარტიის ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა. რაში გამოიხატებოდა და ვინ ეუბნებოდა, პარტიას ესა თუ ის ინტერესი აქვსო, არ ვიცი. მე კოალიციის წევრი ვიყავი და არ მეუბნებოდნენ. ძალოვანი სტრუქტურები რომ ერევიან პოლიტიკაში, ეს ყველამ იცის და ეს არათუ დანაშაულად მიმაჩნია, გამორიცხავს ქვეყნის განვითარებას. ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა აკეთონ თავისი საქმე. აქედან გამომდინარე, სოსო გოგაშვილი რასაც ლაპარაკობს, მიმაჩნია სიმართლის ნაწილად, როგორც აისბერგის ზედაპირად. გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ბევრად მეტ დანაშაულს სჩადიოდნენ. მასობრივი მოსმენები, თვალთვალი, გადაღებები… მერე ამ მოპოვებული ინფორმაციით პოლიტიკოსებისა და სხვათა შანტაჟი და ამ შანტაჟით გადაბირება. ეს სუს-ის ყოველდღიური საქმიანობა იყო და არის. თვითმმართველობებში არის ძალიან დიდი პროცენტი სუს-ის აგენტებისა, რომელთაც სუს-თან თანამშრომლობის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ზუსტად არ ვიცი, მოსამართლეებთან მიმართებაში რა სიტუაციაა. არც იქ გამოვრიცხავ, სუს-ს თავისი ხალხი ჰყავდეს. სოსო გოგაშვილი ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა. ის როდესაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში, არაფერი ამაში არ არის ჩვენთვის უცხო და დაუჯერებელი. მისი ეს ნათქვამი აბსოლუტურად პასუხობს მმართველობის იმ მოდელს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანას და ეს ფაქტია.
– სოსო გოგაშვილმა ვახტანგ გომელაურს დაადო ხელი, რომ ის ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას, აზერბაიჯანში გადაყვანას და ამ ოპერაციაში, სუს-ის „ზონდერებიც“ მონაწილეობდნენ. ცხადია, ესეც გაატარა ხელისუფლებამ. ამ საქმეში ახალი ის არის, რომ გოგაშვილის ამ განცხადების მერე, მუხთარლიმ თავისი ერთ-ერთი გამტაცებელი არაოფიციალურად ამოიცნო. ამ საქმეზე გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ ესენი საკუთარ თავს არ დასჯიან.
– მაგის ანალოგიად გეტყვით, რომ ნინო გვენეტაძის პერიოდში, მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების საქმეზე 7 წლის წინ აღიძრა საქმე და დღემდე მიდის გამოძიება. არც საქმეს ხურავენ და არა არაფერი შედეგი არ არის. გოგაშვილის გახმაურებულ, სავარაუდო დანაშაულის საქმეებზე გამოძიებასაც არ იწყებენ. მათთვის ეს პრობლემაა ზოგადად, უნდათ, რომ ამ თემებში ბოლომდე თანმიმდევრულები იყვნენ და სამართლებრივ სტანდარტს არ დაემორჩილონ. უკვე შინაგანი განცდა აქვთ, რომ სამართლებრივ სტანდარტზე მაღლა დგანან. კანონზე მაღლა დგანან, ხელისუფლებას სრულად აკონტროლებენ და არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
კომენტარები